1. დამშრობ სისტემაზე საექსპლუატაციო ჰიდრომეტრიული გაზომვების ჩატარების ძირითადი მიზანია არხებში გამდინარე წყლის ნაკადის სიღრმესა და დროის, ნაკადის განივი კვეთის ფართობისა და ნაკადის სიღრმეს, წყლის ნაკადის სიჩქარესა და სიღრმეს, წყლის ნაკადის ხარჯსა და სიღრმეს შორის ფუნქციონალური დამოკიდებულებების დადგენა, არხების ჰიდროლოგიური და ჰიდრომეტრიული პარამეტრებისა და ჩასატარებელი საექსპლუატაციო ღონისძიებების განსაზღვრისათვის შემდეგი მონაცემების მიღება:
ა) წყლის ჯამური წლიური ჩამონადენის ოდენობა დამშრობი სისტემის ზონაში;
ბ) ცალკეულ დამშრობ არხებში წყლის მაქსიმალური ჰორიზონტებისა და ხარჯების წლის განმავლობაში განაწილება;
გ) წყლის ჩამონადენის მოდულისა და კოეფიციენტების მნიშვნელობების განსაზღვრა;
დ) არხებში წყლის ჰორიზონტების ცვალებადობა სხვადასხვა წყლის ხარჯებისა და კალაპოტის სხვადასხვა სიმქისის პირობებში;
ე) წყალმიმღებებში წყლის დონეების რეჟიმის განსაზღვრა.
2. საექსპლუატაციო ჰიდრომეტრიული გაზომვების ჩასატარებლად აუცილებელია, დამშრობი სისტემის მრავალრიცხოვან კვანძებსა და ადგილებში განთავსებული და შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი, ძირითადი და დამხმარე ჰიდროსაგუშაგოების ქსელის არსებობა.
3. საექსპლუატაციო ჰიდრომეტრიული საგუშაგოების განთავსების საერთო სქემა უნდა შეესაბამებოდეს დამშრობი სისტემის ფუნქციონირების კონკრეტულ პირობებს.
4. ძირითადი ჰიდრომეტრიული საგუშაგოები, რომლებიც შეადგენენ ეგრეთწოდებულ საყრდენ ქსელს, აღჭურვილი უნდა იყოს:
ა) ინსტრუმენტული აპარატურით – წყლის დონეებისა და ხარჯების სისტემატურად და კალაპოტის ხორკლიანობის მახასიათებლების პერიოდულად გასაზომად;
ბ) წყლის დონის საზომი ლარტყებით და თვითჩამწერი მოწყობილობებით – დროში წყლის ნაკადის სიღრმეების ცვალებადობის კანონზომიერების დასადგენად.
5. დამხმარე ჰიდრომეტრიულ საგუშაგოებზე ჩატარებული გაზომვების სიზუსტე და, შესაბამისად, მათი აღჭურვილობა რამდენადმე ნაკლებია – ძირითად (საყრდენ) საგუშაგოებზე ჩატარებული გაზომვების სიზუსტესთან და აღჭურვილობასთან შედარებით.
6. დამშრობი სისტემის არხების ფაქტობრივი ჰიდროლოგიური პარამეტრების მათ საანგარიშო პარამეტრებთან შესაბამისობის დასადგენად ჰიდრომეტრიული საგუშაგოები უნდა დაიყოს სამ ძირითად ჯგუფად:
ა) პირველი ჯგუფის ჰიდრომეტრიული საგუშაგოები, რომლებშიც ადგილი აქვს წყლის თავისუფალ ჩამოდინებას;
ბ) მეორე ჯგუფის ჰიდრომეტრიული საგუშაგოები, რომლებშიც ადგილი აქვს წყლის მუდმივად შეტბორილ დინებას (ზღვის ღელვით გამოწვეული შეტბორვა);
გ) მესამე ჯგუფის ჰიდრომეტრიული საგუშაგოები, რომლებშიც ადგილი აქვს წყლის პერიოდულ შეტბორვას.
