ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების N22-ე შესწორება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35/82
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016283
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების №22-ე შესწორება

I.  ზოგადი ნაწილი

საქართველოს მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, (შემდგომში, „მხარე" – ინდივიდუალურად, და „მხარეები" – ერთობლივად) თანხმდებიან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებულ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში (შემდგომში, „შეთანხმება") შემდეგი ცვლილებებისა და შესწორებების შეტანის თაობაზე: 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დააფინანსებს და უზრუნველყოფს მომსახურებების მიწოდებას კანონის უზენაესობისა და სამართალდაცვის სფეროებში მიმდინარე პროექტებისათვის, ახალი პროექტების დაწყებისა და განხორციელების ხელშეწყობისათვის, რომლებიც განკუთვნილია საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების, მართლმსაჯულების სექტორის განმტკიცებისა და  საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის. წინამდებარე შესწორების საფუძველზე დამატებით გამოიყოფა თანხები 3,280,358.54 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე გამიზნულია 353,456.46 აშშ დოლარამდე დამატებითი რესურსებისა და მომსახურების დარეზერვება შემდეგი პროექტების მხარდასაჭერად: სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის პროგრამა; სასამართლო ექსპერტიზის/კრიმინალისტიკის ლაბორატორიის განვითარება; სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური განვითარება; სასჯელაღსრულების სისტემის განვითარება; სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამა; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა; და საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტი.

თითოეული ზემოაღნიშნული პროექტის სრული აღწერილობა და პროექტებით გათვალისწინებული საქმიანობის მიზნები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის II და III ნაწილებში.  ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების წინამდებარე შესწორება არ ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებული პროექტების საქმიანობის შედეგების შეფასების კრიტერიუმებში. 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით და მისი შემდგომი შესწორებებებით გათვალისწინებული ყველა სხვა ვალდებულება და პირობა კვლავ სრულად მოქმედებს და ძალაში რჩება.   მიმდინარე ფისკალური წლის დასრულების შემდგომ აშშ-ის მთავრობის მიერ პროექტების დაფინანსების უზრუნველყოფა დამოკიდებულია პროექტების მიზნების განსახორციელებლად მიმართული საქმიანობების დამაკმაყოფილებელ შედეგებზე, აშშ-ის კონგრესის მიერ ყოველწლიურად თანხების გამოყოფასა და ასიგნებაზე, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაზე.  ხელშეკრულების მხარეები თანმხდებიან ზემოაღნიშნული მიზნებისათვის დამატებითი სახსრების გამოყოფის შესაძლებლობაზე, შეთანხმების წინამდებარე შესწორებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე და ამ სახსრების ასახვის მიზნით ხელშეკრულებაში დამატებითი ცვლილების შეტანის საჭიროების გარეშე. აშშ-ის მთავრობა შეატყობინებს საქართველოს მთავრობას ამ პროექტების დასაფინანსებლად დამატებითი რესურსების გამოყოფის შესახებ.

II.  პროექტების აღწერილობები

სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის პროგრამა

სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის (RLA) პროგრამა მიზნად ისახავს, რომ გაიზარდოს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები ახალი და რეფორმირებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანერგვის, სისხლის სამართლის კოდექსისა და ადმინისტრაციული კოდექსის გადასინჯვის მიზნით. პროექტი ასევე ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  დახმარებას ეფექტური, პროფესიული და გამჭვირვალე საგამოძიებო სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბებაში, რომლებიც სხვა სამართალდამცავ უწყებებთან ითანამშრომლებენ კომპლექსური სისხლის სამართლის დანაშაულების, ასევე მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების და ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების სფეროში. ამ მიზნების მისაღწევად, აშშ-ის მთავრობა და საქართველოს მთავრობა განახორციელებს ქმედებებს, და შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების დაცვით ყოველწლიურად გამოყოფს რესურსებს ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად.  

აშშ-ის მთავრობის  მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

·  სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის პროგრამის მხარდაჭერა და დაფინანსება, რათა საქართველოს მთავრობას, საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს და სასამართლოს გაეწიოს დროული და პირდაპირი სამართლებრივი დახმარება, ჩატარდეს ტრენინგები და განვითარდეს ინსტიტუციური შესაძლებლობები ზემოთ ჩამოთვლილი პრიორიტეტების კუთხით.

· ქართველი ექსპერტებისთვის დახმარების და კონსულტაციის გაწევა, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პროკურორების გადამზადება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების გამართვაში; ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის  ახალ ასპექტებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებაში; ასევე სისხლის სამართლის კოდექსის და ადმინისტრაციული კოდექსის გადასინჯვის კუთხით, მათ შორის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შეჯიბრებითი სისტემის წარმატებულ დანერგვაში. 

· პრაქტიკული და თეორიული ტრენინგების გამართვა მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის იმ უნარების გასაუმჯობესებლად, რაც მათ პროფესიონალურ და კომპეტენტურ დონეზე მუშაობისთვის სჭირდებათ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ახალ, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებულ სისტემაში, მათ შორის  საპროცესო გარიგების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისას და საპროცესო გარიგებით დადებული შეთანხმებების სიღრმისეული სასამართლო განხილვისას. 

· დახმარების გაწევა შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს), იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და მთავარი პროკურატურისთვის ისეთი კომპლექსური სისხლის სამართლის და სამოხელეო დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად, როგორიცაა: ფულის გათეთრება, ორგანიზებული დანაშაული, ტრანსნაციონალური ნარკოტიკული დანაშაული, კორუფციული დანაშაული და კიბერ-დანაშაული.

·   სასამართლოების დახმარება და რჩევის მიცემა სისხლის სამართლის საქმეებზე დასაბუთებული სამართლებრივი განჩინებების, ეფექტური და თანმიმდევრული დადგენილებების გამოტანის, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ მოსამართლეთა ფუნდამეტური ცოდნის გაღრმავებისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლიანი სასამართლოს საკითხების შესახებ.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

·  სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების გასამართად შესაბამისი ადგილის გამოყოფა.

·  ტრენერებისა და დარგობრივი მრჩევლების დაკავშირება შესაბამის სახელმწიფო მოხეელებთან, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწე-სებულებებთან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან.

·  სათანადო მონაწილეების შერჩევა ტრენინგებზე დასასწრებად, ასევე ტრეინერებად გადასამზადებელი პერსონალის შერჩევა საჭიროებისამბრ.

დაგეგმილია ზემოაღნიშნული პროექტის ოთხი წლის განმავლობაში განხორციელება; თუმცა, ამ ერთწლიანი პერიოდის დაფინანსება მოხმარდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძვნებული სასამართლო პრაქტიკის კომპლექსურ დანერგვას ახალი და მუდმივად დახვეწის პროცესში მყოფი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა ინსიტუტის უფრო ფართოდ დანერგვა; სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოდექსების მნიშვნელოვანი გადასინჯვა; პროკურატურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება ეთიკისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებამოსილებების განხორციელების თვალსაზრისით; იმ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ფუნქცია შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძვნებულ სისტემაში და რომლებიც უნარიან და დამოუკიდებელი არბიტრის როლს ასრულებენ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეებში. სასურველი შედეგებია: ქართველი პროკურორების და მოსამართლეების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და პროფესიონალიზმის დონის ამაღლება;  სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის გაძლიერება სისხლის სამართლის საქმეთა წარმოებისას; და საზოგადოების პატივისცემის გაზრდა სამართლიანი სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიმართ.

 

სასამართლო ექსპერტიზის/კრიმინალისტიკის ლაბორატორიების განვითარების პროექტი

სასამართლო ექსპერტიზის/კრიმინალისტიკის ლაბორატორიების განვითარების პროექტი განკუთვნილია იმისათვის, რომ გაიზარდოს საქართველოს მთავრობის  შესაძლებლობები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მტკიცებულებების შეგროვების, მათი ანალიზისა და წარდგენის თვალსაზრისით. მიმდინარე პროგრამის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (სეებ) ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება და ISO სტანდარტებთან  შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება შემდეგზე: ტრენინგები სასამართლო ექსპერტიზის სფეროში და ამ სფეროს განვითარება გაცვლითი პროგრამების მეშვეობით ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თბილისის ოფისის პარტნიორებთან თანამშრომლობით; შემთხვევის ადგილის დოკუმენტირებისა და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობების გაუმჯობესება ტრენინგებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფის მეშვეობით; პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება სასამართლო ექსპერტიზის ყველა სფეროში, რომელიც ხელს უწყობს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების გამართულ მუშაობას; და ადრე მიწოდებული პერიოდული გამოცემების საფუძველზე სასამართლო ექსპრტიზის ბიბლიოთეკის გამდიდრება (სამეცნიერო ჟურნალები, წიგნები, პუბლიკაციები, ენციკლოპედიები), რაც ქართველ მეცნიერებს თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიღების საშუალებას მისცემს, და რაც ამავდროულად ხელს შეუწყობს სააკრედიტაციო ორგანიზაციების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.

 

ამ მიზნების მისაღწევად აშშ-ის და საქართველოს მთავრობების მიერ განხორციელდება სათანადო ქმედებები და ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, ყოველწლიურად მოხდება რესურსების გამოყოფა.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

·  დაფინანსების გამოყოფა ტრენინგების ჩასატარებლად და შეზღუდული რაოდენობის აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია აკრედიტაციის მისაღებად სასამართლო ექსპერტიზის შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, ასევე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დახმარება ”NAME” აკრედიტაციის მიღებაში.

·  ექსპერტთა პერიოდული ვიზიტების დაფინანსება სასამართლო ექსპერტიზის თითოეულ სფეროში დახმარების გასაწევად, ასევე ადგილზე შეფასებების გასაკეთებლად და რეკომენდაციების შესამუშავებლად ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ტრენინგები, პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, კვლევის მეთოდოლოგიები და საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევა.

·  აშშ-ის ჯორჯიის შტატის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიებთან პარტნიორობის ხეშეწყობისთვის დაფინანსების გაგრძელება, რათა ქართველი მეცნიერებისათვის ცნობილი იყოს სასამართლო ექსპერტიზის თანამედროვე და საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდოლოგიები.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

·  ტრენინგების ჩასატარებლად სათანადო ადგილით უზრუნველყოფა და ლაბორატორიის პერსონალის გამოყოფა სასამართლო ექსპერტებთან და სხვა სპეციალისტებთან სამუშაოდ.

· შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ექსპერტებისა და კრიმინალისტების გამოყოფა ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად და მენტორინგის განსახორციელებლად.    

ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელება იგეგმება ხუთი წლის განმავლობაში;  თუმცა, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულია პროექტის პირველი წლის დაფინანსება, რაც ითვალისწინებს დამატებითი ტრენინგების ჩატარებას და დახმარების გაწევას შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოსთვის განკუთვნილი დახმარება გულისხმობს სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებების პარალელურად ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის ტრენინგების ჩატარებას, შეზღუდული რაოდენობის აღჭურვილობის შეძენას და სხვადასხვა დისციპლინებისთვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებაში დახმარების გაწევას.  მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო ამ შეთანხმებით დაფინანსებული წლის განმავლობაში ვერ შესძლებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებაზე განაცხადის შეტანას, არსებული დაფინანსებით საფუძველი შეიქმნება იმისათვის, რომ განაცხადის შეტანა მოხდეს პროექტის განხორციელების მეორე წელს, ხოლო  ISO 17025  აკრედიტაციის მიღება სავარაუდოდ მოხდება პროექტის მიმდინარეობის მეხუთე წელს.   პარალელურად, პირველი წლის დაფინანსება მოხმარდება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებისათვის ტრენინგების ჩატარებას სხვადასხვა დისციპლინებში, ასევე სეებ-ში მიმდინარე ისეთი პროცესების ხელშეწყობა, როგორიცაა შიდა აუდიტორული შემოწმება და აკრედიტაციის პროცედურებში ნაკლოვანებების გამოვლენა, რათა უზრუნველყოფილ იქნას სეებ-ის ლაბორატორიის აკრედიტირების პროცესის გაგრძელება. პირველი წლის დაფინანსებით ასევე ჩატარდება მტკიცებულებების დაბინძურების პრევენციის შესახებ ტრენინგი, ასევე მოხდება ორივე ლაბორატორიიდან  შერჩეული კანდიდატების დაფინანსება ხარისხის უზრუნველყოფის, ლაბორატორიის მართვის საკითხებისა და სასამართლო ექსპერტიზის სფეროში ახალი მეთოდების შესახებ სპეციალიზებულ საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.

 

სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური განვითარება

სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური განვითარების პროგრამის დანიშნულებაა საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაზრდა ისეთი პროფესიული საპოლიციო უწყების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც დანაშაულთან და ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებზე პრევენციულ რეაგირებას შეძლებს. ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქმიანობები აგრეთვე მოიცავს:  დახმარებას შსს-ს პოლიციის აკადემიის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, რათა აკადემიამ  შესაბამისი სასწავლო პროგრამის გამოყენებით სათანადო მომზადება ჩაუტაროს სტუდენტების მრავალფეროვან სპექტრს; საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა დასახმარებლად გამოძახებებზე რეაგირების უნარ-ჩვევებისა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შესაძლებლობების განვითარებას; ასევე იმ აღჭურვილობის შეზღუდული ოდენობით შეძენას, რომელიც აუცილებელია შსს-ს მიერ თავისი უფლებამოსილებების უსაფრთხოდ და ეფექტურად შესასრულებლად და აპოლიტიკური და გამჭვირვალე გზით საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. ამ მიზნების მისაღწევად აშშ-ს მთავრობა და საქართველოს მთავრობა განახორციელებენ ქმედებებს და შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების დაცვით, ყოველწლიურად გამოყოფენ რესურსებს ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად.  

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

· სხვადასხვა მოსამზადებელი კურსების პროგრამის შემუშავებაში დახმარება, რომელიც გააუმჯობესებს სამართალდამცავთა უნარებსა და ცოდნას, მათ შორის პოლიციის ძირითადი ფუნქციების (საპატრულო, ავარიების/შემთხვევების გამოძიება) განხორციელებას, სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას, ზედამხედველობასა და მართვას.

·   შსს-ს, მთავარი პროკურატურისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვა პოლიციისთვის, პროკურორებისა და მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილეებისათვის ოჯახში ძალადობის საკითხების შესახებ კომპლექსური და ინტეგრირებული მოსამზადებელი პროგრამის შემუშავებაში.

· ტრენინგის ჩატარება სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების საკითხებში, რომელიც მოიცავს ზოგად გამოძიებას, სასამართლო ექსპერტიზის საკითხებს და სპეციალიზებულ სწავლებებს მკვლელობის, სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრებისა და მასშტაბური საქმეების გამოძიების მიმართულებით. 

·  შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით, სამინისტროს განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევების გაგრძელება ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, აღჭურვილობის შერჩევა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის პრაქტიკის სტანდარტიზაცია.

· ქართველი პოლიციელებისა და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მომუშავე პოლიციელებისათვის ყოველწლიური კონფერენციის ქალები პოლიციაში" ჩატარების გაგრძელება და გაფართოება.

· „112"-ის სისტემის ოპერატორების (საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ცხელი ხაზი) მომზადებისა და უნარ-ჩვევების განვითარების გაგრძელება და პოლიტიკის შემუშავება.

·  შსს-ს კადრების მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის ტრენინგების გაგრძელება.

· შსს-ს გენერალური ინსპექციის სამსახურისთვის შიდაუწყებრივ გამოძიებაზე სასწავლო ღონისძიების ორგანიზება.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

·  საჭიროებისამებრ, სასწავლო ღონისძიებებისთვის გასამართი ადგილის გამოყოფა და საექსპერტო მხარდაჭერის გაწევა.

· ახლადშემუშავებული კურსების და სამუშაო ადგილზე გადამზადების პროგრამების გათვალისწინება შინაგან საქმეთა სამინისტროს პროფესიული განვითარებისა და გადამზადების პროგრამაში, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, პოლიციის აკადემიის კურსის ოფიციალურ სასწავლო პროგრამაში.

·  გადამზადების შესაბამისი მოვალეობების დაკისრება ინსტრუქტორებად მომზადებული პირებისთვის.

დაგეგმილია ზემოაღნიშნული პროექტის ოთხი წლის განმავლობაში განხორციელება; თუმცა, ამ ერთწლიანი პერიოდის დაფინანსება მოხმარდება: ტრენინგებსა და პოლიციის ძირითადი ფუნქციების განხორციელების საექსპერტო მხარდაჭერას; სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პრაქტიკას; ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; ნარკოტიკებით ვაჭრობის აღკვეთასა და ამ საქმეთა გამოძიებას; ასევე მოწმეთა ნებაყოფლობით გამოკითხვასა და დაკითხვის მეთოდებს; პოლიციის მიერ ზედამხედველობასა და მართვის საკითხებს.

 

სასჯელაღსრულების სისტემის განვითარება

პროექტის მიზანია სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებისათვის საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაზრდა, რათა სისტემაში დაინერგოს უსაფრთხო, დაცული, თანამედროვე სასჯელაღსრულების ჰუმანური  პრაქტიკა; სასჯელაღსრულების მრავალდისციპლინური მართვის პრინციპების შემოღება; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პერსონალის მომზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში სასჯელაღსრულების სისტემასთან პარტნიორობის მეშვეობითა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის გზით; აღნიშნული სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარება ახალი ციხის ამოქმედებისათვის, რათა გაიზარდოს ეფექტიანობის დონე ახალი ციხის სრულად ამოქმედებისას. ამ მიზნების მისაღწევად აშშ-ის მთავრობა და საქართველოს მთავრობა განახორციელებს ქმედებებს, და შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების დაცვით ყოველწლიურად გამოყოფს რესურსებს ამ ძალისხმევის მხარდაჭერისათვის.  

