1. მაგისტრალური და სხვა რიგის გამანაწილებელი არხების და კოლექტორების მოვლა-შენახვა და ექსპლუატაცია ითვალისწინებს:

ა) დანალექისაგან, ნატანისაგან და მცენარეებისაგან გაწმენდას, რომლის პერიოდულობა და მოცულობა დამოკიდებულია წყლის წყაროდან აღებულ წყალში ნატანის შემცველობაზე (სიმკვრივეზე), მცენარეების სიმრავლესა და სათავე ნაგებობის ტიპზე (უკაშხლო, კაშხლიანი). წმენდითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს არასარწყავ პერიოდში; არხის გაწმენდა დანალეექი ნატანისაგან უნდა დაიწყოს არხის საწყისი კვანძიდან არხის ქანობის მიმართულებით, ხოლო ამოღებული გრუნტი უნდა მოსწორდეს არხის მიმდებარე ზოლში;

ბ) მოპირკეთებული არხების დაზიანებული მონაკვეთების და ფილტრაციული უბნების მიმდინარე რემონტის ჩატარებას არხის მდგრადობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად;

გ) მიწის კალაპოტიანი არხების განივი კვეთის ტექნიკური თუ საანგარიშო პარამეტრების შენარჩუნებას (დაცვას). არხის ფერდების ჩამონგრევის, ფსკერის გამორეცხვის და არხების დალექვის საწინააღმდეგო და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებას არხის საპროექტო გამტარიანობის უზრუნველსაყოფად;

დ) არხზე მოწყობილი წყალსარეგულაციო კვანძების და ჩამკეტ-სარეგულაციო ფარების (საკეტები) მოვლა-შენახვას და მიმდინარე საექსპლუატაციო რემონტის ჩატარებას;

ე) პროფილაქტიკურ ღონისძიებებს – წვრილმან (მცირე) და მიმდინარე რემონტების ჩატარებას.

2. მიწის კალაპოტიანი (მოუპირკეთებელი) მაგისტრალური და პირველი რიგის გამანაწილებელი არხების წყლით შევსება და წყლისაგან დაცლა უნდა ხდებოდეს თანდათანობით – არხში წყლის ხარჯების მნიშვნელოვანი ცვალებადობა უნდა ხდებოდეს 2-საათიანი ინტერვალით. ხარჯების მკვეთრი ცვალებადობისას ამპლიტუდა არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს, ხოლო უფრო დაბალი რიგის არხებისათვის – 10%-ს.

3. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არხის მოპირკეთების იმ უბნებს, სადაც არხი გადის სუფოზიურად არამდგრად და ჯდომად გრუნტებში, ფერდობებზე, მთლიან ყრილში ან ნახევრადყრილ-ნახევრადჭრილში, მათი ჰერმეტიზაციის სირთულისა და განსაკუთრებით დაბალი საექსპლუატაციო საიმედოობის გამო.

4. იმ სარწყავ სისტემებზე, რომელთაც არ აქვთ კაპიტალური კაშხლიანი სათავე ნაგებობები და წყალაღება ხორციელდება მდინარის კალაპოტში მოწყობილი დროებითი ნაკადმიმმართველი მიწის დამბებისა და წყალგამყვანი კალაპოტების მეშვეობით, აუცილებელია დროებითი დამბებისა და წყალმიმყვანი კალაპოტის აღდგენის სამუშაოების ჩატარება წელიწადში ერთხელ (გაზაფხულის წყალდიდობის ჩამთავრების შემდეგ), ან რამდენიმეჯერ – ყოველი მნიშვნელოვანი წყალმოვარდნის შემდეგ, დამბების დაზიანების შესაბამისად.

5. სარწყავი არხების, მილსადენების, ღარების, კოლექტორების, სადრენაჟო ქსელის, წყალსაგდებების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების კაპიტალური აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები ტარდება წარმოქმნილი აუცილებლობის შემთხვევაშ