1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფაზე, ამ თავის თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.
3. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აღრიცხვაზე აჰყავს, განუმარტავს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვალდებულების შესრულების წესებსა და პირობებს და პერიოდულად აკონტროლებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფა ხდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით.
5. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მას ეკისრება.
6. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც დაკისრებული აქვს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვალდებულება, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ან სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის სააღსრულებო წარმოებას.
7. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახება.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №986 – ვებგვერდი, 17.10.2025