1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
ა) საარჩევნო კომისიის წევრი უშვებს ამომრჩეველს საარჩევნო ადგილას. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი შეშვებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ დგას;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (პირადობის მოწმობა, პასპორტი) და ამომრჩეველთა სიაში პირადი ნომრის შეტანის შემდეგ ხელის მოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამომრჩეველთა სიაში;
გ) მიღებული ბიულეტენი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მჯდომ დამმოწმებელი კომისიის წევრთან, რომელიც ხელმოწერით და ბეჭდით დაამოწმებს ბიულეტენს;
დ) ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი მიდის ფარული კენჭისყრისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას და საარჩევნო ბიულეტენში წერს სასურველი კანდიდატის სახლს, გვარსა და სარეგისტრაციო ნომერს. ამომრჩეველმა ბიულეტენი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;
ე) დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში არა აქვს ზედმეტი ბიულეტენი;
ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩასაგდები ჭრილი.
3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) კანდიდატისა;
გ) კანდიდატის წარმომადგენლის;
დ) დამკვირვებლისა.
4. თუ ამომრჩეველს ან საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება ,,გაფუჭებულია”, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
5. საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკირვებლებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას შესვლამდე და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ამომრჩევლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს, იგი ვალდებულია წარუდგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.
7. საარჩევნო ტერიტორია იკეტება კენჭისყრისათვის განსაზღვრული დროის დამთავრებისთანავე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საარჩევნო კომისიის მდივანი წერილობით რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარ-სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს