ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება №10

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480010000.03.030.000738
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, -, 27/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის

შეთანხმების შესწორება №10

I.   ზოგადი ნაწილი

ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და, მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა (შემდგომში ინდივიდუალურად მოიხსენიებიან როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად – „მხარეები“) შეთანხმდნენ შესწორებათა შეტანის აუცილებლობაზე 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების წერილში. ეს შეთანხმება გულისხმობს:

აშშ-ისა და საქართველოს მთავრობების მიერ წინამდებარე შეთანხმების მხარდასაჭერად განსახორციელებელი ქმედებები და უზრუნველსაყოფი რესურსები ჩამოთვლილია ქვემოთ და წარმოადგენს მხარეების მიერ აღებულ მტკიცე ვალდებულებას. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები განსაზღვრულია ცალკე ფინანსურ თავფურცელში და სულ 20,000,000 აშშ დოლარს შეადგენს. აშშ-ის მთავრობის მიერ ქვემოთ აღწერილი პროექტების დაფინანსების გაგრძელება დამოკიდებულია კონგრესის მიერ თანხების გამოყოფასა და ასიგნებაზე, პროექტის მიზნების განსახორციელებლად მიმართული საქმიანობის დამაკმაყოფილებელ შედეგებზე, და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაზე.

დამატებითი სახსრების გამოყოფა გათვალისწინებულია შემდეგი პროექტებისათვის: პოლიციის საპატრულო ავტომანქანები, სისხლის სამართლის მონაცემთა ეროვნული ბაზა, „TETRA”-ს განვრცობა, პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიების პაკეტი, პოლიციის რაციათა პაკეტი, პოლიციის ტაქტიკური აღჭურვილობა, მონაცემთა ავარიული აღდგენის პროექტი და პოლიციის მომზადება და განვითარება. სრული პროექტის აღწერილობა და მიზნები მოყვანილია წინამდებარე დოკუმენტის მეორე ნაწილში.

მხარეებს უფლება აქვთ განავრცონ, ცვლილება შეიტანონ ან შეწყვიტონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე განხორციელებადი პროექტები, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან წერილობით. ასეთი პროექტი დაექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების პირობებს.

წინამდებარე დოკუმენტის II ნაწილში წარმოდგენილი პროექტის აღწერილობები და ყველა სხვა ვალდებულება და პირობა, რომელიც გათვალისწინებულია 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების წერილით. კვლავ სრულად მოქმედებს და ძალაში რჩება.

II. პროექტის აღწერილობები, პროექტის მიზნები და მიღწეული შედეგების შემოწმება

(1)  პოლიციის საპატრულო ავტომანქანების პროექტი – $3,519,000

არსებული პოსტკონფლიქტური გარემო საჭიროებს პოლიციის აქტიურ ქმედებას მიუვალ, მაღალმთიან ადგილებში სეპარატისტული მილიციისა და ორგანიზებული სისხლის სამართლის დანაშაულებათა აღსაკვეთად. ამ პროექტის ფარგლებში მოწოდებულ იქნება ყველგანმავალი სამგზავრო ავტომანქანები (დაახლოებით 75) და „პიკაპის“ ტიპის სატვირთო ავტომანქანები სამგზავრო კაბინებით (დაახლოებით 25). კონფლიქტის ზონების მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე პატრულირების მიზნით ავტომანქანები გარედან შეიღებება ქართული პოლიციის ლურჯი და თეთრი ფერის გრაფიკული გამოსახულებებით. ავტომანქანები უფრო თვალსაჩინოს გახდის პოლიციის ამ ტერიტორიებზე ყოფნას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და წარმატებული დაბრუნება, ასევე სავაჭრო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის აღდგენა.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* ყველგანმავალი 100 სამგზავრო ავტომანქანისა და სამგზავრო კაბინებით აღჭურვილი „პიკაპის“ ტიპის სატვირთო ავტომანქანების მოწოდება, რომელზეც დატანილი იქნება პოლიციის ლურჯი და თეთრი ფერის გრაფიკული გამოსახულებები.

 საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* წერილობითი საინვენტარიზაციო სისტემის შემუშავებას, რათა აღირიცხოს თითოეული ავტომანქანის განაწილების ადგილი.

* მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად ავტომანქანების რეგულარული ტექნიკური მომსახურება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი გრძელვადიანი ფუნქციონირება.

* აშშ-ის მთავრობის პერსონალის (ყოველწლიური) დაშვებას ავტომანქანების მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურად შემოწმებისა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

* წერილობითი შეტყობინების გაგზავნას აშშ-ის მთავრობისათვის ავტომანქანის მოპარვის ან სერიოზული დაზიანების შემთხვევაში, რის შედეგადაც სახეზეა ავტომანქანის სრული დანაკლისი.

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* სეპარატისტული რეგიონების ახლომდებარე ტერიტორიებსა და ყოფილ კონფლიქტურ ტერიტორიებზე პატრულირებადი ზონის გაზრდა.

* ახალი ავტომანქანები უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების პერიოდის მნიშვნელოვან შემცირებას.

* სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევების შემცირების დოკუმენტირება.

(2)  სისხლის სამართლის მონაცემთა ეროვნული ბაზის პროექტი --$2,697,500

ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაიხვეწება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის მონაცემთა ეროვნული ბაზა და საქართველოში არსებულ სხვა სამინისტროებსა და და სასამართლოებს მასზე წვდომის შესაძლებლობა მიეცემათ. ბაზაში არსებული ინფორმაცია მოიცავს ავტომანქანების რეგისტრაციის, ადმინისტრაციული დარღვევებისა და ნასამართლობის შესახებ მონაცემებს. სისტემის წვდომისა და ქმედუნარიანობის გასაუმჯობესებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად დადგინდა, რომ სისტემა საჭიროებს სამ დამატებით კომპონენტს:

1. დამატებითი კომპიუტერები და პროგრამული უზრუნველყოფა: დაახლოებით 170 ბორტკომპიუტერი იმ მანქანებისათვის, რომლებიც ამჟამად ჰყავს პოლიციას; დაახლოებით 200 ფიქსირებული კომპიუტერული ტერმინალი რეგიონებისათვის და უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მონაცემთა ბაზისა და ნასამართლობის მონაცემთა ბაზისათვის პროგრამული ლიცენზიები.

2. მონაცემთა ცენტრის ტექნიკური შესაძლებლობების განახლება: მონაცემთა ცენტრში არსებული პროგრამული ლიცენზირებისა და მთავარი სარეზერვო ინფრასტრუქტურის განახლება მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობის დაკმაყოფილების მიზნით. ამდენად, განახლებული მთავარი სერვერები და საპატრულო პოლიციის მონაცემთა ცენტრი მზად იქნება დააკმაყოფილოს ახალი და არსებული მომხმარებლების კომპიუტერული და სარეზერვო საჭიროებები.

3. ტრენინგი და მხარდაჭერა: ახალი კომპიუტერების დამატებისა და მომხმარებლების რაოდენობის გაზრდასთან ერთად საჭირო იქნება დაახლოებით 800 პოლიციელის გადამზადება და მხარდაჭერა. ტექნიკური აღჭურვილობა, პროგრამული უზრუნველყოფა და სისტემები მოწოდებულ იქნება 24/7 მუდმივი საექსპლუატაციო გრაფიკის მიხედვით.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური მხარდაჭერისა და მომსახურების მიწოდებას მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებისათვის, როგორც ეს მოცემულია პროექტის ზემოთ მოცემულ აღწერილობაში.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას აღნიშნული სისტემების სათანადო ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

* აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ შენობაში სამუშაო ფართის გამოყოფას ზემოაღწერილი პროექტის განსახორციელებლად.

* პოლიციისა და სამინისტროს სხვა თანამშრომლებისათვის, რომლებიც სისტემის საბოლოო მომხმარებლები იქნებიან, ტრენინგზე დასწრების ნებართვის მიცემას, რათა მათ შეისწავლონ სისტემის სათანადო გამოყენება.

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* მონაცემთა ბაზაზე გაზრდილი წვდომა პოლიციის დანაყოფებისათვის მთელს ქვეყანაში.

* პოლიციის დაახლოებით 170 მანქანა აღიჭურვება ბორტკომპიუტერებით.

* მონაცემთა ცენტრის განახლებული ტექნიკური შესაძლებლობები ახალი მომხმარებლის მომსახურების მიზნით.

* სისტემის გამოყენებაში მომზადებული დაახლოებით 800 პოლიციელი.

(3)  “TETRA”-ს განვრცობის პროექტი – - $6,500,000

ამ პროექტის შედეგად არსებული პროექტი „INL TETRA“ განვრცობილ იქნება და დააკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და ამგვარად შეიქმნება საგანგებო სიტუაციებში კომუნიკაციის ერთიანი ეროვნული ქსელი. მოეწყობა ექვსიდან რვამდე ახალი საბაზო სადგური იმ ადგილებში, რომელიც განისაზღვრება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად. ყველა საბაზო სადგურის დაკავშირება (წარსულში დაინსტალირებული ხუთი საბაზო სადგურის ჩათვლით), შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ტრენინგები უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებში ფუნქციონირებადი კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამართალდამცავთა შესაძლებლობას, განსაკუთრებით კრიზისული სიტუაციების დროს.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* ექვსიდან რვამდე „TETRA“-ს საბაზო სადგურის მოწოდებას.

* ტექნიკისა და აღჭურვილობის მოწოდებას (მათ შორის, ხელის რაციები), და ტრენინგის ჩატარებას.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* იმ პიროვნების დასახელებას, რომელიც შეასრულებს პროექტის განხორციელებისას საკონტაქტო პირის მოვალეობას.

* კვალიფიციური პირების წარგზავნას ტრენინგზე დასასწრებად და შემდგომში მათ ისეთი უფლებამოსილების მინიჭებას, სადაც ეფექტურად იქნება გამოყენებული მათი თეორიული ცოდნა ამ სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფისათვის.

* საჭირო საბაზო სადგურების ადგილმდებარეობის განსაზღვრას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას მათი დაინსტალირების ხელშეწყობის მიზნით.

* სადაც ეს შესაძლებელია, საკომუნიკაციო კავშირის დამყარებას ახალ და არსებულ საბაზო სადგურებს შორის.

* სისტემის გრძელვადიანი ფუნქციონირების მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას.

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* ექვსიდან რვამდე ახალი საბაზო სადგურის დაინსტალირება „TETRA“-ს ქსელის გეოგრაფიული დაფარვის არეალის გასაფართოებლად და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დასაკავშირებლად.

* ექვსიდან რვამდე ახალი საბაზო სადგური დაუკავშირდება თბილისსა და გორის ტერიტორიაზე არსებულ ხუთ საბაზო სადგურს.

(4)  პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიების პაკეტის პროექტი – - $1,620,000

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს მიყენებული ზიანის, ძარცვისა და ქურდობის გამო პოლიცია დაუყოვნებლივ საჭიროებს საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობას. ამასთან, ყოფილ კონფლიქტურ ტერიტორიებზე უფრო მეტი პოლიციელის ყოფნა და ფუნქციონალური მოთხოვნები განაპირობებს საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობის საჭიროებას არა მხოლოდ იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა დაზიანებული ტექნიკის მარტივი ჩანაცვლებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება პერსონალური ავტომატიზებული სამუშაო ადგილების როგორც სამაგიდე, ისე პორტატული კომპიუტერების მოწოდება.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* დაახლოებით 1,000 სამაგიდე პერსონალური კომპიუტერის, რომელიც აღჭურვილი იქნება ენერგიის მიწოდების ბლოკებით, და 100 პორტატული კომპიუტერის, ასევე 600 პრინტერის მოწოდებას.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* წერილობითი საინვენტარიზაციო სისტემის შემუშავებას, რათა აღირიცხოს პერსონალური კომპიუტერებისა და პრინტერების განაწილების ადგილი.

 სათანადო ტექნიკური მომსახურების გაწევას ტექნიკის გრძელვადიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.

* აშშ-ის მთავრობის პერსონალის (ყოველწლიური) დაშვებას მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურად შემოწმებისა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* პერსონალური კომპიუტერების მოწოდება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად მოპარული და/ან დაზიანებული ტექნიკური აღჭურვილობის შესაცვლელად და პოლიციისათვის საკმარისი საინფორმაციო ტექნოლოგიური შესაძლებლობების მიცემა, რათა მათ განახორციელონ თავიანთი სამართალდამცავი მოვალეობები.

(5)  პოლიციის რაციათა პაკეტის პროექტი – - $936,200

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს მიყენებული ზიანის, ძარცვისა და ქურდობის გამო პოლიციამ დაკარგა ასობით რაცია. პოსტკონფლიქტურ გარემოში პოლიციასა და სხვა პირველადი რეაგირების ძალებს შორის კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია. სამოქმედო გარემოს მთაგორიანი რელიეფი და დასახლებულ პუნქტებს შორის მანძილი მოითხოვს კომუნიკაციის გაზრდილ შესაძლებლობას. ამ პროექტის ფარგლებში მოწოდებული იქნება როგორც შორი, ასევე საშუალო მანძილის დაფარვის რაციები უფრო მცირე მანძილზე ყოველდღიური ოპერირებისათვის.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* დაახლოებით 600 ხელის რაციის მოწოდებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოში იმ საოპერაციო გარემოს სრულად მოცვა, სადაც პოლიციას უწევს მუშაობა.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* რაციების ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, მათ შორის სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარებისათვის.

* წერილობითი საინვენტარიზაციო სისტემის შემუშავებას, რათა აღირიცხოს ხელის რაციების განაწილების ადგილი.

* აშშ-ის მთავრობის პერსონალის (ყოველწლიური) დაშვებას მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურად შემოწმებისა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* ხელის რაციების შეცვლა, რომლებიც მოიპარეს და/ან დაზიანდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს.

* პოლიციის კომუნიკაციის გაზრდილი შესაძლებლობა, განსაკუთრებით სეპარატისტულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე რაიონებში.

* პოლიციის რეაგირების პერიოდის გაუმჯობესება.

(6) პოლიციის ტაქტიკური აღჭურვილობის პროექტი – - $240,290

პოლიცია არასათანადოდ იყო მომაგრებული ტაქტიკური აღჭურვილობით, რაც ამცირებდა პოლიციელის უსაფრთხოების ხარისხს. ამ პროექტის შედეგად ტაქტიკურ ოპერაციებში მონაწილე თითოეული პოლიციელისათვის მოწოდებული იქნება ძირითადი აღჭურვილობა, რომელთაგან ზოგი მათგანი ექვემდებარება გახარჯვას.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* პოლიციის ძირითადი ტაქტიკური აღჭურვილობის, მათ შორის ჯავშან-ჟილეტებისა და ჩაფხუტების მოწოდებას დაახლოებით 50 პოლიციელის სათანადოდ აღჭურვის მიზნით.

* ტაქტიკური ტრენინგის ჩატარებას მოწოდებული ტაქტიკური აღჭურვილობის ეფექტურად და სათანადოდ გამოყენების მიზნით.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* წერილობითი საინვენტარიზაციო სისტემის შემუშავებას, რათა აღირიცხოს ტაქტიკური აღჭურვილობის განაწილების ადგილი.