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

· საექსპერტო დახმარების ან/და მატერიალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრაქტიკასა და ციხის სისტემებთან დაკავშირებით.

·სასჯელაღსრულების სისტემის ფუნქციონირების საკითხებში საბაზისო და ზედა დონის ტრენინგების ჩატარება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, ასევე სასჯელასრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრსა და შერჩეულ ციხეებში. მოეწყობა სასწავლო ვიზიტები და ტრენინგები აშშ-ში აღნიშნული სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პერსონალისათვის. ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების დროს ყურადღება გამახვილდება შემდეგ სფეროებზე: სასჯელაღსრულების დაწესებულების მართვა; სამსახურებრივი მოვალეობები და სტანდარტული სამოქმედო პროცედურები სასჯელაღსრულების თანამშრომლებისათვის; სერტიფიცირება და ტრენერების გადამზადება სასჯელასრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიერ; პატიმრების კლასიფიკაცია რისკის, ქცევისა და სხვა ფაქტორების საფუძველზე; ასევე საპყრობილებში საგანგებო სიტუაციების მართვა და მათზე რეაგირება. 

· ალტერნატიული არასაპატიმრო ღონისძიებების ინტენსიური გამოყენება პრობაციის, სასჯელის გადავადების, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების გზით, ასევე სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტმენტს, და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილე მხარეებს შორის – როგორიცაა, პრობაციის ეროვნული სააგენტო, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, და სასამართლო ხელისუფლება - გაზრდილი კოორდინირების გამოყენების გზით.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

· პრაქტიკული სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩასატარებლად ადგილის გამოყოფა.

· შესაფერისი მონაწილეების შერჩევა ტრენინგ-პროგრამებზე დასასწრებად.

· სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე შესაბამის სამთავრობო პირებთან დაკავშირების უზრუნველყოფა ამ პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების მხარდასაჭერად. 

·  აღჭურვილობის შესყიდვა და გადაცემა აშშ-ის მთავრობის მიერ ორგანიზებული ტრენინგის განხორციელების ხელშეწყობისათვის. 

·  ტრენინგის შემდგომი სამოქმედო გეგმების შემუშავება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის უშუალო მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რეფორმირების სტრატეგიული გეგმის განხორციელებას.

· მთავარი ინდიკატორების განსაზღვრა რეფორმის შედეგების შესაფასებლად, ორმხრივად შეთანხმებული ფორმატით.

· იმ თანამშრომელთა, რომელთაც აშშ-ის ორგანიზებული ტრენინგები გაიარეს, შენარჩუნება მინიმუმ ორი წლით ისეთ თანამდებობებზე, სადაც ისინი მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ; გარდა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მათი რაიმე მიზეზის გამო სამსახურიდან გათავისუფლების, სამსახურის ნებაყოფლობით დატოვების, ან თანამდებობრივი დაწინაურების შემთხვევებისა.

დაგეგმილია ზემოაღნიშნული პროექტის ორი წლის განმავლობაში განხორციელება; გამოყოფილი დაფინანსება მოხმარდება სასჯელაღსრულების სისტემის საექსპერტო დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამის ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც თავდაპირველი ტრენინგები და სასწავლო ვიზიტები გაიმართება სასჯელაღსრულების მაღალი თანამდებობის პირებისათვის, მენეჯერებისა და თანამშრომლებისათვის, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის. ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების დროს ყურადღება გამახვილდება სასჯელაღსრულების სისტემის მართვაზე, სამსახურებრივ მოვალეობებსა და სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებზე, ტრენერების სერტიფიცირებასა და გადამზადებაზე, პატიმრების კლასიფიკაციაზე, და საგანგებო სიტუაციების დროს დაგეგმვასა და რეაგირებაზე.  

სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის პროგრამა

სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის პროექტი ხორციელდება ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის (ABA    ROLI) ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაზრდას ადვოკატთა კორპუსის პროფესიონალიზმის, საპროცესო და სხვა უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით, რათა მათ უკეთ შესძლონ სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირობებში. პროფესიონალი და ძლიერი ადვოკატთა კორპუსის ჩამოყალიბება აუცილებელია მართლმსაჯულების ისეთი დაბალანსებული მართლმსაჯულების სისტემის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას და პატივს სცემს სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის უფლებებს და  სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამ მიზნების მისაღწევად აშშ-ის მთავრობა და საქართველოს მთავრობა განახორციელებს ქმედებებს, და შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების დაცვით ყოველწლიურად გამოყოფს რესურსებს ამ ძალისხმევის მხარდაჭერის მიზნით.  

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

·  ექსპერტების დაფინანსება, რათა მათ უშუალოდ ჩაატარონ ტრეინინგები ისეთ თემებზე, როგორიცაა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძვლები და სხვა საპროცესო უნარ-ჩვევები, მათ შორის: ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს წინაშე გამოსვლა, ჯვარედინი დაკითხვა, და სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულებების გამოყენება.

·  ქართველი ადვოკატებისთვის დახმარების გაწევა, რათა სავალდებულო ეთიკის ნორმებისა და საპროცესო უნარ-ჩვევების, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცოდნის დემონსტრირება მოახდინონ საქართველოს მოქალაქეების ეფექტური დაცვის მიზნით სისხლის სამართლის საქმეებში.

·   პროგრამის ფარგლებში ადვოკატები გადამზადდებიან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საკითხებში თბილისში, ასევე დედაქალაქის გარეთ, რეგიონებში. ამას გარდა, ადვოკატები შეიძენენ სხვა ადვოკატების გადამზადების უნარ-ჩვევებს.

·  ტრენინგების დროს ასევე ყურადღება გამახვილდება ადვოკატების საპროცესო უნარების გაუმჯობესებაზე; განსაკუთრებით კი იმ მიზნით, რომ მათ უფრო ეფექტურად შეძლონ საქმეების წარდგენა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე.

· საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან კონსტრუქციული მუშაობა საექსპერტო დახმარების გაწევისა და ტრენინგების ჩატარების მიზნით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეფორმის მხარდაჭერისა და მის ისეთ პროფესიონალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისათვის, რომელიც შესძლებს ტრადიციული ტრენინგების გარდა ინტერნეტში სასწავლო პლატფორმის გამოყენებით თავისი წევრებისათვის უწყვეტი სამართლებრივი განათლების მიღების შესძლებლობების შეთავაზებას.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

· პრაქტიკული სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩასატარებლად ადგილის გამოყოფა.

· პროექტის განმახორციელებელთან მუშაობა შესაფერისი მონაწილეების შესარჩევად, რომლებიც სასწავლო პროგრამებს დაესწრებიან.

·  პროექტის განმახორციელებლის დაკავშირება შესაბამის სახელმწიფო მოხელეებთან საქართველოს მთავრობაში.

დაგეგმილია ზემოაღნიშნული პროექტის ოთხი წლის განმავლობაში განხორციელება; თუმცა, ამ ერთწლიანი პერიოდის დაფინანსება მოხმარდება ადვოკატების მომზადებას საპროცესო უნარ-ჩვევებში; მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის საკითხებში; ექსპერტის ჩვენებისა და სასამართლო ექსპერტიზის ნივთმტკიცების სასამართლო პროცესზე წარდგენაში; ნაფიცი მსაჯულების სასამართლოში მონაწილეობის მიღებაში; სამართლებრივ წერასა და სამართლებრივ ეთიკაში; ასევე - ონლაინ სასწავლო პლატფორმის ტექნიკურ ჩამოყალიბებასა და განხორციელებას.

 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა

აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარება ადამიანით ვაჭრობისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის აღკვეთის მიმართულებით, რისთვისაც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარის რეგიონში ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი.

ამ მიზნების მისაღწევად აშშ-ის და საქართველოს მთავრობების მიერ განხორციელდება სათანადო ქმედებები და ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, ყოველწლიურად მოხდება რესურსების გამოყოფა.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

·  დაფინანსების გამოყოფა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მთავარ პროკურატურასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, სასამართლოსთან, დაზარალებულთა ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გაძლიერდეს სამართალდამცავი ორგანოებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეაგირება აჭარის რეგიონში ადამიანით ვაჭრობის რისკებზე. ტრენინგების ჩატარება სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომელთათვის აჭარის რეგიონში ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლის გამოვლენისა და დაცვის საკითხებში.

· ადამიანით ვაჭრობის შემთხვევების გამოძიების საკითხებზე ქართველი პოლიციელებისთვის, ზედამხედველებისთვის, პოლიციის ატაშეებისთვის, საკონსულოს თანამშრომლებისა და შსს-ს სხვა თანამშრომლებისთვის ზოგადი ტრენინგის ჩატარება 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ქმედებები:

· პრაქტიკული სემინარების და ტრენინგების ჩასატარებელი ადგილის გამოყოფა.

· ტრენერების და მრჩევლების დაკავშირება შესაბამის სახელმწიფო მოხელეებთან, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან.

·  შესაბამისი მონაწილეების შერჩევა ტრენინგზე დასასწრებად, საჭიროებისამებრ.

დაგეგმილია ზემოაღნიშნული პროექტის ორი წლის განმავლობაში განხორციელება. თუმცა, პირველი წლის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება აჭარაში ადგილობრივ პოლიციასთან და პროკურატურასთან მუშაობაზე; ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფისათვის ტრენინგებისა და საექსპერტო დახმარების შეთავაზებაზე; ასევე თბილისში ადამიანით ვაჭრობის საქმეებზე მომუშავე პოლიციის თანამშრომლებთან და პროკურორებთან, მათ შორის, ყურადღება გამახვილდება ეფექტურ საგამოძიებო მეთოდებზე, სტანდარტულ პრაქტიკასა და სამოქმედო პროცედურებზე; მოწმეთა და მსხვერპლთა გამოკითხვასა და დაკითხვაზე.

 

საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტი

საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების ზრდას, სამართალდამცავ სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დადებითი ურთიერთობების ჩამოაყალიბებას. „ქართული საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისათვის"  ორიენტირებულია პრევენციის ეფექტური პროგრამების შემუშავებასა და არასრულწლოვან დამნაშავეთა მიმართ მართლმსაჯულების ალტერნატიული მეთოდების უფრო ფართოდ გამოყენებაზე, სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი არასამთავობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის ჩამოყალიბებაზე. აღნიშნული პროექტის მიზანია როგორც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, ასევე მათ მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის შემცირება. აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკის დანერგვის მიზნით დაწყებული ფუნდამენტური ცვლილების ხელშეწყობა პოლიციაში, სასამართლოსა და საზოგადოებაში.

ამ მიზნების მისაღწევად აშშ-ის და საქართველოს მთავრობათა მიერ განხორციელდება სათანადო ქმედებები და ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, ყოველწლიურად მოხდება რესურსების გამოყოფა.

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

·  დაფინანსების გამოყოფა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც იმუშავებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და არასრულწლოვანთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის შემცირებაზე; ამავდროულად ხელს შეუწყობს საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მოდელების დანერგვის მიმართულებით ფუნდამენტურ ცვლილებებს პოლიციაში, სასამართლოებსა და საზოგადოებაში.   

· შემოქმედებითი, ახალი და მდგრადი ინიციატივების განხორციელება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის 20 საშუალო სკოლაში საქართველოს ოთხ რეგიონში ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან, თემთან, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. სათემო ინიციატივების განხორციელება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა სკოლების მიღმა ჩატარდეს ისეთი ღონისძიებები, რაც გააძლიერებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას და ხელს შეუწყობს აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკის დანერგვასა და საზოგადოებასთან რეინტეგრაციის პროცესს.

· არასრულწლოვანი დამნაშავეების განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში ჩართული მედიატორების, პროკურორების, სოციალური მუშაკების და პრობაციის ოფიცრების გადამზადება.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები:

· სამართალდამცავ ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირების, და სხვა შესაბამისი სამინისტროების, ასევე სკოლების დირექციების მიერ პროგრამის მხარდაჭერა.

·  პროგრამაში მონაწილეობისთვის შესაფერისი პირების შერჩევაში დახმარება.

·  ტრენინგების ჩასატარებელი ადგილის გამოყოფა და საექსპერტო დახმარების უზრუნველყოფა, საჭიროებისამებრ.

დაგეგმილია ზემოაღნიშნული პროექტის ოთხი წლის განმავლობაში განხორციელება; ამ ერთწლიანი პერიოდის დაფინანსება მოხმარდება საქართველოს ოთხ რეგიონში 20 საშუალო სკოლის შერჩევას, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის განხორციელების მეორე წელს; ასევე - პოლიციის, მასწავლებლების და სკოლის მანდატურების გადამზადებას, რათა მათ შეძლონ ამ პროგრამის მართვა შერჩეულ სკოლებში; და საგანმანათლებლო რესურს ცენტრების წარმომადგენლების, მედიატორების, პროკურორების, სოციალური მუშაკების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საშუალო სკოლების მოსწავლეების შერჩევას სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე შექმნილი ახალგაზრდული კლუბების აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.

III.   პროექტის საქმიანობების მიზნები და მიღწეული შედეგების დადასტურება

სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის პროგრამა

ამ პროექტის გრძელვადიანი მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და განმტკიცებაში წვლილის შეტანა, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, პროკურორებისა და მოსამართლეების უნარ-ჩვევებისა და პროფესიონალიზმის განმტკიცებისათვის; სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის განმტკიცებას და სამართლიანი სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების პატივისცემის გაზრდას. ამ წლის დაფინანსების მიზანია ტრენინგების ჩატარება და დახმარების გაწევა მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე საქმის წარმართვაში; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ახალ ასპექტებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებაში; და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსების გადასინჯვაში. პროექტის მიზნის შესრულება შეფასდება შემდეგი შედეგების მიხედვით: 

· მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე პერსონალი, რომელიც გაივლის აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ტრეინინგს, მათ შორის მინიმუმ 200 პროკურორი და პროკურატურის სამსახურის გამომძიებელი, და 200 მოსამართლე მომზადდება სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის ოფისის მიერ და უფრო მეტ კომპლექსურ ცოდნას შეიძენს იმ საკითხებში, რომლებშიც ისინი გადამზადდებიან. ზემოაღნიშნული შეფასდება მონაწილეთა შეფასებებით, სასამართლო სხდომების მონიტორინგის შედეგებით და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობასთან გასაუბრებების მიხედვით.     

· პარლამენტი მიიღებს სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის ოფისის მიერ შეთავაზებული ცვილებების 30%-ს სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსთან, სისხლის სამართლის კოდექსთან და ადმინისტრაციულ კოდექსთან დაკავშირებით, რომლის მონიტორინგსაც განახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, და სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის ოფისი.

·  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, სისხლის სამართლის კოდექსით, ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვის ეთიკური და კომპლექსური გამოყენება სულ უფრო მეტი საქმის განხილვისას თბილისსა და მის მახლობელ ქალაქებში, რომლის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს  სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის სასამართლო მონიტორინგის პროგრამა.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემოწმების მეთოდები მოიცავს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო) მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ დაკვირვებას, კვლევებსა და ქართველი მოქალაქეების აზრის გამოკითხვას, ტრეინინგების სააღრიცხვო დოკუმენტებს და სასამართლო სხდომების მონიტორინგს.

 

სასამართლო ექსპერტიზის/კრიმინალისტიკის ლაბორატორიის განვითარების პროექტი

ამ პროექტის გრძელვადიანი მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაზრდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მტკიცებულებების შეგროვების, მათი ანალიზისა და წარდგენის თვალსაზრისით. ამ წლის დაფინანსების მიზანია შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის დახმარების გაწევა აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევასა და შენარჩუნებაში, ასევე ტრეინინგების ჩატარება და დახმარების გაწევა დანაშაულის ჩადენის ადგილის გამოძიების საკითხებში, სასამართლო სამედიცინო ექპერტიზაში, და სასამართლო ექსპერტების პროფესიულ განვითარებაში. პროექტის მიზნის შესრულების მდგომარეობა შეფასდება შედეგების მიხედვით: 

· საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის/კრიმინალისტიკური ლაბორატორიები აკმაყოფილებენ მტკიცებულებების შეგროვების, შენახვისა და გამოკვლევის შესახებ ISO 17025-ით განსაზღვრულ სტანდარტებს.

· საქართველოს სასამართლო/კრიმინალისტიკური ლაბორატორიები აკმაყოფილებენ  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის კლიენტების, როგორიცაა შსს და მთავარი პროკურატურა, - სამართალწარმოებისათვის საჭირო მტკიცებულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს,  რომლებიც განისაზღვრება ექსპერტებთან, პროკურორებთან, შსს-ს და მთავარი პროკურატურის გამომძიებლებთან და იუსტიციის სამინისტროსთან დისკუსიების შედეგად.

· დანაშაულის ჩადენის ადგილის დამუშავების საკითხებში გადამზადებულ სპეციალისტებსა და ფოტოგრაფებს შეუძლიათ დანაშაულის ჩადენის კომპლექსური ადგილის დამუშავება ტრენინგის დროს მიღებული ცოდნის შესაბამისად. დანაშაულის ჩადენის ადგილის დამუშავების ყველა ტრეინინგი სრულდება პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომელთა შესრულება ტრეინინგის მონაწილეებისაგან მოითხოვს უნარ-ჩვევების გამოყენებას რეალურ, რთულ სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეებზე დაფუძვნებულ იმიტირებულ სცენარებში. ტრეინინგის მონაწილეებს აფასებენ ტრეინერები.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემოწმების მეთოდები მოიცავს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო) მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ დაკვირებას, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებთან დისკუსიებს, სასამართლო ექსპერტიზის/კრიმინალისტიკურ ლაბორატორიებზე დაკვირვებას, და ნაფიცი მსაჯულების სასამართლოების მონიტორინგს.

 

სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური განვითარება

ამ პროექტის გრძელვადიანი მიზანია საქართველოში მშვიდობასა და ქვეყნის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა პოლიციის პროფესიული განვითარებისა და უნარ-ჩვევების განმტკიცების გზით, რათა მათ შესძლონ დანაშაულისა და ცხოვრების ხარისხის საკითხებზე პროაქტიულად რეაგირება, სამსახურებრივი მოვალეობების უსაფრთხოდ და ეფექტურად განხორციელება და საქართველოს ყველა მოქალაქის დაცვა და მომსახურება აპოლიტიკური და გამჭვირვალე გზით. ამ წლის დაფინანსების მიზანია ტრეინინგების ჩატარება და დახმარების გაწევა პოლიციელებისათვის, მენეჯერებისათვის, უშუალო უფროსებისა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირებისათვის პოლიციის ძირითადი ფუნქციების, სისხლის სამართლის გამოძიების, ოჯახში ძალადობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, მოწმეთა გამოკითხვისა და დაკითხვის საკითხებში, ასევე სხვა ასპექტებში. პროექტის მიზნის შესრულების მდგომარეობა შეფასდება შემდეგი შედეგების მიხედვით: 

· სამართალდამცველთა რაოდენობა, რომელთაც წარმატებით დაასრულეს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ტრეინინგები, იქნება 700­-დან 800-მდე. ეს შემოწმდება ტრეინინგებზე დასწრების აღრიცხვის საფუძველზე. 

· გადამზადებული პოლიციელების მინიმუმ 60%  ტრეინინგის დროს შესწავლილ მეთოდებსა და შეძენილ უნარ-ჩვევებს მაღალპროფესიულ დონეზე და მუდმივად იყენებენ,  რასაც ადასტურებენ მათი უშუალო უფროსები, ტრენინგის ექსპერტები, ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს პერსონალი, და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილეები.

· სისხლის სამართლის გამოძიების სტანდარტებს სასამართლო ექსპერტიზის, ან სისხლის სამართლის გამოძიების საკითხებზე ჩატარებული ტრეინინგების მონაწილე მინიმუმ 60% იყენებს ისე, როგორც ეს დემონსტირირებული იქნა ტრეინინგებზე პრაქტიკული სავარჯიშოების დროს, ან სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილეების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემოწმების მეთოდები მოიცავს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო) მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ დაკვირებას, კვლევებსა და ქართველი მოქალაქეების აზრის გამოკითხვას, ტრეინინგების სააღრიცხვო დოკუმენტებს, და დისკუსიებს და გასაუბრებებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილეებთან.

 

სასჯელაღსრულების სისტემის განვითარება

პროექტის გრძელვადიანი მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში წვლილის შეტანა, უსაფრთხო, დაცული, თანამედროვე  სასჯელაღსრულების ჰუმანური  პრაქტიკის დამკვიდრების გზით. მიმდინარე წლის დაფინანსების მიზანია ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა და დახმარების გაწევა სასჯელაღსრულების თანამშრომელთათვის, მენეჯერებისათვის, სოციალური მუშაკებისათვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის შემდეგი მიმართულებებით: სასჯელაღსრულების თანამედროვე დაწესებულებების მართვა; სამსახურებრივი მოვალეობები და სტანდარტული საოპერაციო პროცედურები; სასჯელაღსრულების საკითხებში ტრენერების მომზადება და სერტიფიცირება; პატიმართა კლასიფიკაცია;   საპყრობილეებში საგანგებო სიტუაციების მართვა და რეაგირება. პროექტის მიზნის შესრულების მდგომარეობა შეფასდება შემდეგი შედეგების მიხედვით: 

· სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც გაივლიან აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებს, ახორციელებენ საპრყობილეების თანამედროვე მართვას სამოდელო, რუსთავის №16 საპრყობილეში 12-18 თვის განმავლობაში.

· სულ მცირე 4 ქართველი თანამშრომელი გახდება ტრენერთა სერტიფიცირებული ტრენერი აშშ-ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან თანამშრომლობის შედეგად.

· სახალხო დამცველის აპარატის მიერ დადასტურებულ  შემთხვევებზე, პატიმრებზე ძალადობის შესახებ, დაწყებულია სასჯელაღსრულების თანამშრომლების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა, ან მათ მიმართ გატარებულია დისციპლინური ღონისძიება.

·  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაუმჯობესებული პირობები აისახება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის/საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ომბუდსმენის მიერ მომზადებულ ანგარიშებში, და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიშში. 

პროექტის წარმატებით განხორციელების შემოწმების მეთოდები მოიცავს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო) მთავრობის წარმომადგენელთა მიერ ჩატარებულ დაკვირებას, ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და სხვა ქვეყნების მიერ მომზადებულ ანგარიშებს საპყრობილეებში არსებული მდგომარეობის შესახებ და მათ მიერ განხორციელებულ მონიტორინგს, ასევე ტრენინგების სააღრიცხვო დოკუმენტებს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის პროგრამა

პროექტის გრძელვადიანი მიზანია საქართველოში კანონის უზენაესობის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში წვლილის შეტანა სისხლის სამართლის საქმეებზე გამომსვლელი დაცვის მხარისა და სამართლებრივი დახმარების იურისტების უნარ-ჩვევებისა და პროფესიონალიზმის განმტკიცების გზით.  ამ წლის დაფინანსების მიზანია სისხლის სამართლის საქმეებზე გამომსვლელი ადვოკატებისა და უფასო იურიდიული დახმარების ადვოკატებისათვის ტრეინინგების ჩატარება და დახმარების გაწევა შემდეგ საკითხებში: ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე გამოსვლა; მოწმეთა დაკითხვა; სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულების გამოყენება; ონლაინ სასწავლო პროგრამის დაწყება.  პროექტის მიზნის შესრულების მდგომარეობა შეფასდება შემდეგი შედეგების მიხედვით.

· სისხლის სამართლის საქმეებზე გამომსვლელმა ადვოკატმა და უფასო იურიდიული დახმარების მინიმუმ 200 ადვოკატმა წარმატებით დაასრულა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ტრეინინგი. ეს შემოწმდება ტრენინგებზე დასწრების აღრიცხვის საფუძველზე.  

·  დაცვის ადვოკატები ტრენინგების დროს შეძენილ უნარ-ჩვევებს გამოამჟღავნებენ სასამართლო დარბაზებში, რაზეც მონიტორინგს განახორციელებს აღნიშნული პროექტის განმახორციელებელი.

· დაცვის ადვოკატები ერთიდან სამამდე გამამართლებელ ვერდიქტს, ანუ გამამართლებელ განაჩენს მიაღწევენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული ყოველი ათი საქმიდან. 

 

პროექტის წარმატებით განხორციელების შემოწმების მეთოდები მოიცავს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო) მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ დაკვირებას, ტრეინინგების სააღრიცხვო დოკუმენტებს, და პროექტის განმახორციელებლის მიერ განხორციელებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების მონიტორინგს.

 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა

ამ პროექტის გრძელვადიანი მიზანია საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა  განხორციელდეს ადამიანით ვაჭრობის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა. ამ წლის დაფინანსება განსაზღვრულია ტრენინგების ჩასატარებლად და რეგიონში პოლიციელებისა და პროკურორებისაგან ჩამოყალიბებული ადამიანით ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის გასაძლიერებლად, ასევე ტრენინგების ჩასატარებლად სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებისათვის ტრეფიკინგის შესაძლო მსხვერპლის გამოვლენისა და მისი დაცვისათვის. პროექტის ამ მიზნის შესრულების მდგომარეობა შეფასდება შემდეგი შედეგების მიხედვით:  

· სულ მცირე 40 პოლიციელი, პროკურორი და მართლმსაჯულების სისტემის სხვა წარმომადგენელი წარმატებით დაასრულებს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებს.  ტრენინგებზე დასწრების აღრიცხვის საფუძველზე. 

· ტრენინგის გავლის შედეგად იდენტიფიცირებულია ტრეფიკინგის შვიდი, ან მეტი მსხვერპლი, რომელთაც შესთავაზეს დახმარება.

· ტრეინინგის გავლისა და აჭარის რეგიონში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების შედეგად განხორციელდა ადამიანით მოვაჭრე თხუთმეტი ან მეტი პირის დაკავება. მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლებრივი დევნა და არიან მსჯავრდებულები.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემოწმების მეთოდები მოიცავს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო) მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ დაკვირებას, ტრეინინგების სააღრიცხვო დოკუმენტებს, იუსტიციის სამინისტროს, შსს-ს და თავშესაფრების მიერ გაკეთებული ანგარიშები და ადამიანით ვაჭრობის შესახებ წარმოებული სტატისტიკა, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოში ადამიანით ვაჭრობის შესახებ. 

 

საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტი

ამ პროექტის გრძელვადიანი მიზანია საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განმტკიცების გზით, რაც გულისხმობს დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას სამართალდამაცვი ორგანოების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ასევე არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირებას. ამ წლის დაფინანსების მიზანია მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და საბჭოს სხვა წევრებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მონიტორინგის პროცესში დახმარების გაწევა, მათთვის ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გზით; საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება მედიაციისა და განრიდების კუთხით, რა მიზნითაც ჩატარდება სამუშაო შეხვდრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახლად დაარსებული მედიაციის ცენტრის თანამშრომლების, სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციალური დეპარტამენტის და პრობაციის ბიუროს თანამშრომლების მონაწილეობით. 

პროექტის მიზნის განხორციელების შეფასება მოხდება შემდეგი შედეგების მიხედვით: 

·  სამართლებრივი განათლებისა და დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები ჩატარდა საქართველოს ოთხ რეგიონში შერჩეულ 20 საშუალო სკოლაში.

· ოთხ შერჩეულ რეგიონში 75-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანი, გადაწყდება მედიაციის, განრიდებისა ან სხვა ალტერნატიული არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების გზით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემოწმების მეთოდები მოიცავს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო) მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ დაკვირებას, ასევე პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სასამართლოების მონიტორინგის სხვა ჯგუფების მიერ განხორციელებულ მონიტორინგს, ტრენინგის დოკუმენტებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს-სა და პროგრამაში მონაწილე ადგილობრივი სკოლების მიერ წარმოდგენილ პერიოდულ ანგარიშებს.

 

IV. პროგრამის შეფასება

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები წელიწადში ერთხელ გამართავენ შეხვედრას, რათა განიხილონ პროექტების ზემოაღწერილი მიზნებისა და ამოცანების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული ყოველწლიური შეფასებების დროს განიხილება როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. ერთობლივად მომზადდება ანგარიში, რომელშიც შეჯამებული იქნება შეფასების შედეგები და ანგარიში დაეგზავნება ყველა მონაწილე მხარეს. ამგვარი შეფასებები განხორციელდება დამატებით იმ მუდმივი მონიტორინგისა, რომელსაც ზემოაღწერილ პროგრამებთან და გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განახორციელებს ორივე მთავრობის შესაბამისი პერსონალი.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, საქართველოში, 2014 წლის  29 სექტემბერი

 ორ ასლად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით

________________________

 

ირაკლი ღარიბაშვილი                            

პრემიერ-მინისტრი

 

                                   

________________________

 

ნიკოლას ბერლინერი                  

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი