ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება №11

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480010000.03.030.000737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გაურკვეველი, -, 27/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის

შეთანხმების შესწორება №11

 

I.   ზოგადი ნაწილი

 

ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და, მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა (შემდგომში ინდივიდუალურად მოიხსენიებიან როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად – „მხარეები“) შეთანხმდნენ შესწორებათა შეტანის აუცილებლობაზე 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების წერილში. ეს შეთანხმება გულისხმობს:

აშშ-ის და საქართველოს მთავრობების მიერ წინამდებარე შეთანხმების მხარდასაჭერად განსახორციელებელი ქმედებები და უზრუნველსაყოფი რესურსები ჩამოთვლილია ქვემოთ და წარმოადგენს მხარეების მიერ აღებულ მტკიცე ვალდებულებებს. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები განსაზღვრულია ცალკე ფინანსურ თავფურცელში და ჯამში შეადგენს 3.148.358 აშშ დოლარს. აშშ-ის მთავრობის მიერ ქვემოთ აღწერილი პროექტების დაფინანსება დამოკიდებულია შესაბამისი თანხების გამოყოფასა და ასიგნებაზე, პროექტის მიზნების განსახორციელებლად მიმართული საქმიანობის დამაკმაყოფილებელ შედეგებზე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაზე.

აღნიშნული დამატებითი დაფინანსება განკუთვნილია შემდეგი პროექტებისათვის: მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განვითარების პროექტი, პოლიციის აკადემიის განვითარების პროექტი, პროექტ „ჰარმონია – სამართლებრივი განათლების პროგრამა საქართველო“, პოლიციელთა პროფესიული განვითარების პროექტი, ანტინარკოტიკული პროგრამა: ნარკოდანაშაულის აღკვეთის პროექტი, ანტინარკოტიკული პროგრამა: მოხმარების შემცირება და მკურნალობა, კომპიუტერული დანაშაულის გამოძიება, ფულის გათეთრების/ფინანსური დანაშაულებებისა და ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა. პროექტების სრული აღწერა და მიზნები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის მე-2 ნაწილში.

მხარეებს უფლება აქვთ გაზარდონ, ცვლილება შეიტანონ ან შეწყვიტონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე განხორციელებადი პროექტები, რაზეც მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება. ასეთი პროექტი დაექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების პირობებს.

წინამდებარე დოკუმენტის მე-2 ნაწილში წარმოდგენილი პროექტის აღწერილობების გარდა ყველა სხვა ვალდებულება და პირობა, რომელიც გათვალისწინებულია 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმებით, კვლავ სრულად მოქმედებს და ძალაში რჩება.

 

II. პროექტის აღწერილობა, მიზნები და შედეგების შემოწმება

(1) მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში –$799,472

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღების შემდეგ საჭირო იქნება საქართველოს იურიდიული და სამართალდამცავი სისტემების წარმომადგენლების მომზადება სსსკ-ის კოდექსის პრინციპებსა და პრაქტიკაში მისი გამოყენების საკითხებზე. ამისათვის აშშ იუსტიციის დეპარტმენტის საზღვარგარეთის საპროკურორო განვითარების, მხარდაჭერისა და მომზადების ოფისი (DOJ/OPDAT) ხელს შეუწყობს რიგი სასწავლო პროგრამების ჩატარებას ქართველი მოსამართლეებისათვის, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან აშშ-ის და უცხოეთის სხვა ქვეყნების მოსამართლეები; მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში გააგრძელებს ქართველ პროკურორებთან მუშაობას მათი სასამართლო უნარ-ჩვევების დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით, რათა მათ წარმატებით განახორციელონ სისხლის სამართლებრივი დევნა ახალი საპროცესო კოდექსის მოქმედების პირობებში. ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიურო (INL) და იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთის საპროკურორო განვითარების, მხარდაჭერისა და მომზადების ოფისი (DOJ/OPDAT) ასევე ერთობლივად შეიმუშავებენ მოსამზადებელ პროგრამებს პოლიციისა და გამომძიებელთათვის, რომელთა ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება სისხლის სამართლის ახალი პროცესის წესებზე – აღნიშნული ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში შეიქმნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოკლე ცნობარი. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც მოცემულია ახალ საპროცესო კოდექსში; აღნიშნული ასევე მოიცავს მოქალაქეთა პროცესში მონაწილეობის მიღების ვალდებულებას ნაფიცი მსაჯულების როლში.

საზღვარგარეთის საპროკურორო განვითარების, მხარდაჭერისა და მომზადების ოფისი (OPDAT) განაგრძობს პროკურატურის სამსახურის მიერ დანერგილი ახალი თანამედროვე მართვის სტრუქტურებისა და საკადრო პოლიტიკის მხარდაჭერას, ისევე როგორც პროკურატურის სამსახურთან არსებული ახალი გენერალური ინპექციის სამსახურის/ პროფესიონალური (სამსახურებრივი) პასუხისმგებლობის ოფისის ხელშეწყობას შიდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების მიზნით. ნაღდი ფულის კონტრაბანდის, ვაჭრობის სფეროში ფულის გათეთრების და საბანკო სექტორის მიღმა არსებული სხვა ფინანსური დანაშაულებების წინააღმდეგ საბრძოლველად პროგრამა-მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში – უხრუნველყოფს მომზადებას საფინანსო/საბუღალტრო ექსპერტიზის სფეროში და ხელს შეუწყობს ფულის გათეთრების სამართლებრივი დევნის კოორდინირებას შესბამის სახელმწიფო უწყებებს შორის. და ბოლოს, აღნიშნული პროგრამა ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს ტრანსნაციონალური დანაშაულებების, მათ შორის, ადამიანებით ვაჭრობის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, კომპიუტერული დანაშაულებების და ინტერნეტის მეშვეობით ბავშვთა ექსპლუატაციის წინაღმდეგ ბრძოლას.

მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას აშშ-ის სხვა უწყებებთან და საერთაშორისო მხარეებთან, მათ შორის: ამერიკის იურისტთა ასოციაცია/ კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA/ROLI), ნორვეგიის მრჩეველთა მისია კანონის უზენაესობის სფეროში (NORLAG), ევროპის საბჭო, გაერო და EU/TACIS, საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი და სამართალდამცავი სფეროების მხარდამჭერი პროგრამების ეფექტურობის მაქსიმალიზაციის მიზნით.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* საქართველოში სამართლებრივ საკითხებში მრჩევლისათვის დახმარების გაწევას ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერაში, უნარ-ჩვევების განსავითარებლად ტრენინგების ჩატარებაში, ასევე სხვა ტექნიკური დახმარების გაწევას აშშ-ის მთავრობასთან კოორდინირებით.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* პროკურატურის, სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის თანამშრომლებთან დაკავშირების უზრუნველყოფას;

* ტრენინგებისათვის შესაბამისი ადგილის გამოყოფას;

* სათანადო პირების შერჩევას ინსტიტუციური რეფორმებისა და უნარ-ჩვევების განმტკიცების ტრენინგ-პროგრამების შემუშავების საკითხებზე სამუშაოდ მრჩეველთან ერთად.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* მოსამართლეები, მათი თავმჯდომარეობით მიმდინარე მოსმენების დროს, სწორად ხელმძღვანელობენ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რასაც ამოწმებენ და ადასტურებენ პროგრამის – მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში – ფარგლებში დაფინანსებული დამოუკიდებელი სასამართლო დამკვირვებლები;

* საქართველოს პოლიცია მომზადებას გაივლის ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში;

* საქართველო მიიღებს კანონს ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ;

* პროკურორები გაივლიან მომზადებას კომპიუტერული დანაშაულებების, ტრეფიკინგისა და ტრანსნაციონალური დანაშაულებების სხვა ფორმების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის ეფექტურ წარმართვაში.

 

(2) ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის პროექტი --   250,000 აშშ დოლარი

 ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის (ABA/ROLI) სისხლის სამართლის პროგრამა საქართველოში მთავარ მიზნად ისახავს ქართველი იურისტებისა და სამართლებრივი დაწესებულებების შესაძლებლობებისა და მათი ეფექტურობის გაძლიერებას, რათა მათ დაიცვან სამართლიანი სასამართლოს უფლება და ხელი შეუწყონ მის ხელმისაწვდომობას. ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის პროგრამა (ABA/ROLI) განაგრძობს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ქართველი იურისტების დროულ მხარდაჭერას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში, კერძოდ, ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით. ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA/ROLI) განაგრძობს კოორდინირებულ მუშაობას მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აშშ-ის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის (ABA/ROLI) პარტნიორებს და მონაწილე მხარეებს შორის არიან საქართველოს იურისტთა ასოციაცია, უფასო იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს უზენაესი სასამართლო. მიზანმიმართული სასწავლო-მოსამზადებელი პროგრამების გარდა, რომლებიც ტარდება ქვეყნის დედაქალაქში და რეგიონებში, ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA/ROLI) ზემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებებს გაუწევს ორგანიზაციულ მხარდაჭერას. ABA/ROLI-ის მიზანი ასევე იქნება სამართლებრივი საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა, რათა მოხდეს მიმდინარე რეფორმების ორგანიზაციული გატარება.

 

აშშ მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* გამოცდილი ადვოკატის დაფინანსებას, რომელიც ამერიკის იურისტთა ასოციაციის თბილისის ოფისში იმუშავებს და დროულ და უშუალო ტექნიურ დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობას და საქართველოში ფართო სამართლებრივ წრეებს სისხლის სამართალწარმოების განვითარების საკითხებში.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* ამ პროექტით გათვალისწინებული სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩასატარებლად შესაბამისი ფართის უზრუნველყოფას;

* ამერიკის იურისტთა ასოციაციის ადვოკატთან თანამშრომლობას სასწავლო პროგრამებისათვის შესაბამისი მონაწილეების შერჩევის მიზნით;

*ამერიკის იურისტთა ასოციაციის ადვოკატისათვის შესაბამის სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაშვების უზრუნველყოფას.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* კერძო და უფასო იურიდიული სამსახურის ადვოკატები გაეცნობიან ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს;

*კერძო და უფასო იურიდიული სამსახურის ადვოკატები უხრუნველყოფენ ეფექტურ იურიდიულ მომსახურებას ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირობებში, რასაც დაამოწმებენ დამოუკიდებელი სასამართლო დამკვირვებლები.

 

(3) სასამართლო ექსპერტიზის განვითარების პროექტი – 300,000 აშშ დოლარი

ამ პროექტის მიზანს წარმოდგენს საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის შესაძლებლობათა განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება. ამის მისაღწევად აშშ-ის მთავრობა:

* განაგრძობს ლაბორატორიების გაუმჯობესების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას, ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, ლაბორატორიის დაგეგმარებაზე, დიზაინსა და სამშენებლო პრინციპებზე დაყრდნობით.

*განაგრძობს ლაბორატორიის აკრედიტაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ადმინისტრაციული და მართვის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას.

* ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს სასამართლო ექსპერტიზის საერთაშორისო მეთოდების დანერგვას.

* განაგრძობს სასამართლო ექსპერტიზის საკითხებში მრჩევლის უზრუნველყოფას, რომელიც საქართველოს მთავრობას დასმარებას გაუწევს ქართული სასამართლო ექსპერტიზის განვითარების პროგრამის მართვაში.

* განაგრძობს ლაბორატორიის აკრედიტაციისთვის საჭირო სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავების ტექნიკურ მხარდაჭერას.

* საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს ტექნიკურ მრჩევლებს კრიმინალისტიკის სფეროში, რომლებიც სამთავრობო ლაბორატორიების პერსონალს დახმარებას გაუწევენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ექსპერტიზის პროგრამის დანერგვაში.

*უზრუნველყოფს ქიმიური ნივთიერებების, აღჭურვილობის და სხვა მასალების მიწოდებას, რაც დაეხმარება სამთავრობო ლაბორატორიების პერსონალს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ექსპერტიზის პროგრამის დანერგვაში.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* ტექნიკური მხარდაჭერის და ტრენინგის უზრუნველყოფას;

* სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიული აღჭურვილობის უზრუნველყოფას;

* სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიებას სწავლების და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსყოფად.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* აშშ-ის მთავრობის მიერ განახლებული ობიექტების ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნებას;

* თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა იმ სამინისტროსა და უწყებას შორის, რომლებიც ახორციელებენ სასამართლო ექსპერტიზას სისხლის სამართლის სექტორის სასარგებლოდ;

* კონკრეტული ზომების მიღება იმისათვის, რომ სასამართლო ექსპერტიზის მომსახურებები ხელმისაწვდომი გახდეს სისხლის სამართლის სექტორის ყველა უწყებისათვის.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის ერთი ან რამდენიმე ნაწილის დასრულება ან ოფიციალურად დამტკიცება;

* ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ გამოყენებული შეფასების ფორმაზე დადებითი გამოძახილის 15%-ით გაზრდა;

* ლაბორატორიული აკრედიტაციის აღიარებული ორგანოს მიერ დადგენილი ადმინისტრაციული, მართვის ან ხარისხის უზრუნველყოფის აკრედიტაციის კრიტერიუმების 15%-ით გაზრდა;

* ლაბორატორიული აკრედიტაციის აღიარებული ორგანოს მიერ დადგენილი ანალიტიკური აკრედიტაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილება ან გადაჭარბება კვლევის ერთი ან მეტი სფეროსადმი მიძღვნილი მეთოდებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების მეშვეობით.

 

(4) პოლიციის აკადემიის განვითარების პროექტი –320.000 აშშ დოლარი

ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის რესურსის გნვითარება სპეციალიზებული პოლიციური უნარ-ჩვევების სწავლის, მართვის საშუალო და მაღალი რანგის კურსების, საკადრო და ხელმძღვანელობის საკითხების სფეროებში. დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

* ტაქტიკური სწავლებების განხორციელება პრაქტიკული სავარჯიშოების გაზრდილი მოცულობით, სამიზნე სიმულაციებისა და სასროლი ტირის გამოყენებით;

* აკადემიის განვითარებადი სასწავლო გეგმის განხორციელებაში ხელშეწყობა, აქცენტის გაკეთება პრაქტიკულ სასწავლო სავარჯიშოებზე;

*შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, უწყვეტი პროფესიული სწავლების უზრუნველყოფა სამართალდამცავი სექტორის პერსონალისათვის;

* ინსტრუქტორების მომზადების კონცეფციის განვითარების მიზნით, აკადემიის უზრუნველყოფა სწავლებებით და ტექნიკური მხარდაჭერით, რაც გულისხმობს ხელშეწყობას არა მხოლოდ სამართალდაცვით საკითხებში, არამედ პედაგოგიური მეთოდებისა და სემინარების ჩატარების სტრატეგიების უზრუნველყოფას.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* სასწავლო პროგრამებზე მომუშავე ჯგუფების და ინსტრუქტორების დაფინანსებას, რომლებიც მოამზადებენ სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებს, მასალებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ზემოაღნიშნულ თემატურ სფეროებში;

* საჭირო აღჭურვილობის და შესაბამისი სწავლებების უზრუნველყოფას.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* საჭირო საკლასო ოთახებისა და დასაძინებელი ადგილების (ოთახების) გამოყოფას, ასევე საკმარისი რაოდენობით სათანადო კანდიდატების დასახელებას შესაბამის სწავლებებზე დასასწრებად;

* ახლად მომზადებული ინსტრუქტორების თანამდებობაზე შენარჩუნების უზრუნველყოფას, რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში სწავლების გაუმჯობესება. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ მათ მიერ სწავლებების ჩატარების ვალდებულების ხანგრძლივობა სამ (3) წელს შეადგენდეს.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* სამართალდაცვითი სექტორის ახალ სფეროებში სასწავლო პროგრამები შეტანილია პოლიციის აკადემიის ძირითად ტაქტიკურ და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში;

* აკადემიის დამთავრების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების პერსონალი ტაქტიკურად და ტექნიკურად უკეთ კვალიფიცირებულია და მზად არის პრაქტიკაში დანერგოს სამართალდამცავი სფეროს თანამედროვე მეთოდები;

* ხდება აკადემიის პროფესიონალი მენეჯერების და პერსონალის ჩამოყალიბება;

* სამართალდაცვის საკითხებში ახალი ცოდნა და მეთოდები ინერგება პრაქტიკაში.

 

(5) პროექტი „ჰარმონია – საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა“ –198,886 აშშ დოლარი

საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტის მისიას წარმოადგენს არასრულწლოვანთათვის ინფორმაციის მიწოდება სამართლის საკითხებზე, კანონის უზენაესობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დანაშაულის აღკვეთის შესახებ მოსწავლეთა ცოდნასა და შეხედულებაზე სწორი ზეგავლენის მოხდენა საკოლო პროგრამების მეშვეობით. საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა შემუშავებული და დანერგილია საქართველოს სასკოლო სისტემაში. პირველადი საცდელი 12-თვიანი პროექტით, რომლის მიზანი იყო სამართალდამცავ ოფიცრებსა და სკოლის პერსონალს შორის პარტნიორობის ჩამოყალიბება, საფუძველი ჩაეყარა საკმაოდ ამბიციურ საქმეს, რომელიც ზეგავლენას მოახდენს არასრულწლოვანთა სამართლებრივ სისტემასა და ქვეყნის ახალგაზრდობაზე პროექტის შემდგომი წლებისა და ეტაპების განმავლობაში. სასკოლო პროგრამის მეშვეობით აღნიშნული პროექტი აამაღლებს საზოგადოების ინფორმირებულობას არასრულწლოვანთა სამართლებრივი სისტემის ირგვლივ და ხელს შეუწყობს პოზიტიური ცვლილებების დანერგვას საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დანაშაულის პრევენციისა და სამოქალაქო საზოგადოების სფეროებში. პოლიციის აკადემიაში მიმდინარე სამართალდაცვითი სწავლებების შედეგი იქნება არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის შემცირება. საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით პროექტი „ჰარმონია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* მასწავლებლებისა და პოლიციის ოფიცრების რაოდენობის გაზრდას, რომლებიც ითანამშრომლებენ საქართველოს მრავალ სკოლაში საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასკოლო პროგრამის განხორციელებაზე;

* იმ მასწავლებლებისა და პოლიციის ოფიცრების რაოდენობის გაზრდას, რომლებიც ჩაერთვებიან პროგრამაში და სწავლების პროცესში;

* პოლიციის აკადემიაში პოლიციის ოფიცრების მომზადება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიებში;

* სამართალდამცავი უწყებების ოფიცრებისათვის არასრულწლოვანთა სამართლის მოდელებისა და ახალგაზრდებს შორის დანაშაულის პრევენციის თემების გაცნობა და სწავლება პოლიციის აკადემიაში;

* საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტის „სამართლებრივი კულტურის“ სასწავლო გეგმის გადახედვა და მასშტაბის გაზრდა.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* საქართველოს პოლიციისა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების შერჩევას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პროგრამაში;

* კრიტერიუმების დადგენას და საცდელი სკოლების შესარჩევი პროცესის ჩატარებას;

* სასწავლო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

* რეგიონალურ რესურსცენტრებთან კოორდინირებაში დახმარების აღმოჩენას;

*საქართველოს პოლიციისა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების მხარდაჭერას;

* საქართველოს სამართალდამცავი და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების მონაწილეობის უზრუნველყოფას პროექტში, გაცვლით ვიზიტებს სომხეთსა და აშშ-ში.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* მოხდება „სამართლებრივი კულტურის“ გეგმის გადახედვა და გაფართოება, 5 დამატებითი გაკვეთილის შეტანა საცდელი ეტაპის შედეგებზე დაყრდნობით;

* პროგრამაში ჩაერთვება 20 ახალი სკოლა; 10 სკოლა 2 ახალ რეგიონში; 10 სკოლა – იმ რეგიონებში, სადაც მოხდა საცდელი ეტაპის გაშვება;

* 18 პოლიციის ოფიცერი და 20 მასწავლებელი გაივლის სათანადო მომზადებას იმისათვის, რომ აღნიშნული კურსი ჩაატაროს სკოლებში.

 

(6) საქართველოს პოლიციის ოფიცრების კომპეტენციის განვითარება – 130.000 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრულისა და უბნის ინსპექტორების კომპეტენციის განვითარების პროექტის I ეტაპის გაფართოება. I ეტაპის დროს პატრულისა და უბნის ინსპექციის საშუალო რგოლის მენეჯერებმა მომზადება გაიარეს მართვის (მანეჯმენტის) და კომუნიკაციის პროგრამით, რომელთა სასწავლო გეგმა შემუშავებულ იქნა ადგილობრივი სამოქმედო გარემო პირობების გათვალისწინებით. პროექტის II ეტაპი შეეხება პატრულისა და უბნის ინსპექციის საშუალო რგოლის დანარჩენ მენეჯერებს. I ეტაპის მსგავსად სწავლება მიეძღვნება მართვის ეფექტურ მეთოდებს, მოქმედებაზე კონცენტრირებულ ხელმძღვანელობას, მოლაპარაკებებს, კონფლიქტის მართვას და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, მათ შორის მედია- საშუალებებთან კომუნიკაციას. I ეტაპის მსგავსად, II ეტაპიც განავითარებს პოლიციის მენეჯერების კომპეტენციას და დაეხმარება მათ, რომ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპები და კონცეფცია პრაქტიკაში დანერგონ. პროექტის დასკვნითი სეგმენტი ხელს შეუწყობს პოლიციის თანაქმედებას და ურთიერთობას საზოგადოების შერჩეულ ჯგუფებთან, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომუნიკაციის უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებას. მთავარი მიზანია პოლიციასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება და საზოგადოებისათვის პოლიციის ხელმისაწვდომობის, ანაგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის არსებობა.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესის და იმ ინსტრუქტორების დაფინანსებას, რომლებიც იმუშავებენ არსებული სასწავლო გეგმის გადახედვა-განახლებაზე საჭიროების მიხედვით, განსაკუთრებით კი სწავლების მონაწილე სტუდენტთა შენიშვნებზე დაყრდნობით;

* აკადემიის ინსტრუქტორების მომზადებას, რის შედეგადაც სწავლების პროცესი გაგრძელდება პროექტის დასრულების შემდეგ;

* სწავლებას სამუშაო ადგილზე პოლციის საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ I ეტაპში; ეს აგრეთვე შეეხება საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის ახალ წევრებს;

* სასწავლო სემინარების, ტექნიკური ცოდნის/კვალიფიკაციის და ადმინისტრაციული კოორდინირების უზრუნველყოფას პოლიციის ოფიცრების მონაწილეობით საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

* I ეტაპში ჩამოყალიბებული ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სასწავლო პროგრამის გადახედვა და მასში სათანადო ცვლილებების შეტანა მონაწილე სტუდენტთა გამოხმაურებაზე დაყრდნობით.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* საჭირო საკლასო სივრცისა და ასევე საკმარისი რაოდენობით სათანადო კანდიდატების დასახელებას შესაბამის სწავლებაზე დასასწრებად;

* ახლად მომზადებული ინსტრუქტორების თანამდებობაზე შენარჩუნების უზრუნველყოფას, რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში სწავლების გაუმჯობესება. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ მათ მიერ სწავლებების ჩატარების ვალდებულების ხანგრძლივობა სამ (3) წელს შეადგენდეს;

* საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა, საჭიროების მიხედვით;

* განახლებული სწავლების ინტეგრირება შსს-ს პოლიციის აკადემიის მიმდინარე სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* დაახლოებით 120 საშუალო რგოლის მომზადებული მენეჯერი. 10 მომზადებული პოლიციის აკადემიის ინსტრუქტორი, სამი საზოგადოებრივი ღონისძიება მოქალაქეებისა და პოლიციის ოფიცრების მონაწილეობით;

* პოლიციის აკადემიას გადაეცემა შესაბამისად შემუშავებული და ჩამოყალიბებული სასწავლო მასალა.

 

(7) ანტინარკოტიკული პროგრამა: ნარკოტიკული დანაშაულის აღმკვეთი ღონისძიებების განვითარება –300.000 აშშ დოლარი

ამ პროექტის მიზანია ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის კომპეტენტურობის ამაღლება უკანონო ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენისა და ბრუნვიდან ამოღების საქმეში. ანტინარკოტიკული სამსახურის ოფიცრების მომზადება აღნიშნულ საკითხებში წარმოადგენს პროექტის უმთავრეს კომპონენტს. აღნიშნული ძალისსხმევის მდგრადობის და გრძელვადიანი პერსპექტივის უზრუნველსაყოფად, შესაძლებლობების ფარგლებში გამოყენებული იქნება „ინსტრუქტორთა მომზადების“ კონცეფცია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება სწავლებების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით პროექტის დასრულების შემდეგაც. ასევე მოხდება ეფექტური ანტინარკოტიკული აღჭურვილობის საჭიროების შეფასება. პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში სწავლებებისათვის უზრუნველყოფილი იქნება საჭირო აღჭურვილობა, ისევე როგორც პროექტს მიღმა ოპერატიული საქმიანობისათვის.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს;

* საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ მებრძოლი სამართალდამცავი ოფიცრებისათვის სასწავლო საჭიროებების დადგენა;

* პროფესიონალი ინსტრუქტორების/პრაქტიკოსი სპეციალისტების მოწვევა ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო პროფესიულ უნარებში სწავლების ჩასატარებლად;

* ანტინარკოტიკული სამსახურისათვის საჭირო აღჭურვილობის დადგენა და უზრუნველყოფა პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში;

* დეტალური გენერალური გეგმის შედგენა ანტინარკოტიკული სამსახურისათვის, რომელიც საქმიანობაში იყენებს კინოლოგთა ჯგუფს;

* სწავლება თემაზე – ნარკოტიკების აღმოჩენა ძაღლების დახმარებით.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* ანტინარკოტიკული სამსახურისათვის საჭირო სწავლებების და აღჭურვილობის დადგენას;

* სამართალდამცავი ორგანოებიდან, რომლებიც ჩართულნი არიან ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძლაში, შესაფერისი კანდიდატურების შერჩევას სწავლებებზე დასასწრებად;

* კანდიდატურების შერჩევას „ინსტრუქტორების მომზადების“ კურსისათვის, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი სწავლება დაინერგება და ჩატარდება ქვეყნის ყველა რეგიონში.

*საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ სწავლებაზე დასასწრებად შერჩეულმა პირებმა 2–3 წლის მანძილზე განაგრძონ მუშაობა ანტინარკოტიკულ სამსახურში;

* ანტინარკოტიკული სწავლების ჩართვა სამართალდამცავი ოფიცრებისათვის არსებულ სამსახურებრივ-სასწავლო პროგრამებში;

* სწავლებისათვის საჭირო საკლასო სივრცის გამოყოფა.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* შემუშავებულია სასწავლო გეგმა ანტინარკოტიკული სამსახურისათვის, მათ შორის, იმ ანტინარკოტიკული სამსახურებისათვის, რომლებიც საქმიანობაში იყენებენ კინოლოგთა ჯგუფს;

*ქართველ ინსტრუქტორებს გავლილი აქვთ აშშ-ის მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი სწავლება, მიიღეს მასალები და მზად არიან ანტინარკოტიკული სამსახურების ოფიცერთათვის სწავლებების ჩასატარებლად.

* საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული ოფიცრები მომზადებულნი არიან ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში;

* შექმნილია ანტინარკოტიკული სამსახურის კინოლოგიური ქვედანაყოფი.

 

(8) ანტინარკოტიკული პროგრამა : მოთხოვნის შემცირება და მკურნალობა – 150.000 აშშ დოლარი

საქართველოს მთავრობის მიერ ნარკოტიკული დამოკიდებულების მკურნალობის ეფექტურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაწეული ძალისხმევის გასაძლიერებლად წინამდებარე პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკული დამოკიდებულების მკურნალობის სფეროში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ცოდნისა და უნარების განვითარებას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას რამდენიმე ცენტრში, რომლებშიც გამოიყენება ნარკოტიკული დამოკიდებულების მეტადონით მკურნალობის მეთოდი. პროექტის პირველი კომპონენტი მოიცავს პროფესიული განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, უფრო ზუსტად კი დამოკიდებულების მკურნალობის სფეროში სწავლებებს და გამოცდილების გაზიარებას ამერიკელ და ქართველ პროფესიონალებს – ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და ნარკოლოგებს შორის. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული სამი სამკურნალო დაწესებულების სასწრაფო რეაბილიტაციას. დაბოლოს, პროექტი ითვალისწინებს რიგი სოციალური ღონისძიებების განხორციელებას ადგილობრივ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომასთან“ ერთად. ამ ღონისძიებათა მიზანი იქნება ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებასთან დაკავშირებული საფრთხეების –„С“ ჰეპატიტისა და შიდსის ვირუსის გავრცელებისა და თავიდან აცილების მეთოდებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* სასწავლო სემინარის მომზადება და ჩატარება თემაზე – ჩანაცვლებითი თერაპია, დაახლოებით 30 ფსიგოლოგისათვის, რომლებიც მუშაობენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ პაციენტებთან;

* სასწავლო სემინარის მომზადება და ჩატარება დაახლოებით 25 პრაქტიკოსი ექიმისათვის ჩანაცვლებითი თერაპიის მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებზე და პრაქტიკულ მეთოდებზე; ცოდნისა და პრაქტიკული მეთოდების გაზიარება ამერიკელ ექსპერტებთან;

* მოქმედი ნორმების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მითითებული მეტადონით მკურნალობის სამი რეგიონალური სახელმწიფო ცენტრის განახლება;

* საზოგადოებრივი შეხვედრების მოწყობა, დაახლოებით 120, ინფორმირებულობის გაზრდის და საზოგადოებისათვის ნარკოტიკების მოხმარებასთან ასოცირებული საფრთხეების შესახებ სწავლების მიზნით.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

*შესაფერისი კანდიდატურების დასახელება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო სემინარებში;

* იმ სამკურნალო ცენტრების დადგენა და უპირატესობების მინიჭება, რომლებსაც დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ რემონტი და განახლება;

* ნარკოტიკების ინტრავენური გამოყენების საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისაკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* დაახლოებით 30 ფსიქოლოგი და 25 პრაქტიკოსი ექიმი, რომლებიც მომზადებულნი იქნებიან მსოფლიოში აღიარებული ჩანაცვლებითი თერაპიის მეთოდებში;

* სამი სამკურნალო-თერაპიული ცენტრის განახლება და რემონტი;

* დაახლოებით 120 საზოგადოებრივი შეხვედრა, რომლებსაც დაესწრება 2500 ადამიანი და მიიღებს ინფორმაციას ნარკოტიკების მოხმარებასთან ასოცირებული საფრთხეების შესახებ.

 

(9) კომპიუტერული დანაშაულის გამოძიების გაუმჯობესება – 400.000 აშშ დოლარი

ეს პროექტი მიზნად ისახავს კომპიუტერული დანაშაულის საგამომძიებო კომპეტენციის განვითარებას ან „კომპიუტერულ დანაშაულთან მებრძოლი ჯგუფის“ ჩამოყალიბებას. შერჩეული გამომძიებლები გაივლიან აშშ-ის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ უზრუნველყოფილ მომზადებას კომპიუტერული დანაშაულის გამოძიების მეთოდებში, კომპიუტერულ უსაფრთხოებაში, ასევე კომპიუტერის გამოყენების სპეციალურ უნარ- ჩვევებში, რაც აუცილებელია კომპიუტერული დანაშაულის ჩამდენის გამოსავლენად და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად. მოხდება „კომპიუტერულ დანაშაულთან მებრძოლი ჯგუფის“ ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო კომპიუტერული აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის დადგენა და შეძენა პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* სემინარების ჩატარებას კომპიუტერული დანაშაულის გამოძიების მეთოდების და კომპიუტერული უსაფრთხოების თემებზე;

* „კომპიუტერულ დანაშაულთან მებრძოლი ჯგუფის“ ფუნქციონირების ეფექტური დაწყებისათვის საჭირო კომპიუტერული აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის დადგენას და შეძენას.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* შესაფერისი კანდიდატურების შერჩევას კომპიუტერულ დანაშაულებათა გამომძიებლად მათი მომზადების მიზნით, და ყველა ზომის მიღებას იმისათვის, რომ შერჩეული კანდიდატურები იმავე თანამდებობაზე დარჩნენ სულ მცირე 2-3 წლით, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის და უნარების ეფექტურად გამოყენებას პრაქტიკულ საქმიანობაში;

* კომპიუტერული დანაშაულის გამოძიების ხელშესაწყობად შეძენილი აპარატურის გამართულობის შენარჩუნებას;

* საჭირო ზომების მიღებას კომპიუტერული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამართალდამცავ ყველა უწყებას შორის თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად;

* შესაბამისი სასწავლო/ საკლასო სივრცის გამოყოფას;

* თანამშრომლობას აშშ-ის სამართალდამცავი სტრუქტურების ექსპერტებთან „კომპიუტერულ დანაშაულთან მებრძოლი ჯგუფის“ ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო კომპიუტერული აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის დასადგენად.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* მომზადდება 2-3 გამომძიებელი, რომელიც შეძლებს „კომპიუტერულ დანაშაულთან მებრძოლი ჯგუფის“ ჩამოყალიბებას;

* შესრულდება კომპიუტერულ აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

 

(10) ფინანსური დანაშაულებები/ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა –150.000 აშშ დოლარი

ეს პროექტი ემსახურება ორ მიზანს: 1) საქართველოს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კომპეტენციის შემდგომ განვითარებას ახლახანს დასრულებული ოპერატიული სახელმძღვანელოს მიხედვით შემუშავებული მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების გზით და 2) ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დახმარების გაწევას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ოპერატიული სახელმძღვანელოსთან დაკავშირებული ტრენინგი შეიცავს:

* კურსის განვითარებაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას;

* კურსის დეტალურ მონახაზს;

* საგამოძიებო დეპარტამენტის და პროკურატურის თანამშრომლებისათვის რეკომენდაციების მიწოდებას საგადასახადო დანაშაულის ირიბი მტკიცებულების მეთოდების თაობაზე;

* კურსის განვითარებაზე მომუშავე ჯგუფისათვის სწავლების გეგმის ჩამოყალიბების თემაზე სემინარის ჩატარება;

* კურსის სასწავლო გეგმის ჩამოყალიბება (რომელშიც შევა ირიბი მტკიცებულების მეთოდების თემა, თუ ამგვარი მეთოდების გამოყენება იქნება ნებადართული);

* სასწავლო ტურის მოწყობა აშშ-ში, ვიზიტი ფედერალურ სამართალდაცვით სასწავლო ცენტრში (FLETC) იმის სანახავად, თუ როგორ ხდება ქვეყნის შემოსავლების სამსახურის (IRS), საბაჟო საემიგრაციო სამსახურებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტისათვის გამომძიებლების მომზადება;

* სასწავლო ტურზე დაყრდნობით კურსის გეგმის გადახედვა;

* საწყისი სემინარის ჩატარება; და

* სასწავლო გეგმაში საჭირო ცვლილებების შეტანა საწყისი სემინარის შედეგების გათვალისწინებით.

იმის დასადგენად, თუ რა სახის დახმარება ესაჭიროება ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების განყოფილება შეაფასებს არსებულ მდგომარეობას და ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვით საერთაშორისო ბიუროს (INL) წარუდგენს რეკომენდაციებს. აღნიშნული მხარდაჭერის აუცილებელი კომპონენტი იქნება სწავლება, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების პროფესიონალური კვალიფიკაციის ამაღლებას; სწავლება შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დასავლეთის ქვეყნების ფულის გათეთრების კანონების შედარებითი ანალიზი, ისევე როგორც დასავლური ფინანსური საგამოძიებო სამსახურების გამოცდილების გაზიარება.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* სწავლების ჩატარება ოპერატიული სახელმძღვანელოს შესახებ;

* ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის საჭიროებების დადგენა;

* ფულის გათეთრების თემაზე სწავლების და ტექნიკური დახმარების აღმოჩენა.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* შესაფერისი კადრების (გამომძიელებლების) შერჩევას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სასწავლო ტურში და ჩაერთვებიან კურსის შემუშავების პროცესში;

* სათანადო სასწავლო სივრცის გამოყოფა;

* ინფორმაციის მოწოდება იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სწავლება და ტექნიკური მხარდაჭერა ესაჭიროება ქვეყანას ფულის გათეთრების სფეროში.