* აშშ-ის მთავრობის პერსონალის (ყოველწლიური) დაშვებას მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალურად შემოწმებისა და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

* ტაქტიკურ ოპერაციებში მონაწილე პოლიციის პერსონალისათვის ნებართვის მიცემას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ აშშ-ის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ტაქტიკური აღჭურვილობის შესაბამისი და ეფექტური გამოყენების ტრენინგში.

* ტრენინგის ჩასატარებლად შესაბამისი ფართის გამოყოფას.

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* ტაქტიკური აღჭურვილობის მოწოდება დაახლოებით 50-მდე პირის აღჭურვის მიზნით.

* ტაქტიკურ ოპერაციებში მონაწილე პოლიციის პერსონალის სათანადო და უსაფრთხო აღჭურვა.

(7) მონაცემთა ავარიული აღდგენის პროექტი – $3,000,000

აღნიშნული პროექტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა მონაწილე სამინისტროებისათვის, მაგალითად ფინანსთა სამინისტროსათვის, კრიზისის პირობებში ფუნქციონირების საშუალების მიცემა, იმ შემთხვევაში, თუ მათი მთავარი სერვერები გამოვა მწყობრიდან ან გახდება არახელმისაწვდომი კონფლიქტური ვითარების ან ბუნებრივი კატაკლიზმების გამო. კონფლიქტის პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კატასტროფული იქნება მისი მთავარი სერვერის მწყობრიდან გამოსვლა და ავტომატური ფუნქციონალურობის დაკარგვა. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს, კრიზისის დროს კრიტიკული ფინანსური ფუნქციების შეუფერხებელ ოპერირებას, და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს სტაბილურობისა და ხალხის უსაფრთხოებისათვის. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრო გეგმავს სერვერის გამოყენებას ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესანახად, რაც კრიტიკულია ქვეყნის ფინანსური სისტემისათვის.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* მონაცემთა აღდგენის სისტემის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საჭიროებების ანალიზს, პროექტების შემუშავებას, კომპიუტერული აპარატურისა და პროგრამების შეძენასა და მონტაჟს, მხარდაჭერასა და ტექმომსახურებას.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხო ადგილის გამოყოფა სისტემის დასამონტაჟებლად, სადაც იქნება ოთახი რამდენიმე კომპიუტერის განსათავსებლად;

* ალტერნატიული სამუშაო ადგილის გამოყოფის გათვალისწინება ძირითადი კადრებისათვის, რომლებმაც შეიძლება ვერ შეაღწიონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობაში კრიზისის დროს, თუმცა ექნებათ დისტანციიდან მოქმედების შესაძლებლობა, მოცემული სისტემის ფუნქციებიდან გამომდინარე.

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* სრულად ფუნქციონირებადი მონცემთა აღდგენის სისტმის დანერგვა;

* მონაცემთა აღდგენის სისტემის სათანადოდ გამოყენება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ.

(8) პოლიციის მომზადებისა და განვითარების პროექტი --$1,487,010

სამართალდამცველთა ტრენინგის გაძლიერებას უმთავრესი მნიშვნელობა ექნება კონფლიქტის ზონების მახლობლად ადრე დაკავებულ ტერიტორიებზე სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში ტრენინგს გაივლიან პოლიციის ახალი თანამშრომლები. ტრენინგებზე ძირითადად ყურადღება დაეთმობა დემოკრატიულ პოლიციურ უნარ-ჩვევბს, უფრო ინტენსიურ და აქტიურ პატრულირებას, მოქალაქეებთან ეფექტურ კომუნიკაციას, და ტაქტიკურ და საგამოძიებო უნარ-ჩვევებს სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთისა და შეწყვეტის მიზნით.

ამასთან, რადგან პოლიციის ეროვნული აკადემია ისწრაფვის სასწავლო პროგრამების გაფართოებისაკენ, საჭიროა ხელახლა შეფასდეს და რეალიზებულ იქნეს ოფიცერთა საბაზისო და სამუშაო ადგილზე ტრენინგის საჭიროებები პოსტკონფლიქტურ კონტექსტში. „სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს“ ახალი უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში, რომელსაც გააჩნია პოსტკონფლიქტურ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები და გამოცდილება, ხელს შეუწყობს ამ ღონისძიებების განხორციელებას.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* პოსტკონფლიქტური და სხვა სახის ტრენინგის ჩატარებას, რომელიც საჭირო იქნება ახალი და ამჟამად მომუშავე პოლიციელებისათვის.

* „სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს“ პოლიციის საკითხებში ახალი უფროსი მრჩევლის დანიშვნა, რომლის დახმარებითაც შემუშავდება და რეალიზებული იქნება პოსტკონფლიქტური, საბაზისო და სამუშაო ადგილზე ტრენინგები.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* პროფესიონალი მასწავლებლებისა და სამართალდამცავი მუშაკების დასახელებას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ პროგრამაში.

* შესაბამისი ფართის გამოყოფას ტრენინგისათვის.

* შეძლებისდაგვარად იმ პერსონალის შენარჩუნებას, რომელთაც გაიარეს აშშ-ის მთავრობის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, რათა თანამდებობაზე დარჩნენ 18 თვის განმავლობაში და გამოიყენონ ახლად შეძენილი უნარ-ჩვევები.

* მაქსიმალურად , რამდენადაც ეს შესაძლებელია, ახალი ტრენინგის პროგრამის და ხერხების გათვალისწინებას ტრენინგის არსებულ სისტემაში.

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* ტრენინგის ჩატარება შემდეგ სფეროებში, რაც შესაძლოა განვრცობილ იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად; პოლიციის ტაქტიკური უნარ-ჩვევები; სისხლის სამართლის გამოძიებები; პოსტკონფლიქტურ გარემოში პოლიციის მოქმედება; პოსტკონფლიქტურ გარემოში მომუშავე პოლიციელებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგის ჩატარება; და პოლიციისა და საზოგადოების პარტნიორობის ჩამოყალიბება ეფექტური კომუნიკაციისა და კონტაქტების მეშვეობით.

III.     მონიტორინგი საბოლოო გამოყენებაზე

აშშ-ის საერთაშორისო დახმარების 1961 წლის შესწორებული აქტის 484-ე ნაწილის მიხედვით „სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს“ მოეთხოვება ყველა გონივრული ღონისძიების გატარება, რათა უზრუნველყოს უცხო ქვეყნებისათვის მიწოდებული ტექნიკის მიზნობრივად გამოყენება.

წინამდებარე ხელშეკრულებაში აღნიშნული ყველა ტექნიკა მოწოდებული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული შეთანხმების პირობების მიხედვით. წინამდებარე ხელშეკრულების მე-9 და მე-11 მუხლების მიხედვით ბენეფიციარისთვის გადაცემული ტექნიკური აღჭრვილობა ექვემდებარება შემოწმებას და მონიტორინგს პროექტის აღწერილობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემოწმების მიზნით. „სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს“ მიერ დაფინანსებული რესურსების მონიტორინგის ძირითად მეთოდს დაგეგმილი და დაუგეგმავი ვიზიტები უნდა წარმოადგენდეს, რომელიც განხორციელდება ადგილზე, ფიზიკური დათვალიერების სახით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ადგილზე დათვალიერების განხორციელება, გამოყენებული უნდა იქნეს სხვა მეთოდები, როგორიცაა საქართველოს მთავრობის არაელექტრონული ან ელექტრონული ჩანაწერების შედარება „სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს“ ჩანაწერებთან და დისკუსიების გამართვა საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

IV.     შეფასების გეგმა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ოფიციალურად შეიკრიბებიან სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რათა განიხილონ პროექტების მიზნებისა და ამოცანების შესრულების მდგომარეობა. მიღწეული პროგრესის შეფასება განხორციელდება საქმიანობის შედეგების ზემოაღწერილი მაჩვენებლების მიხედვით. აღნიშნული შეფასებისას განიხილება როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. ერთობლივად მომზადდება ანგარიში, რომელშიც შეჯამებული იქნება განხორციელებული შეფასების შედეგები. ამგვარი შეფასებები ორივე მთავრობის შესაბამისი პერსონალის მიერ პროგრამებსა და საქმიანობებზე განხორციელებული მუდმივი მონიტორინგის დამატებით მექანიზმს წარმოადგენს.

