1. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე (შემდგომში – განცხადება);
ბ) დიზაინის გამოსახულებას;
2. განაცხადი დამატებით შეიძლება შეიცავდეს:
ა) დიზაინის აღწერილობას, რომელიც ატარებს მხოლოდ განმარტებით ხასიათს. იგი შეიძლება სიტყვიერად აღწერდეს დიზაინის გამოსახულებას და გამოსახულების ნიშნების თავისებურებებს;
ბ) საპრიორიტეტო საბუთს, თუ მოითხოვება საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი.
3. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დიზაინერის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან ორი თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
4. თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.
5. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ერთ-ერთი თანადიზაინერია, განაცხადს უნდა დაერთოს თანადიზაინერთა სათანადოდ დამოწმებული წერილობითი თანხმობა, თუ მათ შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დამოწმებული ასლი უნდა ერთოდეს განაცხადს.
6. უცხოურ ენაზე წარდგენილ საგანაცხადო მასალებს, წარდგენის დღიდან ორი თვის ვადაში უნდა დაერთოს სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული მასალები წარდგენილად არ მიიჩნევა.
7. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სარგებლობს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შეღავათიანი საფასურით, აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი საქპატენტს წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან 2 კვირის ვადაში