7. პირველი ჯგუფის ჰიდრომეტრიულ საგუშაგოებზე დამოკიდებულებების განმსაზღვრელი ელემენტები (მოცულობა და ხარჯი) ძირითადად განისაზღვრება ინსტრუმენტული გაზომვებით, ხოლო ასეთი სახის გაზომვების მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დამოკიდებულების გრაფიკები შეიძლება აიგოს წყლის ჰორიზონტების დაფიქსირებული მნიშვნელობების მიხედვით, ჰიდრავლიკური გაანგარიშებების საფუძველზე.
8. მეორე ჯგუფის ჰიდრომეტრიულ საგუშაგოებზე, დამოკიდებულებების განმსაზღვრელი ელემენტები, მოცულობა და ხარჯი განისაზღვრება მხოლოდ ინსტრუმენტული მეთოდით იმ დაშვებიდან გამომდინარე, რომ არხში წყლის ყოველ ჰორიზონტს შეესაბამება გარკვეული მუდმივი შეტბორვა.
9. მესამე ჯგუფის ჰიდრომეტრიული საგუშაგოებისათვის, რომლებიც განიცდიან მდინარის მხრიდან ცვალებად შეტბორვას, განიხილება ორი ძირითადი შემთხვევა:
ა) როდესაც წყლის მიღება წყალმიმღებში ხდება თვითდინებით, ამ შემთხვევაში შეტბორვის ზეგავლენა ვრცელდება შედარებით მცირე მანძილზე, რის გამოც ჰიდრომეტრიული საგუშაგოები ინსტრუმენტული გაზომვებისათვის უნდა მოეწყოს შეტბორილი მონაკვეთის ზევით;
ბ) როდესაც წყლის ჩაშვება წყალმიმღებში ხდება რაბ-რეგულატორების (ფარების) მეშვეობით, ამ შემთხვევაში შეტბორვა მოიცავს თითქმის მთლიან დამშრობ ქსელს, დაკვირვებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ წყლის დონეების ცვალებადობაზე და ჰიდრომეტრიული საგუშაგოები ინსტრუმენტული გაზომვისათვის უნდა მოეწყოს შეტბორვის უბნებზე.
10. წყალმიმღებ მდინარეებში წყლის დონეების ცვალებადობის გამო, წყალმიმღების მიმდებარე არხის მონაკვეთები, მათში წყლის ერთსა და იმავე დონისას, სხვადასხვა შეტბორვის პირობებში ატარებენ წყლის განსხვავებულ ხარჯებს და, შესაბამისად, ასეთ პირობებში მოცულობისა და ხარჯის დამოკიდებულებების მრუდების აგება არამიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში, რაბ-რეგულატორით (ფარით) გატარებული წყლის ხარჯი განისაზღვრება წყალმზომი საგუშაგოს ზედა და ქვედა ბიეფში წყლის დონეების ჰორიზონტის მნიშვნელობების მიხედვით.
11. დამშრობი სისტემის სარეგულაციო ქსელის პერპენდიკულარულად განთავსებულ ჰიდრომეტრიულ კვეთებში გრუნტის წყლის დონეების გაზომვა ტარდება სათვალთვალო ჭების მეშვეობით: გაზაფხულზე – ყოველდღიურად, ზაფხულში – 3-5 დღეში ერთხელ, შემოდგომა-ზამთარის პერიოდში – 10 დღეში ერთხელ.
12. სამელიორაციო ჰიდრომეტრული დაკვირვებების და გაზომვების ჩასატარებლად ჰიდრომეტრული საგუშაგოები უნდა მოეწყოს:
ა) კოლხეთის დაბლობზე – პირველ რიგში დასავლეთ ნაწილში განთავსებულ მასივებზე, დაშრობილი მიწების მელიორაციული მდგომარეობის განსხვავებულობის და გრუნტის წყლის დგომის განსაკუთრებით მაღალი დონეების გამო;
ბ) წყალმიმღებზე (მაგისტრალური არხების შეერთების კვეთებთან) და თვითონ მაგისტრალური არხის, კოლექტორის (როცა კოლექტორის წყალშემკრები ფართობი აღემატება 2-3 ათას ჰა-ს) და მთისძირა არხის წყალმიმღებთან შესართავ უბნებზე;
გ) დამბებით შემოზღუდულ უბნებზე, საიდანაც წყლის ჩაგდება ხორციელდება რაბ-რეგულატორის (ფარების) მეშვეობით, ზედა და ქვედა ბიეფში და დიუკერების განთავსების უბნებზ