1. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ შეიძლება განხორციელდეს პირის რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემასთან, ასევე ციფრული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე
-6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება (ადგილზე მომსახურება).

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ მისამართი, სადაც უნდა განხორციელდეს ადგილზე მომსახურება შედის მის სამოქმედო ტერიტორიაში.

3. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი წარმოადგენს თუ არა ამ მომსახურების მიმღებ დაინტერესებულ პირს. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული განცხადების წარდგენის გზით. თუ ადგილზე მომსახურება უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენის დღეს, ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენამდე, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – განცხადების წარდგენის დღეს. ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდის აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ადგილზე მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შესახებ.

4. განმცხადებელს ადგილზე მომსახურების მოთხოვნის წარდგენისას გადაეცემა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის სამახსოვრო ბარათი. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში).

5. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს განცხადებაში მითითებულ ვადაში. განცხადების წარდგენასა და ადგილზე მომსახურების გაწევის ვადას შორის უნდა არსებობდეს გონივრული დროითი შუალედი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ვიზიტს დაინტერესებულ პირთან განცხადებაში მითითებულ მისამართზე და შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) დაინტერესებული პირის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაციის ასახვას შესაბამისი მომსახურებისათვის განკუთვნილ განცხადებას/განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს დაინტერესებული პირი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) სამახსოვრო ბარათში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით დაინტერესებული პირისათვის სამახსოვრო ბარათის ხელმოსაწერად გადაცემას. დაინტერესებული პირი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

გ) დაინტერესებული პირის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათის და შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარებას;

დ) დაინტერესებული პირისათვის ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ე) დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების აღება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ვ) დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ზ) დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მიტანას განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

7. ადგილზე მომსახურების საშუალებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის განხილვის ვადა აითვლება შესაბამისი მომსახურების გაწევაზე განცხადების/განცხადება-ანკეტის შევსების დღიდან.

8. ადგილზე მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი არ თავისუფლდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

თავი VIII

რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შეჩერებისა და უარის თქმის წესე