1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
2. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით.
3. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით და თუ ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის/მონაცემების ხელმეორედ გამოყენება (ასეთის საჭიროებისას).
4. საზღვარგარეთ მყოფ პირზე 32
-გვერდიანი პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ასევე თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
5. საზღვარგარეთ მყოფ პირზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი, თუ დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით და თუ ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.
6. საქართველოში მყოფ პირზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი, თუ მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით და თუ ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი დაინტერესებული პირის ბიომეტრიული ფოტოსურათი შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, საზღვარგარეთ მყოფი პირის მიმართ შესაბამისი მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოთხოვნის განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, განმცხადებელს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად არა უმეტეს ერთი თვისა. დოკუმენტების წარდგენამდე მოთხოვნის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტების დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
9. განმცხადებლის ვინაობასა ან შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მომსახურების გაწევაზე.
10. სახელის ან/და გვარის შეცვლისას, ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის და ამავე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტი შეიძლება გაიცეს ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, აღებული აქვს თუ არა დაინტერესებულ პირს პირადობის მოწმობა, მათ შორის, პირადობის მოწმობა ახალი მონაცემებით.
11. შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნის წარდგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება, ასევე ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანხმობის გაცემა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
მომსახურება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურებ