1. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამზადება წარმოებს სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. სააგენტო უზრუნველყოფს დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ტერიტორიული სამსახურისათვის დალუქული სახით გადაცემას და გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობისა და ნომრების დიაპაზონის თაობაზე ინფორმაციის ასახვას სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. სააგენტოსგან მიღებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების თაობაზე ინფორმაცია, ზედდებულში აღნიშნული ნომრების და რაოდენობის მითითებით, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღების დღესვე აღირიცხება სააღრიცხვო ჟურნალში. ამავე ჟურნალში აღირიცხება მიღებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების განაწილება შესაბამის თანამდებობის პირებზე, ამ უკანასკნელთა გვარების, მათზე გაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების და რაოდენობის მითითებით. სააღრიცხვო ჟურნალის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრაზე ლუქის მთლიანობის დარღვევის ან უსანქციო ხელყოფის სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შედგენილი ოქმი, რომელიც შეკვრასთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს. სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახური ამოწმებს დაბრუნებულ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობას, ნომრების თანმიმდევრობას და შესაბამისობას ზედდებულში მითითებულ ნომრებთან/რაოდენობასთან და ადგენს შესაბამის ოქმს. თუ გამოვლინდა, რომ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია – გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, ან შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, აღნიშნულის თაობაზე მიეთითება შესაბამის ოქმში. ოქმის შედგენის შემდეგ მკაცრი აღრიცხვის ბლანკები შეიფუთება ლოჯისტიკის სამსახურის მიერ და შეფუთული შეკვრა მოწმდება სააგენტოს ბეჭდით. ლოჯისტიკის სამსახურის მიერ შეფუთული და ბეჭდით დამოწმებული შეკვრა (წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების, ასევე მკაცრი აღრიცხვის იმ ბლანკების გამოკლებით, რომლებზეც განმეორებულ იქნა ერთი და იგივე ნომერი), ლოჯისტიკის სამსახურის მიერ შედგენილ ოქმთან ერთად, გადაეცემა იმავე ან სხვა ტერიტორიულ სამსახურს. ინფორმაცია ტერიტორიული სამსახურისათვის გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობის, ნომრების დიაპაზონის, ნომრების თანმიმდევრობის დარღვევის – გამოტოვების ან განმეორების, ასევე წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების თაობაზე შეიტანება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.
4. შეფუთული და დალუქული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ იხსნება კომისიური წესით. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრის კომისიური წესით გახსნის შემდეგ ყურადღებით მოწმდება შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობა, ნომრების თანმიმდევრობა და შესაბამისობა ზედდებულში მითითებულ ნომრებთან და რაოდენობასთან, რის თაობაზეც შედგენილ უნდა იქნეს სათანადო ოქმი. თუ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია – გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, აღნიშნულის თაობაზე მითითებულ უნდა იქნეს სათანადო ოქმში. ოქმში მიეთითება შემთხვევა, როცა შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. ორივე შემთხვევაში ოქმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს ინფორმირებისა და შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, გადაეცემა სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია აისახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების განმეორების შემთხვევაში, ერთი და იმავე ნომრის მქონე მკაცრი აღრიცხვის ბლანკები, ასევე წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკები უნდა დაერთოს შესაბამის ოქმს.
5. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში, რომლის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. ჟურნალის წარმოებისას აუცილებელია შემდეგი წესების გათვალისწინება:
ა) ყოველი სახეობის ბლანკების აღრიცხვა უნდა წარმოებდეს ცალკე ჟურნალში;
ბ) სააღრიცხვო ჟურნალის ყველა გრაფა უნდა ივსებოდეს ყურადღებით, სრულად და შეცდომების გარეშე. დაუშვებელია ჩანაწერებში შესწორების შეტანა, თუ იგი არ არის დამოწმებული სააღრიცხვო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ და არ არის განმარტებული მიზეზი;
გ) სააღრიცხვო ჟურნალის ფურცლები უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ლუქით დამაგრებული და რეგისტრირებული სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში (სააღრიცხვო ჟურნალის მატერიალური ფორმით წარმოების შემთხვევაში);
დ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვის აღრიცხვა უნდა წარმოებდეს მათი ნომრების მზარდი თანმიმდევრობის მიხედვით იმ დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც ერიცხება შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან სამსახურის თანამშრომელს.
6. მკაცრი აღრიცხვის ბლანკის ბეჭდვის/შევსების პროცესში შეცდომის დაშვების ან მკაცრი აღრიცხვის ბლანკის ტექნიკურად დაზიანების შემთხვევაში ფორმდება სათანადო ოქმი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ. დაზიანებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკის ნომერი მიეთითება სააღრიცხვო ჟურნალში. დაზიანებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. მკაცრი აღრიცხვის ბლანკის დაზიანება მისი არასწორი შევსების ან სხვა დაუდევარი მოქმედების შედეგად გამოიწვევს შესაბამისი პირის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
8. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ტირაჟირებას და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მომარაგებას ყველა სახეობის ბლანკებით და საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურ