1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პერსონალიზაცია (შევსება) წარმოებს ქართულ ენაზე, ასევე ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის – ქართულ და ინგლისურ ენებზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად.

2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია წარმოებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად.

3. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება რეგისტრაციის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში შეტანილი მოქმედი მონაცემების საფუძველზე.

4. დაუშვებელია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ჩანაწერებში შესწორების შეტანა.

5. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს. იმ შემთხვევაში, როცა 9 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირის, ასევე ქმედუუნარო პირის სახელზე გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი, მფლობელის ხელმოწერის გრაფაში ხელმოწერას შეასრულებს არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

6. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში მისი მფლობელის პირადი ხელმოწერის შესრულება შეუძლებელია მფლობელის ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის ან ამ დებულების 25
-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობის გამო, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა მფლობელის პირადი ხელმოწერის გარეშე.

7. თუ პასპორტში, სამგზავრო პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტში მათი მფლობელის ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია პირადი ხელმოწერის შესრულება, ასევე როცა აღნიშნული დოკუმენტები გაიცემა მესამე პირის მეშვეობით ან დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენის საფუძველზე, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა პირადი ხელმოწერის გარეშე.

8. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ყველა რეკვიზიტის შევსების შემდეგ, დამზადებული მოწმობის ფოტოსურათის მარჯვენა ზედა კუთხეში და მოწმობის უკანა გვერდზე, სპეციალურ ადგილზე დაისმება გერბიანი ბეჭედი. გერბიანი ბეჭედი წარმოადგენს 20 მმ-იანი დიამეტრის მრგვალ ტვიფრს, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია საქართველოს გერბი. გერბის ირგვლივ წრიულად იკითხება წარწერა: ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, „სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“ და ხუთნიშნა რიცხვით გამოსახული შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის კოდი.

9. პასუხიმგებლობა პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში, პასპორტში, სამგზავრო პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტში, ასევე სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში შეტანილი მონაცემების სისწორეზე ეკისრებათ შესაბამის თანამდებობის პირებს. კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემების უშეცდომოდ შეტანასა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ბეჭდვაზე პასუხისმგებელია შესაბამის კომპიუტერულ პროგრამასთან მომუშავე პირ