1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმი არის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საკრებულოს (შესაბამისად – საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომაზე საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიმდინარეობა.
2.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის, საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმების წარმოება სავალდებულოა. ოქმები ინომრება კალენდარული წლის განმავლობაში. ოქმების წარმოების წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით.
3.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმის ტექსტი შედგება შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან.
4.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის (საკრებულოს ბიუროს სხდომის, საკრებულოს კომისიის სხდომის) ოქმის შესავალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა)
№14 შრიფტით შესრულებული გამუქებული წარწერა საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) დასახელება და რიგითი ნომერი (დაიტანება ფურცლის დასაწყისის შუა ნაწილში);
ბ)
№11 შრიფტით შესრულებული წარწერა საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის ჩატარების ადგილი (დაიტანება საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) დასახელების და რიგითი ნომრის 2 ინტერვალით დაბლა, დამკვირვებლის პოზიციიდან მარცხენა მხარეს);
გ)
№11 შრიფტით შესრულებული წარწერა საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის ჩატარების დრო (შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი, თვე, წელიწადი დაიტანება საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის ჩატარების ადგილის გასწვრივ დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს);
დ)
№11 შრიფტით შესრულებული ჩანაწერი საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის თავმჯდომარის და წევრების, აგრეთვე მოწვეული სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობის შესახებ (დაიტანება საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) სხდომის ჩატარების დროს აღმნიშვნელი თარიღის 2 ინტერვალით დაბლა);
ე)
№11 შრიფტით შესრულებული ჩანაწერი საკრებულოს (საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის) განხილვის საგნის – სხდომის დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგის ყოველი საკითხი ოქმში ცალკე შეიტანება და ისინი ინომრება უწყვეტად, არაბული ციფრებით.
5.
ოქმის ძირითადი ნაწილი შედგება განაყოფებისაგან, რომლებიც შეესაბამება დღის წესრიგის პუნქტებს. ოქმის ძირითადი ნაწილის თითოეული განაყოფი უნდა შედგეს შემდეგი სტრუქტურით:
ა)
,,I. მოისმინეს: (...)“: ამ ნაწილში შეიტანება დღის წესრიგის საკითხზე მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებლების) ვინაობა და მათი გამოსვლების ძირითადი შინაარსი. თუ მომხსენებლის (თანამომხსენებლის) მოხსენება წერილობითი სახით ერთვის ოქმს, მაშინ ოქმში კეთდება შესაბამისი მითითება. იმ შემთხვევაში, თუ მომხსენებელი წარადგენს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტს, ეს პროექტი წერილობითი სახით ოქმს თან ერთვის;
ბ)
,,II. საკითხის შესახებ აზრი გამოთქვეს: (...)“: ამ ნაწილში გადმოცემული უნდა იყოს საკითხის გარშემო კამათში გამომსვლელთა ვინაობა და მათი გამოსვლების მოკლე შინაარსი;
გ)
,,III. საკითხის შესახებ კენჭისყრა: (...)“: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის შესახებ გამართული კენჭისყრის სახე (ღია, ფარული, სახელობითი, კენჭისყრა ბიულეტენების მეშვეობით), კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა (თუ კენჭისყრა სახელობითია - მონაწილეთა ვინაობაც) და კენჭისყრის შედეგები (საკითხის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, ხოლო თუ კენჭისყრა სახელობითია – მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ვინაობაც);
დ)
,,IV. დაადგინეს/გადაწყვიტეს: (...)“: ოქმის ამ ნაწილში შეიტანება საკითხის თაობაზე სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს სამართლებრივი აქტის მიღებას მიღებული აქტის ტექსტი სრულად ერთვის ოქმს. თუ გადაწყვეტილება გულისხმობს საკითხის გადადებას, დღის წესრიგიდან მოხსნას ან თუ კენჭისყრის შედეგად სამართლებრივი აქტის პროექტი უარყოფილია, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6.
საკრებულოს სხდომის აუდიო- ან ვიდეო ჩანაწერი საკრებულოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ინახება საკრებულოს შესაბამისი სხდომის ოქმთან ერთად