(1) ყოველი საერთაშორისო განაცხადი, ამ ოქმის თანახმად, წარდგენილი უნდა იყოს ინსტრუქციით დადგენილ ბლანკზე. წარმოშობის დამდგენი უწყება ადასტურებს, რომ საერთაშორისო განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები შეესაბამება მონაცემებს, რომლებიც დადასტურების თარიღისათვის არსებობს ძირითად განაცხადში ან ძირითად რეგისტრაციაში იმის მიხედვით, თუ რომელ შემთხვევას ექნება ადგილი. გარდა ამისა, ხსენებულმა უწყებამ უნდა უჩვენოს:

(i) ძირითადი განაცხადის შემთხვევაში - ამ განაცხადის შეტანის თარიღი და ნომერი;

(ii) ძირითადი რეგისტრაციის შემთხვევაში - რეგისტრაციის თარიღი და ნომერი და ასევე იმ განაცხადის შეტანის თარიღი და ნომერი, რომლის საფუძველზეც მოხდა მისი რეგისტრაცია.

წარმოშობის დამდგენმა უწყებამ უნდა უჩვენოს საერთაშორისო განაცხადის წარდგენის თარიღიც.

(2) განმცხადებელმა უნდა მიუთითოს იმ საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება ნიშნის დაცვა და, აგრეთვე, თუ შესაძლებელია, შესაბამისი კლასი ან კლასები ნიშნების სარეგისტრაციოდ ნიცის ხელშეკრულებით დადგენილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით. თუ განმცხადებელი არ მიუთითებს კლასებს, საერთაშორისო ბიურო თვითონ ანაწილებს საქონელსა და მომსახურებებს აღნიშნული კლასიფიკაციის შესაბამისი კლასების მიხედვით. განმცხადებლის მიერ მითითებული კლასები ექვემდებარება შემოწმებას საერთაშორისო ბიუროს მხრიდან, რომელიც აღნიშნულ შემოწმებას აწარმოებს ეროვნულ უწყებასთან ერთად. ეროვნულ უწყებასა და საერთაშორისო ბიუროს შორის უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა უკანასკნელის მოსაზრებას ენიჭება.

(3) თუ განმცხადებელი მოითხოვს ფერის, როგორც მისი ნიშნის განმასხვავებელი მახასიათებლის დაცვას, იგი ვალდებულია:

(i) განაცხადოს ამის შესახებ და საერთაშორისო განაცხადთან ერთად წარმოადგინოს მითითება იმ ფერზე ან ფერთა კომბინაციაზე, რომლის დაცვაც მოეთხოვება;

(ii) განაცხადს თან დაურთოს აღნიშნული ნიშნის ფერადი ასლები, რომლებიც მიმაგრებული უნდა იყოს საერთაშორისო ბიუროს მიერ გაცემულ შეტყობინებებზე; ასეთი ასლების რაოდენობა დგინდება ინსტრუქციით.

(4) საერთაშორისო ბიურო დაუყოვნებლივ არეგისტრირებს ნიშნებს, რომლებიც შეტანილია მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღად ითვლება წარმოშობის ქვეყანაში საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღი იმ პირობით, თუ საერთაშორისო ბიურომ საერთაშორისო განაცხადი მიიღო ამ თარიღიდან ორი თვის ვადაში. თუ საერთაშორისო განაცხადი არ იქნა მიღებული ამ ვადაში, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღად ითვლება თარიღი, როდესაც საერთაშორისო განაცხადი იქნა მიღებული საერთაშორისო ბიუროში. საერთაშორისო ბიურო დაუყოვნებლივ ატყობინებს დაინტერესებულ უწყებებს საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ. საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირებული ნიშნები ქვეყნდება პერიოდულ ბიულეტენში, რომელსაც გამოსცემს საერთაშორისო ბიურო საერთაშორისო განაცხადში არსებული მონაცემების საფუძველზე.

(5) საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირებული ნიშნების გაცნობის მიზნით ყოველი უწყება საერთაშორისო ბიუროსაგან ღებულობს აღნიშნული ბიულეტენის ეგზემპლარების გარკვეულ რაოდენობას უფასოდ და გარკვეულ რაოდენობას მე-10 მუხლში მოხსენიებული ასამბლეის (შემდგომში „ასამბლეა“) მიერ დადგენილი პირობების შესაბამისი ფასდაკლებით. ყველა მონაწილე მხარისათვის ასეთი გაცნობა ითვლება საკმარისად და არაფერი სხვა არ უნდა იყოს მოთხოვნილი საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელისაგა