1. განცხადება უნდა იყოს წარდგენილი საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული განცხადების ბლანკზე.
2. განცხადება ივსება საქართველოს სახელმწიფო ენაზე ორ ეგზემპლარად ნაბეჭდი სახით.
3. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლ(ებ)ის სახელს და გვარს (საერთაშორისო კოდი – 71) და პირად ნომერს, იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის სახელწოდებას და რეგისტრაციის ნომერს;
ბ) განმცხადებლის მისამართს ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობის ქვეყნის კოდის მითითებით; იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის მისამართს ქვეყნის კოდის მითითებით;
გ) თხოვნას დიზაინის რეგისტრაციის შესახებ;
დ) თხოვნას პრიორიტეტის დადგენის შესახებ, რისთვისაც განმცხადებელმა ,,X”-ით უნდა მონიშნოს მოთხოვნილი პრიორიტეტის შესაბამისი უჯრა;
ე) საკონვენციო პრიორიტეტის შემთხვევაში პირველი განაცხადის ნომერს (საერთაშორისო კოდი – 31), პირველი განაცხადის შეტანის თარიღს (საერთაშორისო კოდი – 32) პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის/უწყების კოდს (საერთაშორისო კოდი - 33);
ვ) საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში დიზაინის გამოფენაზე ჩვენების თარიღს (საერთაშორისო კოდი – 23);
ზ) პროდუქტის დასახელებას, რომელშიც ჩართულია ან რომლისთვისაც უნდა იყოს გამოყენებული დიზაინი (საერთაშორისო კოდი – 54);
თ) განაცხადში წარდგენილი დიზაინების რაოდენობას (საერთაშორისო კოდი – 28);
ი) მიმოწერის მისამართს საქართველოს ტერიტორიაზე, ადრესატის სრულ სახელს ან დასახელებას, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ფაქსის ნომერს (საერთაშორისო კოდი – 98);
კ) თუ განაცხადი წარდგენილია დიზაინერის წარმომადგენლის ან უფლებამონაცვლის მეშვეობით წარმომადგენლის/უფლებამონაცვლის სახელს, მისამართს, ტელეფონს, ელ –ფოსტის მისამართს (საერთაშორისო კოდი – 74);
ლ) დიზაინერ(ებ)ის სახელს და მისამართს ქვეყნის კოდის მითითებით შესაბამის გრაფაში;
მ) მითითებას იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა დიზაინის შექმნა სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას;
ნ) შესაბამის მითითებას, თუ განმცხადებელი იმავდროულად დამსაქმებელია;
ო) განაცხადის თანდართული საბუთების ნუსხას, სადაც მიეთითება ეგზემპლარებისა და ფურცლების რაოდენობა.
4. თუ განცხადების შევსებისას ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“  ქვეპუნქტის შესაბამისად მითითებულია, რომ განმცხადებელი იმავდროულად დამსაქმებელია, მაშინ განმცხადებელს არ ეკისრება დამატებით განმცხადებელსა და დამსაქმებელს შორის დადებული ხელშეკრულების წარმოდგენის ვალდებულება.
5. თუ განმცხადებელი ითხოვს გამოქვეყნების გადადებას, ამ შემთხვევაში მან განცხადების შესაბამის გრაფაში ,,X”-ით (იქსით) უნდა მონიშნოს უჯრა და მიუთითოს გამოქვეყნების გადადების ვადა თვეებში, არა უმეტეს 30 თვისა განაცხადის წარდგენიდან ან პრიორიტეტის თარიღიდან. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს ის დიზაინები, რომლებზეც მოითხოვება ვადის გადადება.
6. თუ განმცხადებელი ითხოვს დაჩქარებულ რეგისტრაციას, მან ,,X”-ით უნდა მონიშნოს შესაბამისი უჯრა.
7. ბლანკი უნდა იყოს ხელმოწერილი და ხელმოწერის დღით დათარიღებული განმცხადებლის, უფლებამოსილი პირის ან წარმომადგენლის მიერ და მიეთითოს ხელმომწერი პირის სრული სახელი