1. შეფასების პროცედურა ვრცელდება კონვენციის მონაწილეებზე და იგი იყოფა რაუნდებად, რომელთა ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს GRETA. თითოეული რაუნდის დასაწყისში GRETA განსაზღვრავს იმ სპეციალურ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც განხორციელდება შეფასების პროცედურა.
2. GRETA განსაზღვრავს ასეთი შეფასების განხორციელებისათვის ყველაზე მართებულ მეთოდს. შეფასების თითოეული რაუნდისათვის GRETA-ს შეუძლია შეადგინოს კითხვარი, რომლის საფუძველზეც მოხდება მონაწილეთა მიერ წინამდებარე კონვენციის განხორციელების შეფასება. ასეთი კითხვარი მიეწოდება ყველა მონაწილეს,. მონაწილეები შეავსებენ კითხვარს, ამავე დროს ისინი შეასრულებენ GRETA-ს ნებისმიერ მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.
3. GRETA-ს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისაგან.
4. სახელმწიფოს ეროვნულ ორგანოებთან და მათ მიერ დანიშნულ „საკონტაქტო პირთან“ თანამშრომლობითა და აუცილებლობის შემთხვევაში, დამოუკიდებელი ეროვნული ექსპერტების დახმარებით, GRETA-ს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს ქვეყნებში ვიზიტების ჩატარებას. ამ ვიზიტების განმავლობაში, GRETA-ს შეიძლება დახმარება გაუწიონ კონკრეტულ სფეროებში დასაქმებულმა ექსპერტებმა.
5. GRETA მოამზადებს ანგარიშის პროექტს, რომელიც შეიცავს იმ დებულებათა განხორციელების ანალიზს, რომელთა მიხედვითაც შედგენილია შეფასება და ასევე წინადადებებსა და მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაჭრას მონაწილემ მის წინაშე მდგარი პრობლემები. ანგარიშის პროექტი კომენტარისათვის გადაეცემა იმ მონაწილეს, რომელიც გადის შეფასებას. თავისი ანგარიშის შედგენისას GRETA გაითვალისწინებს ამ კომენტარებს.
6. აღნიშნულის გათვალისწინებით, GRETA შეიმუშავებს თავის ანგარიშს და დასკვნებს შესაბამისი მონაწილის მიერ წინამდებარე კონვენციის დებულებათა განხორციელების მიზნით გატარებული ზომების შესახებ. ეს ანგარიში და დასკვნები გადაეგზავნება შესაბამის მონაწილეს და მონაწილეთა კომიტეტს. GRETA-ს ანგარიში და დასკვნები საჯარო გახდება მათი დამტკიცებისთანავე, შესაბამისი მონაწილის საბოლოო კომენტარებთან ერთად.
7. ამ მუხლის 1-ლ-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შეუზღუდავად, GRETA-ს მიერ წარმოდგენილი ანგარიშისა და დასკვნების საფუძველზე, მონაწილეთა კომიტეტს შეუძლია ამ მონაწილისათვის მიიღოს რეკომენდაციები, რომლებიც (a) შეეხება GRETA-ს დასკვნების განხორციელებისათვის საჭირო ზომების მიღებას და აუცილებლობის შემთხვევაში, ამ დასკვნების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების თარიღის დადგენას და (b) მიზნად ისახავს ამ მონაწილესთან თანამშრომლობის ხელშეწყობას წინამდებარე კონვენციის სათანადოდ განხორციელების მიზნით.