1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
3. აუქციონში გამარჯვებული პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობების გარეშე, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, პარგასამტეხლოს.
6. ოქმის მოქმედების პერიოდში ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით, თუ ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.
8. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმას ამტკიცებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო