„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ მე-20 შესწორება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
1. ზოგადი ნაწილი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისს შეთანხმების (“შეთანხმება”) შესწორების და მასში ცვლილებების შეტანის აუცილებლობიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა (USG) და საქართველოს მთავრობა (GOG), (შემდგომში წოდებული როგორც “მხარე” – ინდივიდუალურად და “მხარეები” – ერთობლივად) თანხმდებიან შემდეგზე:
დაფინანსება 4,143,261 აშშ დოლარის ოდენობით განკუთვნილია და გაწერილი ფინანსურ თავფურცელში ახალი და მიმდინარე პროექტებისათვის კანონის უზენაესობისა და სამართალდამცავ სფეროში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მართლმსაჯულების სექტორის გაძლიერებას. ეს პროექტებია: მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში; სამართალდამცავი სექტორის განვითარება; სასამართლო ექსპერტიზის/კრიმინალისტიკის ლაბორატორიის განვითარება; ანტინარკოტიკული პროგრამა: მოხმარების შემცირება და მკურნალობა; ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა; საქართველოს სამართლებრივი სოციალიზაციის პროექტი და სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამა. პროექტების სრული აღწერა და მიზნები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის მე-2 ნაწილში.
ყველა სხვა ვალდებულება და პირობა, რომელიც გათვალისწინებულია 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმებით კვლავ სრულად მოქმედებს და ძალაში რჩება.
აშშ-ის მთავრობის მიერ ქვემოთ აღწერილი პროექტების დაფინანსების გაგრძელება დამოკიდებულია შესაბამისი თანხების ხელმისაწვდომობაზე და ბიუჯეტის დამტკიცებაზე, პროექტის მიზნების განსახორციელებლად მიმართული საქმიანობის დამაკმაყოფილებელ შედეგებზე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაზე.
II. პროექტის აღწერილობა და მიზნები
1. მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში – 500.000 აშშ დოლარი
ეს პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას ახალი და რეფორმირებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანერგვაში; იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურისათვის დახმარების გაწევას ეფექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე საგამოძიებო სამსახურების შექმნაში, რომლებიც ითანამშრომლებენ სხვა სამართალდამცავ უწყებებთან კომპლექსურ სისხლის სამართლებრივი, ასევე მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულებების და ტრანსნაციონალური დანაშაულებების გამოძიებაზე. მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, კვლავაც გააგრძელებს მიზნობრივი დახმარების გაწევას საქართველოს მთავრობისათვის სამი ძირითადი მიმართულებით: (1) დახმარებას გაუწევს ქართველ ექსპერტებს, რისთვისაც ახალი საპროცესო კოდექსის ასპექტებზე უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას სასამარათლოს და პროკურატურის წარმომადგენლებისათვის, იზრუნებს მოსამართლეების და პროკურორების უნარების განვითარებაზე, იმისათვის, რომ გაძლიერდეს მათი კომპეტენცია ახალი შეჯიბრებითი პროცესის პირობებში. ეს პროგრამა ასევე მოიცავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროგრამას სამოქალაქო საზოგადოებისათვის, მედიასა და საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელიც ასევე დაკავშირებული იქნება ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან. (2) შსს, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას გაუწევს ტექნიკურ დახმარებას და უზრუნველყოფს ტრენინგებს პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით, რომლებიც აუცილებელია კომპლექსური და ფინანსური დანაშაულებების: ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და კიბერ-დანაშაულის გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად. (3) საქართველოს გაუწევს ტექნიკურ დახმარებას და უზრუნველყოფს ტრენინგებს მრავალუწყებრივი ოპერატიული ჯგუფის მოდელის ჩამოყალიბების მიზნით, რომელიც განახორციელებს დანაშაულის გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
სამართლებრივ საკითხებში რეზიდენტი მრჩევლის მხარდაჭერა და დაფინანსება, რათა მან საქართველოს მთავრობას, სასამართლოს და სამართალდამცავ უწყებებს მიაწოდოს პირდაპირი და დროული სამართლებრივი დახმარება ზემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ საკითხებში.
შსს, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურისათვის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა კომპლექსური დანაშაულებების: ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და კიბერ-დანაშაულის გამოძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეში.
მუშაობა უშუალოდ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და საქართველოს მართლმსაჯულების სხვა წარმომადგენლებთან, ახალი შეჯიბრებითობის სისტემის პირობებში მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით.
საქართველოს გაუწევს ტექნიკურ დახმარებას და უზრუნველყოფს ტრენინგებს მრავალუწყებრივი ოპერატიული ჯგუფის მოდელის ჩამოყალიბების მიზნით, რომელიც განახორციელებს დანაშაულის გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
ამ პროექტით გათვალისწინებული სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩასატარებლად შესაბამისი ფართის უზრუნველყოფა.
ინსტრუქტორების და ტექნიკური მრჩევლების დაკავშირება შესაბამის სახელმწიფო მოხეელებთან, აკადემიებთან და სასწავლო დაწესებულებებთან.
სათანადო მონაწილეების შერჩევა ტრენინგებზე დასასწრებად.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები ერთწლიანი პროექტის დასასრულისთვის:
მოსამართლეები და პროკურორები ტრენინგებს გაივლიან ახალ საპროცესო კოდექსში და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებში. ისინი წარმოაჩენენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და პროფესიონალური საპროცესო უნარ-ჩვევების ფუნქციონალურ ცოდნას ტრენინგიდან 9 თვეში.
მომზადებული პოლიცია და გამომძიებლები იმუშავებენ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მისი საგამოძიებო პროცედურების, ასევე სასამართლო პროცედურების სრული დაცვით, დაიცავენ პროცესუალურ მოთხოვნებს და აღნიშნულ ცოდნას წარმოაჩენენ ტრეინნგიდან ცხრა თვის განმავლობაში.
გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდება ამაღლებული ეთიკური სტანდარტების შესაბამისად, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და იუსტიციის სამინისტროს/OPP-ს გაიდლაინების თანახმად.
სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისი (INL) განახორციელებენ ამერიკის მთავრობისა და ქართველი პროფესიონალების საქმიანობის მონიტორინგს. მონიტორინგი განხორციელდება შეფასების ფორმების, ქმედების შემდგომი ოქმების, იმიტირებული პროცესების, სისხლის სამართლებრივი დევნის სფეროში ტენდენციებზე დაკვირვების, შერჩეულ პროცესებზე დაკვირვების და სხვა სტატისტიკური მონიტორინგის მეშვეობით.
2. სამართალდამცავი სექტორის განვითარების
პროექტი – 2,043,261 აშშ დოლარი
წინამდებარე გრძელვადიანი პროექტი ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მზარდ მოთხოვნებს - პარტნიორული ურთიერთობა პოლიციის აკადემიასთან, ტრენინგები სასაზღვრო პოლიციისათვის, მებაჟეებისათვის, ფინანსური დანაშაულებების გამომძიებლებისათვის, საპატრულო პოლიციისა და უბნის ინსპექციის განვითარების ძირითად კომპონენტთან ერთად. ამ პროექტის მიზანია სამართალდამცავი სექტორის მრავალფეროვანი სპექტრის წარმომადგენელთა საჭირო ტრენინგებით უზრუნველყოფა, შესაბამისად საჭირო სასწავლო გეგმების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და აღჭურვილობის მომზადება, სამართალდამცავ უწყებათა თანამშრომლების უნარებისა და ცოდნის გაძლიერება, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტურად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და პროფესიონალურად, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად თანაბრად დაიცვან საქართველოს მოქალაქეები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: 1. დახმარების გაწევა უწყვეტი პროფესიული სასწავლო პროგრამების შემუშავებაში, რაც მოიცავს ინსტრუქტორების განვითარების პროგრამას, რაც აკადემიას დაეხმარება მდგრადობის და დამოუკიდებლობის გაძლიერებაში. პროგრამაში გაიზრდება პრაქტიკული სავარჯიშოების მოცულობა და მის შედეგად ჩამოყალიბდება მაღალკომპეტენტური ინსტრუქტორების ჯგუფი, რომელიც თავად მოამზადებს ინსტრუქტორებს. 2. პროგრამების ჩამოყალიბება საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მოსამზადებლად კონკრეტული, კომპლექსური დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მაგ: ოჯახური ძალადობა და სექსუალური დანაშაულებები. 3. სამინისტროსათვის დახმარების გაწევა ზედა რგოლის ოფიცრების ლიდერობის და რესურსების მართვის უნარების განვითარების მიზნით, რაც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა სამსახურში, რესურსების პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილება და თანამშრომლების უფლება-მოვალეობები. ეს ასევე გულისხმობს კურსის შემუშავებას ქალი პოლიციელების სპეციფიური მოთხოვნების გათვალისწინებით. 4. ესტონეთის მთავრობასთან ერთად ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისი (INL) დააფინანსებს “საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის პროგრამას” ახალ დონორ ქვეყნებთან პარტნიორობის ფონდის ფარგლებში. Pმოცემული დაფინანსებით მოხდება ესტონელი და ამერიკელი ინსტრუქტორებისა და კონსულტანტების მიერ დეტალურად გაწერილი პროტოკოლის შემუშავება ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის საკითხებში, რაც მოიცავს მრავალდისციპლინური მიდგომების ჩამოყალიბებას კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებაში, სწავლებასა და კონფერენციის მოწყობას ამავე თემატიკაზე.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
მხარდაჭერა სხვადასხვა სასწავლო კურსების პროგრამების შემუშავებაში, რომელთა მიზანი იქნება სამართალდამცავების უნარებისა და ცოდნის ამაღლება;
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
საჭირო საკლასო სივრცისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
აკადემიის კურსების პროგრამაში ახალი საგნებისა და სამუშაოდან მოუწყვეტლად სწავლების პროგრამების შეტანა.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები პროექტის 18-
თვიანი პერიოდისათვის:
მომზადებული პოლიციელების სულ მცირე 60% მაღალ დონეზე და მუდმივად იყენებს ტრენინგის დროს შესწავლილ მეთოდებსა და ქმედებებს, რასაც დაადასტურებენ მათი ხელმძღვანელი პირები, ინსტრუქტორები, ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს პერსონალი და სისხლის სამართლის სისტემის სხვა უწყებები.
ტრენინგის დროს ნასწავლი მეთოდების გამოყენების შედეგად პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა იზრდება და შესაბამისად საზოგადოებაში ნდობის ფაქტორიც, რაც პოლიციის თანამშრომლებს აძლევს ახალი მეთოდების გამოყენებისა და დახვეწის სურვილს. აშშ-ს საელჩო ახორციელებს საზოგადოებრივი გამოკითხვების მუდმივ მონიტორინგს, რომლის თანახმადაც დასტურდება საზოგადოების ნდობა პოლიციის მიმართ.
ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მრჩეველს პოლიციის საკითხებში, რომლის ოფისიც განთავსებულია პოლიციის აკადემიაში, მუდმივი კონტაქტი აქვს აკადემიის ინსტრუქტორებთან და ხელმძღვანელობასთან. რეგულარული შეხვედრები აკადემიის ხელმძღვანელობასთან უზრუნველყოფს პრიორიტეტების შესრულებას მოცემულ ვადებში.
ესტონეთის მთავრობასთან ერთად ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს კოორდინირებით, ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ქართველი სამართალდამცავები ეფექტურად რეაგირებენ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე.
3. სასამართლო ექსპერტიზის/კრიმინალისტიკის ლაბორატორიის
განვითარების პროექტი – 700,000 აშშ დოლარი
მიმდინარე პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური ლაბორატორიისა და საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს - დამოუკიდებელი ლაბორატორიის, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორს ემსახურება, რესურსების გაძლიერება ტრენინგებისა და აღჭურვილობის მიწოდების გზით. პროექტის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს აკრედიტაციის მიღება სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციაში; თუმცა შესასრულებელია რამდენიმე შუალედური ამოცანა.
პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება შემდეგ სფეროებზე: 1. ექსპერტების მომზადება კრიმინოლოგიის და კრიმინალისტიკის საბაზისო უნარებში, როგორიცაა მაგ., შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება, ტრენინგი თითის ანაბეჭდების თემაზე – თითის ანაბეჭდების ავტომატური სისტემა (AFIS), ბალისტიკა; 2. ლაბორატორიებს შორის მეცნიერების გაცვლითი პროგრამების დაფინანსება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ტრენინგებით ქართველი სამედიცინო და სასამართლო ექსპერტებისათვის სამედიცინო კრიმინალისტიკისა და პათოლოგიის დარგებში, თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების გამოყენებით; 3. ორ დაწესებულებაში პროფესიონალიზმის დონის ამაღლება, რისთვისაც საჭირო იქნება ამერიკელი კრიმინალისტი-მრჩევლების დაფინანსება, რათა მათ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიონ კრიმინალისტიკის ყველა ქვეკატეგორიას. ეს მრჩევლები ჩაატარებენ ადგილზე შეფასებებს და წარმოადგენენ რეკომენდაციებს ტრენინგების, პოლიტიკის და პროცედურების ჩამოყალიბების შესახებ, კვლევის მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით და ასევე იმ ზომებზე, რომლებიც უნდა გატარდეს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან მისაახლოვებლად; 4. სხვადასხვა ქვეყნების ლაბორატორიებს შორის პარტნიორობის დარეგულირება, რაც ქართველ მეცნიერებს დაეხმარება კრიმინალისტიკური მეცნიერების უახლესი სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვაში. 5. სასამართლო ექსპერტების უზრუნველყოფა პერიოდული გამოცემებით (სამეცნიერო ჟურნალები, წიგნები, პუბლიკაციები, ენციკლოპედიები), რაც საშუალებას მისცემს ქართველ ექსპერტებს მიიღონ უახლესი ინფორმაცია თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების შესახებ და ასევე წვლილს შეიტანს აკრედიტაციის მიღების პროცესში.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
დაფინანსების უზრუნველყოფა ტრენინგების ჩასატარებლად და საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.
ამერიკელი ექსპერტი კრიმინალისტების პერიოდული ვიზიტების დაფინანსება, ლაბორატორიებისათვის აკრედიტაციის მიღებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
საჭირო სასწავლო სივრცისა და ლაბორატორიის პერსონალის გამოყოფა კრიმინალისტი მრჩევლების და სხვა სპეციალისტების ჯგუფებისათვის;
შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების და კრიმინალისტი გამომძიებლების შერჩევა.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები ერთწლიანი პროექტის დასასრულისთვის:
ტრენინგები ჩაუტარდებათ კრიმინალისტებს, მოსამართლეებს, პოლიციის თანამშრომლებს, პროკურორებს და ადვოკატებს, რომლებიც თავის მხრივ წარმოაჩენენ სისხლის სამართლის საქმეში არსებული კრიმინალისტიკური მტკიცებულებების დამუშავების პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს.
12 თვეში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური ლაბორატორია მიაღწევენ ან გადააჭარბებენ ანალიტიკური აკრედიტაციის კრიტერიუმებს, რომლებიც დაწესებულია ლაბორატორიების აკრედიტაციის აღიარებული ორგანოს მიერ კვლევის რამდენიმე სფეროში.
4. ანტინარკოტიკული პროგრამა: მოხმარების შემცირება
და მკურნალობა – 200,000 აშშ. დოლარი
ამ გრძელვადიან პროექტს ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი მთავარი ამოცანებია უწყვეტი თანამშრომლობა მხარეებს შორის ყოფილი ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით, კონტაქტის ხელშეწყობა პრობაციონერებთან და ყოფილ პატიმრებთან, რომლებსაც ჰქონდათ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები. პროექტის მიზნებია: 1. სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კვლევის და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მეტადონის თერაპიის პროგრამაში ჩართული პირებისათვის და ზოგადად მოსახლეობისათვის; 2. ფსიქო-სოციალური მომსახურებების მიწოდება, მათ შორის, 12-საფეხურიანი რეაბილიტაციის პროგრამა და სხვა ტიპის ფსიქოლოგიური დახმარება ყოფილი ნარკომომხმარებლების საცდელ სარეაბილიტაციო ცენტრში; 3. ფსიქოლოგების, პოლიციის ოფიცრების და სოციალური მუშაკების, ასევე საკონსულოს თანამშრომლების პოტენციალის განვითარება, დარგთაშორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით; 4. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. ზოგადად, პროექტი მიზნად ისახავს სამედიცინო პერსონალის პოტენციალის ამაღლებას და საქართველოს ინფრასტრუქტურის და სოციალური ძალისხმევის გაძლიერებას ნარკოტიკის მოხმარების შესამცირებლად საქართველოში.
კანონის აღსრულების თვალსაზრისით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალურ სააგენტოსთან (DEA) თანამშრომლობით პროგრამა შეძლებს საქართველოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ოფიცრების პროფესიონალური კვალიფიკაციის ამაღლებას. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური სააგენტო (DEA) ჩაატარებს პერიოდულ ტრენინგებს საქართველოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აგენტებისათვის თანამედროვე ანტინარკოტიკულ ოპერატიულ ღონისძიებებზე და მეთოდებზე.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
მიგრაციის საეთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსება პროექტის „სამედიცინო პერსონალის უნარ-ჩვევების ამაღლება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოთხოვნის შესამცირებლად“ II ეტაპის გასაგრძელებლად.
სპეციალიზებული ანტინარკოტიკული ტრენინგების ჩატარება და შსს-ს შესაბამისი ქვედანაყოფების მხარდაჭერა.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
ამ პროექტით გათვალისწინებული სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩასატარებლად შესაბამისი ფართის უზრუნველყოფა.
ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის დაფინანსების გაგრძელება.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები ერთწლიანი პროექტის დასასრულისთვის:
ქართველი ექსპერტები, რომლების სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარებენ ტრენინგებს, ექვსი თვის განმავლობაში ყოველკვირეულ მონიტორინგს განახორციელებენ ცენტრის საქმიანობაზე და შეაფასებენ ცენტრის წარმატებას.
ერთი თვის შემდეგ ჩატარდება ანონიმური ჯგუფის შეხვედრები ყოფილი ნარკომანებისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის, ყოველ მომდევნო თვეს ჩატარდება ერთი ასეთი შეხვედრა.
35 თანამშრომელი, მათ შორის, პოლიციელები და სოციალური მუშაკები, რომლებიც ჯერ არ მომზადებულან მოთხოვნილების შემცირების და მკურნალობის კუთხით, გაივლიან მომზადებას, უწყებათაშორისი და დარგთაშორისი კოორდინაციის გაძლიერების მიზნით.
5. ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ
ბრძოლა - 100.000 აშშ. დოლარი
ამ გრძელვადიან პროგრამას ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი მთავარი მიზანია საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების პოტენციალის ამაღლება ტრანსნაციონალური დანაშაულის, კერძოდ, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. პროექტის მიზანია საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს ადამიანებით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ტენდენციების შესახებ, მოახდინოს ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლთა იდენტიფიცირება და დაზარალებულები გადაამისამართოს შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ისინი მიიღებენ საჭირო დახმარებას. შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეს პროექტი მიზნად ისახავს ყურადღების გამახვილებას ორ მთავარ სფეროზე:
1. “დაზარალებულის ამოცნობა და მიმართვა” საკონსულოს თანამშრომლების, სამართალდამცავების და სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი მობილური ჯგუფებისათვის, რაც მოიცავს: ა) სახელმწიფო საზღვარზე მოქმედი პოლიციის, საკონსულოს თანამშრომლების და სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი მობილური ჯგუფების პოტენციალის გაძლიერება; ბ) ტრენინგები იურისტებისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ იურისტებს ხშირად არ გააჩნიათ საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც საჭიროა კლიენტებისათვის სასამართლოში დახმარების აღმოსაჩენად; და გ) საქართველოს სარფის საზღვარზე დეპორტირებულ პირთა სკრინინგის გაგრძელება.
2. „სამართალდამცავებს შორის ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა“, რაც მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას სამართალდამცავ ორგანოებს შორის.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
• მიგრაციის საეთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსება პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად;
• ტრენინგის ჩატარება მართლმსაჯულების სექტორის წარმომადგენლებისათვის.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
• სათანადო სასწავლო სივრცის გამოყოფა სემინარების და ტრენინგების ჩასატარებლად;
• ინსტრუქტორების და ტექნიკური მრჩეველების დაკავშირება შესაბამის სახელმწიფო მოხეელებთან, აკადემიებთან და სასწავლო დაწესებულებებთან.
• მონაწილეების შერჩევა ტრენინგებზე დასასწრებად.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები ერთწლიანი პროექტის დასასრულისთვის:
• ემიგრანტები სარგებლობენ პროაქტიური ინდეტიფიცირების სისტემით საზღვარზე და დახმარებისათვის მათი გადაგზავნა ხდება შესაბამის უწყებებში; მიმართვების (რეფერალების) რაოდენობა გაიზარდა 15%-ით გასულ წელთან შედარებით, რისი მიზეზიც არის ის, რომ პოლიცია უფრო უკეთ ახდენს დაუცველი მსხვერპლის ამოცნობას.
• საზღვრის დაცვის ოფიცრების მეთაურები / ზედამხედველები, რომლებიც იმყოფებიან ყველაზე მნიშვნელოვან სასაზღვრო წერტილებში, მომზადებული არიან ტრეფიკინგის ტენდენციებში, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებში და ფლობენ მსხვერპლთა ეფექტური ამოცნობის და გადამისამართების შესაძლებლობებს, წინა წლებთან შედარებით.
• საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები განიხილავენ მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმებს, სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობებს და ოპერატიული ინფორმაციის მიმოცვლის საკითხს, რაც მიზნად ისახავს დადებითი შედეგების მოტანას საერთაშორისო ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების საქმეში.
6. საქართველოს სამართლებრივი განათლების
პროექტი - $300,000
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისათვის. ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროგრამა - საქართველოს სამართლებრივი სოციალიზაციის პროექტი, რომელსაც ახორციელებს პროექტი PH International, განაგრძობს პროაქტიური და საზოგადოებრივი მიდგომების მხარდაჭერას არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესამცირებლად საქართველოში. საქართველოს სამართლებრივი სოციალიზაციის პროექტი განაგრძობს აღდგენითი და ალტერნატიული მართლმსაჯულების პრაქტიკაში დანერგვის იდეის პოპულარიზაციას საქართველოს სამთავრობო წრეებში და ამის საფუძვლად გამოიყენებს დადებით დამოკიდებულებას საზოგადოებრივი პოლიციის და მისი ძირითადი ელემენტების შემოღების მიმართ.
მოსალოდნელი პროექტებია: 1. “სამართლებრივი კულტურის” სახელმძღვანელოს შემუშავება 9 კლასის მოსწავლეებისათვის, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა სამართალდაცვითი საკითხები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეთნიკურ უმცირესობებს; 2. “სამართლებრივი კულტურის საფუძვლების” სწავლება 7 კლასის მოსწავლეებისათვის სკოლის მანდატურების მიერ; 3. სტუდენტებს მიეცემათ სხვადასხვა სასამართლოების მონახულების და სასამართლო სისტემის მუშაობის საკუთარი თვალით ნახვის საშუალება; 4. იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დეპარტამენტის და მედიაციის პროგრამის, ასევე სხვა არსებული მოდელების დახმარებით ალტერნატიული მართლმსაჯულების პროგრამების გაფართოვება არასრულწლოვანი დამნაშავეებისათვის და 15 დამატებითი მედიატორის მომზადება. 5. სამართლებრივი სოციალიზაციის სტრატეგიების შემუშავება და შემოღება, რომელთა მიზანი იქნება არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირება უმცირესობების თემებში. 6. ჯვარედინი ტრეინინგების შემუშავება და ჩატარება სამართალდამცავი სტრუქტურების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების პროფესიონალებისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს ერთობლივი ინტერვენციების სტრატეგიების განხორციელება პირველად დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების მიმართ.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
• საშუალო სკოლის ბაზაზე არსებული კომპონენტების დაფინანსება: სამართლებრივი კულტურის გაკვეთილების ჩატარება 9 და 7 კლასებში, დისციპლინარული კომიტეტის წევრების ტრეინინგი საქართველოს სამართლებრივი სოციალიზაციის პროექტის დამატებით სკოლებში.
• დაფინანსების გამოყოფა მედიატორების დამატებითი ჯგუფის მოსამზადებლად, იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის პროგრამის მხარდასაჭერად, რომელიც დაინერგება ქვეყნის სხვა კუთხეებში.
• დაფინანსების გამოყოფა სამართალდამცავ ორგანოებს, არასრულწლოვანთა პროგრამებსა და საზოგადოებას შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
• სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობის და სხვა შესაბამისი სამინისტროების მხრიდან პროგრამის მხარდაჭერის გაგრძელება.
• დახმარების გაწევა პროგრამის მონაწილეების შერჩევაში;
• სასწავლო სივრცის და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში;
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები ერთწლიანი პროექტის დასასრულისთვის:
• დისციპლინარული კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებები წარმატებით გამოიყენება საქართველოს სამართლებრივი სოციალიზაციის პროექტის 100 სკოლაში, მას შემდეგ, რაც 10 ახალი დისციპლინური კომიტეტი გაავრცელებს აღნიშნულ სახელმძღვანელო მითითებებს (გაიდლაინებს).
• 30 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და 25 პოლიციის ოფიცერი წარმატებით ჩაატარებს ”სამართლებრივი კულტურის” სასწავლო პროგრამას 9 კლასისათვის 30 დამატებით სკოლაში ქვეყნის მასშტაბით. დამატებით 20 მასწავლებელი და 20 მანდატური შეისწავლის თუ როგორ უნდა ასწავლონ ”სამართლებრივი კულტურის საფუძვლები” 20 სკოლის 7 კლასებში.
• დაახლოებით 3,400 მე-9 კლასელი 50 სკოლაში წარმატებით დაასრულებს საქართველოს სამართლებრივი სოციალიზაციის პროექტის ”სამართლებრივი კულტურის” კურსს; და დაახლოებით 1,500 მე-7 კლასელი 32 სკოლაში წარმატებით დაასრულებს ”სამართლებრივი კულტურის საფუძვლების” კურსს.
• 60 რეგიონის პოლიციის ოფიცერს, რომლებიც მომზადებას გაივლიან არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მეთოდებში, მეტი ეცოდინებათ მისაღები მეთოდების შესახებ და შეძლებენ ნასწავლის პრაქტიკაში ეფექტურად დანერგვას.
7. სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის
პროგრამა -- $300.000
ეს პროგრამა გახლავთ ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის (ABA ROLI) სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის პროგრამის გაგრძელება, რომლის მიზანია საქართველოს ადვოკატების პროფესიონალიზმისა და სასამართლო უნარ-ჩვევების გაძლიერება და მათი მომზადება, რათა მათ უკეთ შეძლონ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირობებში საქმიანობა. საჭიროა პროფესიონალი და ძლიერი ადვოკატების კოლეგიის ჩამოყალიბება მართლმსაჯულების დაბალანსებული სისტემის მისაღწევად, რომელიც უფრო მეტ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს პროგრამა კონსტრუქციულად ითანამშრომლებს საქართველოს იურისტთა ასოციაციასთან და უზრუნველყოფს ტრეინინგებს ასოციაციის რეფორმის და პროფესიონალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების პროცესის მხარდასაჭერად - ისეთ ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს ეთიკური კონტროლის / დისციპლინის ნორმების დაცვას და უწყვეტი სამართლებრივი განათლების უზრუნველყოფას მისი წევრებისათვის.
პროგრამის ერთ-ერთი მიზანია ქართველი ადვოკატებისათვის დახმარების აღმოჩენა საჭირო ეთიკის ნორმების და საპროცესო უნარების დემონსტრირებაში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცოდნის გაღრმავებაში, რათა მათ განახორციელონ საქართველოს მოქალაქეების ეფექტური დაცვა სისხლის სამართლის საქმეებში. ამ პროგრამის ფარგლებში ადვოკატები გაივლიან მომზადებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თემაზე თბილისში და რეგიონებში და შეძლებენ სხვების გადამზადებას. ტრენინგი ყურადღებას გაამახვილებს მაღალპროფესიონალური საპროცესო უნარების გამომუშავებაზე, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში საქმის წარმოებაზე.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
• ექსპერტების დაფინანსება, რათა მათ პირდაპირი ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საპროცესო უნარების საკითხებში.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
• სასწავლო სივრცის გამოყოფა სემინარების და ტრენინგების ჩასატარებლად;
• ამერიკის იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობა სასწავლო პროგრამებისათვის შესაბამისი მონაწილეების შერჩევის მიზნით.
• თანამშრომლობა ორგანიზატორთან საჭირო მონაწილეების შესარჩევად, რომლებიც დაესწრებიან ტრეინინგებს.
• ორგანიზატორის შესაბამის სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაშვების უზრუნველყოფა.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები ერთწლიანი პროექტის დასასრულისთვის:
• 12 თვის პერიოდში ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ დაფინანსებული ტრენინგების შედეგად მომზადებული ადვოკატების სულ მცირე 75% მათ კლიენტებს მიაწვდიან ხარისხიან პროფესიონალურ იურიდიულ მომსახურებას / წარმომადგენლობას სისხლის სამართლის პროცესის ყველა ეტაპზე: წინასასამართლო ეტაპი, საპროცესო შეთანხმება, არსებითი განხილვა, სასჯელის დაწესება, გასაჩივრება. ტესტირების მეშვეობით მიმდინარე მონიტორინგის გარდა ორგანიზაცია ჩაატარებს შერჩეული ადვოკატების ტრენინგის წინა და შემდგომ შეფასებებს, სასამართლო მონიტორინგის მეშვეობით, იმის დასადგენად, რომ ტრეინინგმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადვოკატების უნარები.
• 10 თვის პერიოდში ახალი ადვოკატების სულ მცირე 40% წარმატებით გაივლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საბაზისო ორდღიან ტრენინგებს.
• 10 თვის პერიოდში მოქმედი ადვოკატების 15 % დაესწრება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სამდღიან ზედა დონის ტრენინგებს.
III შეფასების გეგმა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამართავენ ოფიციალურ შეხვედრას სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რათა განიხილონ პროექტების მიზნებისა და ამოცანების შესრულების მდგომარეობა. მიღწეული პროგრესის შეფასება განხორციელდება საქმიანობის შედეგების ზემოაღწერილი მაჩვენებლების მიხედვით. აღნიშნული შეფასებისას განიხილება როგორც თვისობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. ერთობლივად მომზადდება ანგარიში, რომელშიც შეჯამებული იქნება განხორციელებული შეფასების შედეგები. ამგვარი შეფასებები წარმოადგენს ორივე მთავრობის შესაბამისი პერსონალის მიერ პროგრამებსა და საქმიანობებზე განხორციელებული მიმდინარე მონიტორინგის დამატებით მექანიზმს.
VI. მთავრობის მიერ დამტკიცება
ორივე მხარის მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, წინამდებარე შესწორება შევა ძალაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს შეტყობინების მიღების საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს წინამდებარე შესწორების დასამტკიცებლად საჭირო, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებას.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2012 წლის 20 სექტემბერს, ორ ასლად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მთავრობის სახელით:
მთავრობის სახელით:
________________ _________________
რიჩარდ ნორლანდი ივანე მერაბიშვილი
აშშ-ის ელჩი საქართველოში პრემიერ-მინისტრი