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* შეიქმნება კურსის განვითარებაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს მასამზადებელ/სასწავლო პროგრამას ოპერატიულ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით.

* დასრულდება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის შეფასების შესახებ მოხსენება და საჭირო სწავლებების და ტექნიკური მხარდაჭერის განსზღვრა.

 

(11) ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა – 150.000 აშშ დოლარი

ეს პროექტი შეეხება ორ მთავარ საკითხს, კერძოდ: ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიცირება და პარალელურად – ტრეფიკინგის გარშემო სრული ინფორმაციის შედგენა მონაცემთა ანალიზსა და კვლევებზე დაყრდნობით. ეს პროექტი შეიცავს სასწავლო კომპონენტს, რომლის მიზანია სახელმწიფო საზღვრებზე, მობილურ ჯგუფებში და საკონსულოებში მომუშავე სამართალდამცავი ოფიცრების კომპეტენციის გაძლიერება, იმისათვის რომ მათ შეძლონ ტრეფიკინგის მსხვერპლის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს კვლევას, რომლებიც ამ დრომდე არ გამოკვლეულა, მათ შორის: საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა. საგამოძიებო მონაცემები, საველე კვლევის შედეგები, რომლებიც მოპოვებულია საქართველოში დეპორტირებული პირებისაგან და აგრეთვე პროსტიტუციაში ჩართული პირებისაგან, რომლებიც შესაძლოა ნამყოფები არიან საზღვარგარეთ. საქართველოში ადამიანებით ვაჭრობის მდგომარეობის დამოუკიდებელი კვლევა არ ჩატარებულა 2001 წლის შემდეგ. პროექტის მიზანია არსებული ვითარების სწორ რაკურსში წარმოჩენა, საქართველოში არსებული ტრეფიკინგის ტენდენციების დადგენა და აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმის განსაზღვრა, თუ რა მიზანმიმართული პოლიტიკური ზომები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ქვეყანა ეფექტურად შეებრძოლოს ადამიანებით ვაჭრობას.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* სწავლებას მსხვერპლის ამოცნობის და გასაუბრების მეთოდებზე შემდეგი მიზნობრივი ჯგუფებისათვის:

* ორი მობილური ჯგუფის ოთხივე წევრი, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიზნით;

* საპატრულო/ სასაზღვრო პოლიციის ინსტრუქტორები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (10 მონაწილე);

* საპატრულო/ სასაზღვრო პოლიციის წევრები სარფის გამშვებ პუნქტზე (15 მონაწილე);

* საპატრულო/სასაზღვრო პოლიციის წევრები ვალეს გამშვებ პუნქტზე (15 მონაწილე);

* თურქეთსა (ტრაბზონი და სტამბული) და საბერძნეთში (სალონიკი და ათენი) მდებარე საქართველოს საკონსულოებში მომუშავე ოფიცრები;

* საზღვრის გადაკვეთის შესახებ მონაცემების, საგამოძიებო მონაცემების, საველე კვლევების დამოუკიდებელი კვლევა, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი, და შედეგების წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის;

* სემინარების ჩატარება და კვლევითი სამუშაოს შედეგების გაცნობა სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი პერსონალისთვის.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* მსხვერპლის ამოცნობის მეთოდების სემინარისათვის შესაბამისი კანდიდატურების შერჩევა პროექტის აღწერილობით ნაწილში მითითებული კატეგორიებიდან;

* სათანადო სასწავლო სივრცის გამოყოფა;

* საზღვრის გადაკვეთის შესახებ სტატისტიკური მონაცემების გაზიარება;

* ადამიანებით ვაჭრობის ფაქტების გამოძიების სტატისტიკის / მონაცემების გაზიარება;

* დახმარება გასაუბრების ჩატარებაში თურქეთიდან დეპორტირებულ და საქართველოში დაბრუნებულ პირებთან.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* წამყვან სამთავრობო სტრუქტურებში გაძლიერდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების კომპეტენცია; სწავლების შედეგად სტრუქტურების შესაბამის პერსონალს შეეძლება მსხვერპლთა იდენტიფიცირება;

* განახლებული და სრული ინფორმაცია საქართველოში ადამიანებით ვაჭრობის მდგომარეობის გარშემო, შეგროვებული, გაანალიზებული და წარდგენილი საქართველოს მთავრობისათვის.

* მთავარი დაინტერესებული მხარეები საქართველოს მთავრობაში, კერძოდ, სამართალდამცავი სტრუქტურები ინფორმაციას მიიღებენ საქართველოში არსებული ტრეფიკინგის ტენდენციების შესახებ და მიღებულ ცოდნას და ინფორმაციას გამოიყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში.

 

III. შეფასების გეგმა

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამართავენ ოფიციალურ შეხვედრას სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რათა განიხილონ პროექტების მიზნებისა და ამოცანების შესრულების მდგომარეობა. მიღწეული პროგრესის შეფასება განხორციელდება საქმიანობის შედეგების ზემოაღწერილი მაჩვენებლების მიხედვით. აღნიშნული შეფასებისას განიხილება როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. ერთობლივად მომზადდება ანგარიში, რომელშიც შეჯამებული იქნება განხორციელებული შეფასების შედეგები. ამგვარი შეფასებები წარმოადგენს ორივე მთავრობის შესაბამისი პერსონალის მიერ პროგრამებსა და საქმიანობებზე განხორციელებული მუდმივი მონიტორინგის დამატებით მექანიზმს.

 

IV. მთავრობის მიერ დამტკიცება

შესრულებულია ქ. თბილისში, 2009 წლის 21 სექტემბერს, ორ ასლად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

 

საქართველოს მთავრობის                                                 ამერიკის შეერთებული შტატების

     სახელით:                                                                                           მთავრობის სახელით:

ნიკა გილაური                                                                         კენტ ლოგსდონი

    პრემიერ-მინისტრი                                                             ელჩის   მოვალეობის შემსრულებელი

 

                        

შეთანხმების წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის

შეთანხმების წერილი1 შეთანხების შესწორება1 შეთანხმების შესწორების ფინანსური თავფურცელიx

შეთანხმების წერილის ნომერი: 01–01 შეთანხმების წერილის ხელმოწერის თარიღი: 18 ივნისი, 2001

ცვლილების ნომერი: 12

 

ზემოთ ხსენებული მხარეები ერთობლივად თანხმდებიან, რათა განახორციელონ პროექტი ქვემოთ აღნიშნული პირობების შესაბამისად და შეთანხმებაში აღნიშნული პირობების თანახმად.

1 პროექტის აღწერილობა   1 სტანდარტული დებულებები            1დანართი A 1 დანართი B

 

არსებული შეთანხმება ან შეთანხმების შესწორება შესაძლოა შეცვლილ იქნეს მომავალში ორივე მთავრობის თანხმობის შესაბამისად: ამჟამად არ არსებობს

 

არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება: $72,116

არსებული შეთნხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება INL-ის მიერ: $___0

მიმდინარე ფისკალურ წელს აშშ-ის საელჩოს მიერ გაწეული დაფინანსების მთლიანი ოდენობა: $21,900,000

მიმდინარე ფისკალურ წელს INL-ის მიერ გაწეული დაფინანსების მთლიანი ოდენობა: $1,248,358

მიმდინარე ფისკალურ წელს პროგრამისთვის გაწეული დაფინანსების მთლიანი ოდენობა: $23,220,474

 

თანხის ასიგნება/გამოყოფა:      $72,116      19118/91022.0000 0242

ქვეპროექტებზე დაფინანსების განაწილების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2010

დაფინანსების არსებობის დასტური: აშშ საელჩოს ფინანსური ოფიცერი

  თარიღი 21.09.09

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

ნიკა გილაური

პრემიერ-მინისტრი

თარიღი: 21.09.09

ამერიკის შეერთებული შტატების

მთავრობის სახელით

კენტ ლოგსდონი

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

თარიღი: 21.09.09

 

 

 

შეთანხმების წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს     მთავრობას შორის

შეთანხმების წერილი 1 შეთანხების შესწორებაx შეთანხმების შესწორების ფინანსური           თავფურცელი 11

შეთანხმების წერილის ნომერი: 01–01 შეთანხმების წერილის ხელმოწერის თარიღი:

18 ივნისი, 2001

ცვლილების ნომერი: 11

 

ზემოთ ხსენებული მხარეები ერთობლივად თანხმდებიან, რათა განახორციელონ პროექტი ქვემოთ აღნიშნული პირობების შესაბამისად და შეთანხმებაში აღნიშნული პირობების თანახმად.

x პროექტის აღწერილობა       1 სტანდარტული დებულებები      

1დანართი A      1 დანართი B

 

არსებული შეთანხმება ან შეთანხმების შესწორება შესაძლოა შეცვლილ იქნეს მომავალში ორივე მთავრობის თანხმობის შესაბამისად: ამჟამად არ არსებობს

 

არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება: $1,900,000

არსებული შეთნხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება INL–ის ოდენობა: $1,248,358

მიმდინარე ფისკალური წელს აშშ-ის საელჩოს მიერ გაწეული დაფინანსების მთლიანი ოდენობა: $20,000,000

მიმდინარე ფისკალური წელს INL-ის გაწეული დაფინანსების მთლიანი ოდენობა: $___0

მიმდინარე ფისკალურ წელს პროგრამისთვის გაწეული დაფინანსების მთლიანი ოდენობა: $23,148,358

 

თანხის ასიგნება/გამოყოფა:  $1,900,000      19118/91022.0000 0242

ქვეპროექტებზე დაფინანსების განაწილების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2010

დაფინანსების არსებობის დასტური: აშშ საელჩოს ფინანსური ოფიცერი

თარიღი 21.09.09

 

საქართველოს მთავრობის სახელით

ნიკა გილაური

პრემიერ-მინისტრი

თარიღი: 21.09.09


 

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით

კენტ ლოგსდონი

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

თარიღი: 21.09.09

                                 

 

დაფინანსების განაწილება პროექტების მიხედვით

პროექტების დაფინანსების განაწილება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების მე-12 შესწორების შესაბამისად

პროექტის ნომერი

პროექტის დასახელება

მთლიანი თანხის ოდენობა

IN13GG04

პოლიციის აკადემიის განვითარების პროექტი

$72,116

 

 

 

 

 

 

ჯამი

ყველა პროექტის ჯამური თანხა

$72,116

                          დაფინანსების განაწილება პროექტების მიხედვით

პროექტების დაფინანსების განაწილება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების მე-11 შესწორების შესაბამისად

პროექტის ნომერი

პროექტის დასახელება

მთლიანი თანხის ოდენობა

IN13GG03

სასამართლო ექსპერტიზის განვითარების პროექტი

$300,000

IN13GG04

პოლიციის აკადემიის განვითარების პროექტი

$320,000

IN13GG28

პოლიციის ოფიცრების კომპეტენციის განვითარების პროექტი

$130,000

IN13GG29

ანტინარკოტიკული პროგრამა: ნარკოტიკული დანაშაულის აღმკვეთი ღონისძიებების განვითარება

$300,000

IN13GG30

ანტინარკოტიკული პროგრამა: მოთხოვნის შემცირება და მკურნალობა

$150,000

IN13GG31

კომპიუტერული დანაშაულის გამოძიების გაუმჯობესება

$400,000

IN13GG32

ფინანსური დანაშაულებების/ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა

$150,000

IN13GG33

ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა

$150,000

 

 

 

 

 

 

ჯამი

ყველა პროექტის ჯამური თანხა

$1,900,000

საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL-    ის) მიერ ვაშინგტონში ასიგნებული თანხები

პროექტის ნომერი

პროექტის დასახელება

მთლიანად

ადგილობრივი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში

$799,472

სამართლებრივი განათლების პროგრამა– პროექტი ჰარმონია

$198,886

ამერიკის იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის რეფორმის პროექტი

$250,000

ჯამში

მთლიანი თანხა

$1,188,742