1. სარწყავი სისტემის სათავე წყალმიმღები ნაგებობა წარმოადგენს ჰიდროტექნიკური ნაგებობების კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის:

ა) ჰიდროკვანძის ნაგებობისათვის გამოყოფილი გასხვისების ზოლის ფარგლებში მოქცეული მიმდებარე მდინარის (ზედაპირული წყალსადინარის) უბანი;

ბ) ჩამკეტ-სარეგულაციო ფარები და მათი ამწე მექანიზმები, რომელთა დარეგულირებით ხდება სათავე ჰიდროკვანძის ფარგლებში მდინარის ნაკადის ტრანზიტულად გატარება, წყლის წყაროდან საჭირო რაოდენობის წყლის აღება და მიმდებარე ტერიტორიის სათავე ჰიდროკვანძის ზედა ბიეფში შეტბორილი წყლის გადადინებისაგან დაცვა;

გ) ჰიდროტექნიკური გამრეცხი, ნატანდამჭერი და ხრეშდამჭერი გალერეები, სალექარები, ნაგავდამჭერი გისოსები, ნაგებობები და მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის წყაროდან ასაღები წყლის გაწმენდას ნატანისა და შეტივნარებული ნაგვისაგან;

დ) მაგისტრალური არხის საწყისი მონაკვეთი წყალმიმღები კვეთიდან სათაო ჰიდრომეტრიულ პოსტამდე;

ე) თევზგამტარი და თევზდამცავი ნაგებობები და მოწყობილობები;

ვ) გეოდეზიური რეპერები და ნიშნები, ჰიდროპოსტების საკონტროლო-გამზომი აპარატურა, ავტომატიკის, ტელემექანიკის, კავშირის საშუალებები და მოწყობილობები, მისასვლელი გზები და ინფრასტრუქტურის ობიექტები.

2. სათავე წყალმიმღები ნაგებობის ტექნიკური ექსპლუატაცია უნდა ხორციელდებოდეს ჰიდროკვანძის ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქციის, ცალკეული წყალგამტარი კვეთისათვის დადგენილ წყლის დონეებსა და წყლის ხარჯებს შორის დამოკიდებულების გრაფიკების, ნაგებობის წყალგამტარი ხვრეტების საკეტების (ფარების) მანევრირების სქემის, მონაცემების საფუძველზე პერიოდული დათვალიერების და რევიზიის შედეგების გათვალისწინებით.

3. ჩამკეტ-სარეგულაციო ფარების (საკეტების) მანევრირებამ უნდა უზრუნველყოს:

ა) სათავე ნაგებობის ზედა ბიეფში საჭირო წყლის დონის შეტბორვის ისეთი რეჟიმის შენარჩუნება, რომელიც ხელს შეუშლის ნატანის მოხვედრას წყალმიმღებში და უზრუნველყოფს ნატანის შეუფერხებელ ტრანზიტს ქვედა ბიეფში, ფსკერული გამრეცხი და ნატანდამჭერი გალერეების მეშვეობით;

ბ) წყლის ხარჯების თანაბარზომიერი და უწყვეტი გადინება ქვედა ბიეფში, წყალსაგდები ფრონტის მთელ სიგანეზე;

გ) წყლის ნაკადის მიმართვა მკვრივი გრუნტების და რისბერმის მძლავრი მონაკვეთების მიმართულებით;

დ) ნაგებობის ქვედა ბიეფში წყლის ნაკადის შეუღლება დატბორილი ჰიდრავლიკური ნახტომის სახით;

ე) წყლის საკომანდო დონეების უზრუნველყოფა სარწყავ სისტემაში წყლის მოთხოვნილი ხარჯის ასაღებად;

ვ) დალექილი ნატანის ჰიდრავლიკური გარეცხვა და წყლის ნაკადში შეტივნარებული, ზედაპირული ნატანის ტრანზიტული გატარება.

4. ჩამკეტ-სარეგულაციო ფარების (საკეტების) ჩაშვებული მდგომარეობისას არ უნდა ჰქონდეს ადგილი წყლის გადინებას, რისთვისაც პერიოდულად საჭიროა ფარების შემამჭიდროებელი რეზინების გამოცვლა.

5. ფოლადის კონსტრუქციების ნაწილების ურთიერთშეერთების ადგილების დაჟანგვისაგან დასაცავად საჭიროა მათი პერიოდული დათვალიერება და მეტალის დეტალების ზედაპირების პერიოდულად შეზეთვა და შეღებვა.

6. სათავე წყალმიმღები ჰიდროკვანძის კომპლექსში შემავალ ყველა ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე – ფილტრაციულ პროცესებზე უნდა წარმოებდეს ვიზუალური და ინსტრუმენტულ-ნატურული დაკვირვებები და ჰიდრავლიკური გამოკვლევები.

7. ვიზუალური დაკვირვებები ტარდება:

ა) ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფებში, წყლის მიმყვან და გამყვან კალაპოტებში მდინარის ნაკადის ჰიდრავლიკურ რეჟიმზე;

ბ) ბეტონისა და გრუნტის ნაგებობების დეფორმაციებზე;

გ) ფილტრაციული ნაკადის გამოსვლის ადგილებსა და ნაგებობის ფარგლებში მიმდინარე გრუნტის სუფოზიური პროცესების განვითარებაზე.

8. ინსტრუმენტულ-ნატურული დაკვირვებები მოიცავს:

ა) ნატურულ, ჰიდრავლიკურ და ფილტრაციულ კვლევებს;

ბ) ნაგებობისა და მისი ცალკეული კვანძების ვერტიკალური და ჰორიზონტალური გადაადგილებების და ბზარების გახსნის სიდიდეების ინსტრუმენტულ გაზომვებს გეოდეზიური მეთოდებით, რეპერების პერიოდული ნიველირებით და სპეციალური მზომი მოწყობილობებით;

გ) ინსტრუმენტულ დაკვირვებებს სათავე ნაგებობის ქვედა და ზედა ბიეფში მდინარის კალაპოტის ფორმირების პროცესებზე.

9. ჰიდრავლიკური გამოკვლევის დანიშნულებაა:

ა) ჰიდროკვანძთან წყლის ნაკადის მიდინების პირობების შესწავლა (ნაკადის მიმართულება, სიჩქარეთა განაწილება, კალაპოტის დეფორმაციის პროცესები);

ბ) ჰიდროკვანძის ქვედა ბიეფის მდგომარეობის (წყლის ენერგიის ჩამქრობი მოწყობილობები, ნაგებობის რისბერმა, ნატანის გარეცხვისა და დალექვის პროცესები) კონტროლი;

გ) ქვედა ბიეფში, წყლის ნაკადის ენერგიის ჩაქრობის პირობების (სიჩქარეთა განაწილებისა და ნაკადის გადინების ხასიათი წყალგამტარი ხვრეტების მუშაობის სხვადასხვა რეჟიმისათვის) გამოკვლევა;

დ) ჰიდროკვანძის ცალკეული ხვრეტების ფაქტობრივი წყალგამტარობის განსაზღვრა და ამ ხვრეტების ტარირება.

10. ჰიდრავლიკური გამოკვლევების ჩასატარებლად გამოიყენება ჰიდრომეტრიული და სპეციალური საზომი კვეთები, ჰიდრომეტრიული ტრიალები, ტივტივები, ლარტყები, წყლის დონისა და საკეტების მდგომარეობის მზომები, თვითჩამწერი მოწყობილობები.

11. ჰიდროკვანძის ფილტრაციული პროცესების გამოკვლევის დანიშნულებაა:

ა) მიწის კაშხლიანი სათავე ნაგებობის ტანში დეპრესიის მრუდის მდებარეობის დადგენა, ფილტრაციული ნაკადის ხარჯის, ფილტრაციის სიჩქარისა და ნაგებობათა საფუძველზე მოქმედი ჰიდროდინამიკური დაწნევის სიდიდის განსაზღვრა;

ბ) დაკვირვება ბეტონის ნაგებობის საფუძველში და გვერდებზე, გამდინარე წყლის ფილტრაციულ ნაკადზე;

გ) დაკვირვება დრენაჟისა და ფილტრაციის საწინააღმდეგო მოწყობილობების მუშაობის ეფექტურობაზე;

დ) ფილტრაციული წყლების სიმღვრივისა და ტემპერატურის განსაზღვრა.

12. ფილტრაციულ პროცესებზე დაკვირვება წარმოებს ნაგებობებში ჩამონტაჟებული პიეზომეტრების და სადრენაჟო ხაზებზე მოწყობილი, სათვალთვალო ჭებში ჩამონტაჟებული, წყალზომი მოწყობილობების მეშვეობით.

13. სათავე წყალმიმღებ ნაგებობაზე ჩასატარებელი საექსპლუატაციო ღონისძიებების სახეები, პერიოდულობა და მოცულობა დამოკიდებულია:

ა) სათავე წყალმიმღები ნაგებობის ტიპზე და კონსტრუქციულ თავისებურებებზე;

ბ) მდინარის წყალდიდობის (ცალკეულ წყალმოვარდნათა) ხარჯებზე და მათი გავლის პერიოდულობაზე;

გ) მდინარის ნატანის რეჟიმზე;

დ) სათავე ნაგებობის მეშვეობით აღებული წყლის ხარჯის პროცენტულ შეფარდებაზე შესაბამის პერიოდში მდინარეში გამდინარე წყლის ხარჯთან (წყალაღების პროცენტი