ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კოდექსით და ამ მუხლით განსაზღვრული ტერმინები, რომლებსაც აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ცხოველური წარმოშობის სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი, რომელიც მიიღება სურსათის საწარმოებლად განკუთვნილი ცხოველისაგან. ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ასევე მოიცავს თაფლს, სისხლს, ცოცხალ ორსაგდულიან მოლუსკებს, ცოცხალ კანეკლიანებს, ცოცხალ ტუნიკატებს და ზღვის ცოცხალ მუცელფეხიანებს, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის საკვებად;
ბ) ფერმა – ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცხოველის მოშენებას;
გ) ხორცი – მოიცავს შემდეგი ცხოველებისგან მიღებულ ადამიანის საკვებად განკუთვნილ ცხოველის ნაწილებს:
გ.ა) შინაური ჩლიქოსანი ცხოველი – შინაური მსხვილფეხა ცხოველი, ღორი, ცხვარი და კენტჩლიქიანები, ასევე გარეული ცხოველი, რომელიც მოშენებულია ფერმაში, როგორც შინაური ცხოველი;
გ.ბ) ფრინველი – შინაური ფრინველი, ასევე გარეული ფრინველი, რომელიც მოშენებულია ფერმაში, როგორც შინაური ფრინველი;
გ.გ) ბოცვრისნაირები – კურდღელი, ბოცვერი და მღრღნელები;
დ) ცხოველის ტან‑ხორცი – ცხოველის სხეული მისი დაკვლისა და გამოშიგვნის შემდეგ;
ე) ახალი ხორცი – ხორცი, რომელსაც არ გაუვლია შენახვისათვის საჭირო არც ერთი პროცედურა, გარდა გაცივებისა, გაყინვისა და სწრაფად გაყინვისა, მათ შორის, ვაკუუმში ან შესაბამის კონტროლირებად ატმოსფერულ პირობებში შენახული ხორცი;
ვ) შიგნეული – ახალი ხორცი შინაგანი ორგანოებისა და სისხლის ჩათვლით, ცხოველის ტან‑ხორცის გარდა;
ზ) შინაგანი ორგანოები – გულმკერდის, მუცლისა და მენჯის ღრუს ორგანოები, ასევე ტრაქეა და საყლაპავი მილი (ფრინველის შემთხვევაში – ჩიჩახვი);
თ) გატარებული ხორცი – ძვლებგამოცლილი ხორცი, რომელიც ფრაგმენტებად დაქუცმაცდა და შეიცავს 1%‑ზე ნაკლებ მარილს;
ი) მექანიკურად განცალკევებული ხორცი – ხორცი, რომელიც მექანიკური საშუალებების გამოყენებით განცალკევებულია ძვლისაგან, რაც იწვევს ცხოველის კუნთოვანი სტრუქტურის შეცვლას;
კ) დამზადებული ხორცი (ფარში) – ახალი ხორცი, მათ შორის, ფრაგმენტებად დაქუცმაცებული ხორცი, რომელსაც დაემატა საკვები საშუალებები, საკაზმი ან საკვებდანამატი, ან რომელმაც გაიარა კუნთის სტრუქტურის შეცვლისათვის გადამუშავების არასაკმარისი პროცესი იმგვარად, რომ ახალი ხორცის მახასიათებლები არ დაუკარგავს;
ლ) სასაკლაო – ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა ცხოველის დაკვლას;
მ) ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკი – ფირფიტალაყუჩიანი მოლუსკი;
ნ) ზღვის ბიოტოქსინები – მომშხამველი ნივთიერება, რომელიც გროვდება ორსაგდულიან მოლუსკში პლანქტონის შემცველი ტოქსინებით კვების შედეგად;
ო) კონდიცირება – ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების შეფუთვის ან დაფასოების წინ სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად მისი რეზერვუარში ან სხვა ტიპის დანადგარში შენახვა, რომელიც შეიცავს ზღვის სუფთა წყალს, ასევე მისი სხვა ბუნებრივ ადგილზე განთავსება, რათა მოშორებულ იქნეს ქვიშა, შლამი და ჭუჭყი, მისი ორგანოლეპტიკური თვისებების შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიზნით;
პ) რეტრანსლაცია – ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ბუნებრივი გაწმენდა ზღვას ან ლაგუნაში გადაყვანის გზით მათი დაბინძურების შემცირებისათვის საჭირო დროის განმავლობაში. ეს არ მოიცავს იმ ზონებს, სადაც მოლუსკების გადატანა ხდება მათი შემდგომი გაზრდისა და გასუქებისათვის;
ჟ) თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქტი (შემდგომში – თევზჭერის პროდუქტი) – ზღვასა და მტკნარ წყლებში მოპოვებული გარეული ან მოშენებული ცხოველები და მათი საკვებად გამოსაყენებელი ნაწილები (ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების, ცოცხალი კანეკლოვანების, ცოცხალი ტუნიკატების, ზღვის ცოცხალი მუცელფეხოვანი მოლუსკების, ყველა ძუძუმწოვრის, ცივსისხლიანისა და ბაყაყის გარდა);
რ) მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტი – ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც მიიღება მექანიკური საშუალებებით თევზჭერის პროდუქტისაგან რბილობის განცალკევებით, რაც იწვევს თევზჭერის პროდუქტის ხორცის სტრუქტურის შეცვლას;
ს) ახალი თევზჭერის პროდუქტი – თევზჭერის გადაუმუშავებელი პროდუქტი, ვაკუუმში ან შესაბამის ატმოსფერულ პირობებში შენახული პროდუქტის ჩათვლით, რომელსაც გაცივების გარდა არ გაუვლია შენახვისათვის საჭირო არც ერთი პროცედურა;
ტ) დამზადებული თევზჭერის პროდუქტი – თევზჭერის გადაუმუშავებელი პროდუქტი, რომელმაც გაიარა პროცედურები, რის შედეგადაც დაირღვა მისი ანატომიური მთლიანობა, მათ შორის, გამოშიგვნა, თავის მოცლა, დაჭრა და დაქუცმაცება;
უ) ნედლი რძე – მოშენებული ცხოველისაგან მიღებული რძე, რომელიც არ გაცხელებულა 40°C‑ზე მეტ ტემპერატურაზე ან არ გაუვლია ეკვივალენტური ეფექტის მქონე სხვა სახის დამუშავება;
ფ) კვერცხი – კვერცხი, რომელიც მიღებულია მოშენებული ფრინველისაგან, არ არის გატეხილი და რომელიც გამოსადეგია სურსათის დასამზადებლად ან საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით;
ქ) თხევადი კვერცხი – გადაუმუშავებელი კვერცხის შიგთავსი ნაჭუჭის მოშორების შემდეგ;
ღ) გაბზარული კვერცხი – კვერცხი, რომელსაც დაზიანებული აქვს ნაჭუჭი, თუმცა შენარჩუნებული აქვს მემბრანის მთლიანობა;
ყ) ლოკოკინა – Helix pomatiaLinné, Helix espersaMuller, Helix lucorum სახეობის ხმელეთის მუცელფეხიანები და აქადინების კლასი;
შ) ხორცის პროდუქტი – გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიიღება ხორცის გადამუშავებით ან ამ გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავების პროცესის შედეგად და რომელსაც აღარ აქვს ახალი ხორცის მახასიათებლები;
ჩ) რძის პროდუქტი – გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიიღება ნედლი რძის გადამუშავებით ან ამ გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავების შედეგად;
ც) კვერცხის პროდუქტი – გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიიღება კვერცხის გადამუშავებით ან ამ გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავების პროცესის შედეგად;
ძ) გადამუშავებული თევზჭერის პროდუქტი – გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც მიიღება თევზჭერის პროდუქტის გადამუშავებით ან ამ გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავების პროცესის შედეგად;
წ) ცხოველის გადამდნარი ცხიმი – ცხიმი, რომელიც მიიღება ხორცის (ძვლის ჩათვლით) გადადნობის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;
ჭ) ხიწიწი – წყლისა და ცხიმის ნაწილობრივი განცალკევების შემდეგ მიღებული ცხოველის გადამდნარი ცხიმის პროტეინის შემცველი ნარჩენი;
ხ) დამუშავებული კუჭი, შარდის ბუშტი და ნაწლავები – მუცლის ღრუ, შარდის ბუშტი და ნაწლავები, რომლებმაც მოპოვებისა და გაწმენდის შემდეგ გაიარა დამუშავება, კერძოდ, დამარილება, თერმული დამუშავება ან გაშრობა;
ჯ) სასმელი წყალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი წყალი;
ჰ) სუფთა წყალი – ზღვის, მდინარის ან სხვა არასასმელი წყალი, რომელიც არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზ