1. განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში მატერიალური ფორმით ან საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (შემდგომ – ელექტრონული სისტემა) – https://online.sakpatenti.gov.ge/ მეშვეობით. საგანაცხადო მასალების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საგანაცხადო მასალები ელექტრონული სახით მონაცემთა ელექტრონული მატარებლის გამოყენებით (მაგ.: CD-ROM დისკი). ელექტრონული სახით წარმოდგენილი საგანაცხადო მასალები შედგენილი უნდა იყოს „.doc“ ფორმატში, Sylfaen-ის შრიფტით.
2. საქპატენტში საგანაცხადო მასალების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, საქმისწარმოების ფარგლებში, ყველა სახის დოკუმენტი განმცხადებელს ეგზავნება მატერიალური ფორმით.
3. საქპატენტში საგანაცხადო მასალების ელექტრონული სისტემით წარდგენის შემთხვევაში, საქმისწარმოების ფარგლებში, განმცხადებელს ყველა სახის დოკუმენტი ეგზავნება საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მისთვის ჩაბარებულად ითვლება სისტემაში ასახვისთანავე. ამ მომენტიდან იწყება კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლა ყველა შესაბამისი მომდევნო ქმედებისთვის.
4. საქპატენტში განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შემდგომ, განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების მატერიალური ფორმით გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის დღიდან განაცხადზე აღარ გავრცელდება ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით საფასურებზე კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
5. საქპატენტში განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემდგომ, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით გაგრძელება. ამ შემთხვევაში განაცხადზე არ გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. დამატებითი ინფორმირების მიზნით, განმცხადებელს შესაძლებელია გაეგზავნოს მოკლეტექსტური შეტყობინება განაცხადთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ.
7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საქმისწარმოების წესი ვრცელდება ასევე პატენტის გაცემის შემდგომ საქმისწარმოებაზეც.
8. განცხადება წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული განცხადების ფორმით, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალები ნებისმიერ ენაზე.
9. უცხოურ ენაზე წარდგენილ საგანაცხადო მასალებს, წარდგენის დღიდან ორი თვის ვადაში, უნდა დაერთოს თარგმანი ქართულ ენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.
10. განმცხადებელი ვალდებულია უზრუნველყოს თარგმანის ავთენტურობა.
11. თუ განაცხადი წარდგენილია გამომგონებლის უფლებამონაცვლის ან განმცხადებლის წარმომადგენლის მეშვეობით და განაცხადს თან არ ერთვის უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის დედანი, განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს უფლებამონაცვლეობის ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი.
12. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სარგებლობს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შეღავათიანი საფასურით, აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი საქპატენტს წარედგინება განაცხადის შეტანის თარიღიდან 2 კვირის ვადაში.
13. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება მიკროორგანიზმთა შტამს, შტამების კონსორციუმს, უჯრედს, უჯრედულ კულტურას, მონოკლონურ ანტისხეულს და სხვა მსგავს ობიექტებს, განაცხადს თან უნდა ერთოდეს დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული დეპოზიტარიუმის მიერ, რომელიც შეიცავს დეპოზიტარიუმის სახელწოდებას, დეპონირებისათვის წარდგენილი მასალის დასახელებას, დეპონირებული მასალის რეგისტრაციის ნომერს, თარიღს და მასალის სრულ აღწერას. დეპონირებისთვის მასალის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღისა. დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დასაშვებია განაცხადის წარდგენის დღიდან ორი თვის ვადაში.
14. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შეიცავს ნუკლეოტიდურ ან ამინომჟავურ თანმიმდევრობას, განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან ორი თვის ვადაში განცხადებას თან უნდა დაურთოს შესაბამისი თანმიმდევრობის ნუსხა ისმო-ს სტანდარტის ST-25-ის შესაბამისად.
15. თუ გამომგონებელს სურს მისი სახელი დარჩეს ანონიმური, განაცხადს თან უნდა ერთოდეს გამომგონებლის შესაბამისი განცხადებ