V. მთავრობის მიერ დამტკიცება

შესრულებულია ქ.თბილისში, საქართველოში 2009 წლის 19 ივნისს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების

მთავრობის სახელით:

ჯონ ტეფტი

ელჩი

საქართველოს მთავრობის სახელით:

ეკატერინე ზღულაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

 

 

შეთანხმების წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის

შეთანხმების წერილი 1 შეთანხების შესწორება x შეთანხმების შესწორების ფინანსური თავფურცელი  10 

შეთანხმების წერილის ნომერი: 01-01 შეთანხმების წერილის ხელმოწერის თარიღი: 18 ივნისი, 2001

ცვლილების ნომერი: 10

 

ზემოთ ხსენებული მხარეები ერთობლივად თანხმდებიან, რათა განახორციელონ პროექტი ქვემოთ აღნიშნული პირობების შესაბამისად და შეთანხმებაში აღნიშნული პირობების თანახმად.

x პროექტის აღწერილობა  1 სტანდარტული დებულებები             1დანართი A  1 დანართი B

 

არსებული შეთანხმება ან შეთანხმების შესწორება შესაძლოა შეცვლილ იქნას მომავალში ორივე მთავრობის თანხმობის შესაბამისად: ამჟამად არ არსებობს.

 

არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება: $20,000,000

არსებული შეთნხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება INL-ის მიერ: $___0

მიმდინარე ფისკალური წელს აშშ-ის საელჩოს მიერ გაწეული დაფინანსების მთლიანი ოდენობა: 0

მიმდინარე ფისკალურ წელს INL-ის მიერ გაწეული დაფინანსების მთლიანი ოდენობა: $ 0

მიმდინარე ფისკალურ წელს პროგრამისთვის გაწეული დაფინანსების მთლიანი ოდენობა: $20,000,000

 

თანხის ასიგნება/გამოყოფა:      $20,000,000                                  1911X1022.000L 0242

ქვეპროექტებზე დაფინანსების განაწილების ბოლო ვადაა:   30 სექტემბერი, 2010

დაფინანსების არსებობის დასტური:

(ხელმოწერილია)

 აშშ საელჩოს ფინანსური ოფიცერი

თარიღი 6-18-09

 

საქართველოს  მთავრობის სახელით

ეკატერინე ზღულაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის

პირველი მოადგილე

თარიღი: ________________

ამერიკის შეერთებული შტატების

მთავრობის სახელით

ჯონ ტეფტი

ელჩი

თარიღი: 6-18-09

 

დაფინანსების განაწილება პროექტების მიხედვით

პროექტების დაფინანსების განაწილება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების მე-10 შესწორების შესაბამისად

პროექტის ნომერი

პროექტის დასახელება

მთლიანი თანხის ოდენობა

IN13GG20

პოლიციის საპატრულო ავტომანქანების პროექტი

$3,519,000

IN13GG21

სისხლის სამართლის მონაცემთა ეროვნული ბაზის პროექტი

$2,697,500

IN13GG22

„TETRA“- განვრცობის პროექტი

$6,500,000

IN13GG23

პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიების პაკეტის პროექტი

$1,620,000

IN13GG24

პოლიციის რაციათა პაკეტის პროექტი

$936,200

IN13GG25

პოლიციის ტაქტიკური აღჭურვილობის პროექტი

$240,290

IN13GG26

მონაცემთა ავარიული აღდგენის პროექტი

$3,000,000

IN13GG27

პოლიციის მომზადებისა და განვითარების პროექტი

$1,487,010

 

 

 

 

 

 

ჯამი

ყველა პროექტის ჯამური თანხა

$20,000,000