1. სარწყავი სისტემის წყალგამტარ ნაგებობებს (სახაზო ნაგებობებს) მიეკუთვნება: არხები, მილსადენები, ღარები, გვირაბები, აკვედუკები, დიუკერები, გალერეები, სწრაფდენები.

2. სარწყავი სისტემის მარეგულირებელ ნაგებობებს მიეკუთვნება სხვადასხვა სახის რაბ-რეგულატორები და წყალგამშვებები.

3. სარწყავი სისტემის წყალსაგდებ ნაგებობებს მიეკუთვნება: სხვადასხვა სახის ავარიული და ბოლო წყალსაგდებები, რომლებიც შეიძლება განხორციელებული იქნეს სხვადასხვა ტიპისა და კონსტრუქციის სწრაფდენიანი, კონსოლური და საფეხურებიანი წყალვარდნილების სახით.

4. წყალგამტარი (სახაზო) ნაგებობების ექსპლუატაციის ძირითადი ამოცანაა ნაგებობათა ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნება, საპროექტო ხარჯების შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფა და ცალკეული დეფექტების დროულად გამოვლენა, რომელიც მოიცავს:

ა) ფოლადის მილიან დიუკერებზე, შუალედურ და საანკერო საყრდენებზე სისტემატური დაკვირვებების ჩატარებას; საჰაერო სარქველების, ვანტუზების, კომპენსატორების ყოველწლიურ რემონტს, მეტალის მილსადენებისა და დეტალების პერიოდულ შეღებვას; დიუკერის ზედა და ქვედა ბიეფებში წყლის დონეთა საპროექტო სხვაობის დაცვის უზრუნველყოფას, რათა არ მოხდეს დიუკერის წყლის ნატანით დალექვა;

ბ) სარწყავი სეზონის განმავლობაში აკვედუკების დათვალიერებას, რათა დროულად აღიკვეთოს წყლის ფილტრაცია აკვედუკის ღარის ფსკერიდან და კედლებიდან. უნდა კონტროლდებოდეს აკვედუკის საყრდენების მდგომარეობა, რისთვისაც საჭიროა ყოველი სარწყავი სეზონის წინ ჩატარდეს საკონტროლო აზომვები აკვედუკის საყრდენების შესაძლო ჯდომის დასაფიქსირებლად;

გ) დაკვირვებებს წყალგამტარი ნაგებობების წყალსაშვიანი და წყალგამტარი ნაწილების დეფორმაციებზე. დაუშვებელია გრუნტის გამორეცხვა წყალსაცემი ნაწილის ბეტონის გამაგრების ძირიდან.

5. წყალგამანაწილებელი სარეგულაციო კვანძების ექსპლუატაციის ძირითადი დანიშნულებაა:

ა) სარეგულაციო ფარების გამართული ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა;

ბ) წყლის საპროექტო გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა;

გ) წყლის ტექნიკური ხასიათის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება;

დ) ნაგებობათა ქვედა ბიეფებში წყლით გამორეცხვების შედეგად წარმოშობილი დაზიანების თავიდან აცილება;

ე) გამორეცხილი სიცარიელეების წარმოქმნის არდაშვება ნაგებობათა ბეტონის კედლების უკანა მხარეს და მოპირკეთების ქვეშ;

ვ) წყალგამანაწილებელი კვანძების წყალმზომებით აღჭურვა, მათი პერიოდული ტარირება და წყლის ხარჯების რეგულარულად გაზომვა-აღრიცხვიანობა.

6. საირიგაციო დანიშნულების გვირაბების (რომელთა სიმაღლეც აღემატება 1,5 მ-ს, ხოლო სიგანე 1,0 მ-ს) ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს გვირაბში წყლის დაწყვეტის პირობებში, სარწყავი სეზონის დაწყებამდე და სარწყავი სეზონის დასრულების შემდეგ:

ა) 100 მ-ზე მეტი სიგრძის გვირაბში დასათვალიერებლად შესვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალური ჯგუფის მიერ, არანაკლები 3 კაცის შემადგენლობით, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ინვენტარით და მოწყობილობით;

ბ) 200 მ-ზე მეტი სიგრძის გვირაბების დათვალიერებისათვის საჭიროა გვირაბში ჰაერის მიწოდების საშუალებების გამოყენება;

გ) უნდა დაფიქსირდეს ჯგუფის გვირაბში შესვლის და გამოსვლის დრო. ჯგუფის გვირაბში შესვლის პერიოდში, ჯგუფის ერთი წევრი მაინც უნდა იმყოფებოდეს გარეთ, რათა მიიღოს შესაბამისი ზომები ჯგუფის წევრების გვირაბიდან გამოსვლის დაგვიანების შემთხვევაში.

7. გვირაბების დათვალიერების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გვირაბის თაღის მდგომარეობას, მასში წყლის ინტენსიური ჟონვის ცალკეული კერების გამოვლენას, გვირაბის მოპირკეთების მდგომარეობას, იმ მიზეზებს, რომლებიც იწვევენ გვირაბში წყლის მოძრაობის შეტბორვას. ნორმალური საექსპლუატაციო მდგომარეობისას, გვირაბში წყლის დაწყვეტის შემთხვევაში გვირაბის ფსკერზე არ უნდა წარმოიქმნებოდეს გუბეები და ცალკეული შეტბორილი უბნები, არ უნდა იყოს სხვადასხვა საგნები, რომლებიც იწვევენ გვირაბში წყლის მოძრაობის შეტბორვას, ისინი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოცილებული, რათა აღნიშნულმა არ გამოიწვიოს გვირაბის თანდათანობითი ინტენსიური დალექვა და მისი გამტარუნარიანობის შემცირება.

8. გვირაბის თაღში ცალკეული წყალგამტარი დაზიანებების, წყალჟონვის კერების აღმოჩენისას, მათ სალიკვიდაციოდ შეიძლება გამოყენებული იქნეს ჰიდროიზოლაციის თანამედროვე საშუალებები, რომლებიც იძლევიან წყლის ფილტრაციის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას.

9. სამელიორაციო სისტემებზე არსებული გალერეების დათვალიერება დაიშვება მხოლოდ მათში წყლის დაწყვეტისა და უსაფრთხოების სპეციალური ზომების გატარების შემთხვევაში. გალერეების ინვენტარიზაციისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბეტონის კონსტრუქციის მდგომარეობას, მასში ცალკეული წყალგამტარი ნაპრალების არსებობას, ამ ნაპრალების სიგანეს და სიგრძეს, მათი გავრცელების ხასიათს. საჭიროა ოპერატიულად გატარდეს ღონისძიებები დაფიქსირებული ნაპრალების შესავსებად და ბეტონის კონსტრუქციის მონოლითურობის აღდგენისათვის. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნეს სპეციალური დანამატებიანი ცემენტის ხსნარი და სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო საშუალებებ