რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. კარიერი1 - საწარმო, რომელიც სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს ღია სამთო სამუშაოებით. ტერმინ “კარიერის” ნაცვლად პრაქტიკაში, ნახშირის და ქვიშრობული საბადოების ღია წესით დამუშავებისას იხმარება “ჭრილი” და “სარეწი”.
2. კარიერი2 - ღია სამთო სამუშაოების შედეგად მიღებული ნამუშევარი სივრცე, ღია სამთო გვირაბების ერთობლიობა.
3. ღია სამთო სამუშაოები - სამთო სამუშაოები, რომელთა დროსაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საწარმოო პროცესები სრულდება ღია წესით.
4. გადახსნის სამუშაოები (გადახსნა) - სამუშაო, რომლის დროსაც ხორციელდება სასარგებლო წიაღისეულის გადამხურავი და შემცველი ქანების ამოღება.
5. საფეხური - კარიერის გვერდითი ზედაპირის ნაწილი, ქანის შრე, რომელსაც საფეხურის ფორმა აქვს.
6. საფეხურის ზედა და ქვედა ბაქანი _ ზედაპირი (სიბრტყე), რომელიც საფეხურს საზღვრავს, შესაბამისად, ზედა და ქვედა მხრიდან.
7. საფეხურის სიმაღლე - ვერტიკალური მანძილი ზედა და ქვედა ბაქნებს შორის.
8. საფეხურის სატრანსპორტო ჰორიზონტი (ბაქანი) - ბაქანი, რომელზეც მოთავსებულია სატრანსპორტო გზები (საფეხურს ერთი სატრანსპორტო ჰორიზონტი აქვს).
9. საფეხურის ფერდო - დახრილი სიბრტყე, რომელიც საფეხურს საზღვრავს გამომუშავებული სივრცის მხრიდან.
10. საფეხურის ზედა და ქვედა კიდე (წარბა) - ფერდოს გადაკვეთის ხაზი, შესაბამისად, საფეხურის ზედა და ქვედა ბაქანთან.
11. საფეხურის დაფერდების კუთხე - კუთხე, რომელიც მიიღება ფერდოს ჰორიზონტალურ სიბრტყესთან გადაკვეთისას.
12. ქვესაფეხური - საფეხურის ნაწილი (სატრანსპორტო ბაქნის საფეხურის შუაში მოთავსებისას საფეხური იყოფა ორ - ზედა და ქვედა ქვესაფეხურად).
13. ბეგი - მცირე სიგანის ბაქანი, რომელზეც სამუშაოები არ წარმოებს.
14. მცველი ბეგი - ბეგი, რომელიც დატოვებულია კარიერის არასამუშაო გვერდზე საფეხურის დაცვის მიზნით.
15. სატრანსპორტო ბეგი - ბეგი, რომელიც დატოვებულია კარიერის არასამუშაო გვერდზე მასზე სატრანსპორტო გზების მოსაწყობად.
16. კარიერის ველი - საბადო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ერთი კარიერით დასამუშავებლად.
17. კარიერის გვერდი - საფეხუროვანი ზედაპირი, რომელიც კარიერს შემოფარგლავს გვერდებიდან.
18. კარიერის ძირი - ზედაპირი, რომელიც კარიერს საზღვრავს ქვემოდან.
19. კარიერის ზედა და ქვედა კონტური - კარიერის გვერდის (გვერდების) გადაკვეთის ხაზი, შესაბამისად, დღისეულ ზედაპირთან და კარიერის ძირთან.
20. კარიერის გვერდის ფერდო - პირობითი ზედაპირი, რომელიც გადის კარიერის ზედა და ქვედა კონტურებზე.
21. კარიერის გვერდის დაფერდების კუთხე - კუთხე კარიერის ფერდოსა და ძირში გამავალ ჰორიზონტალურ სიბრტყეს შორის.
22. კარიერის სიღრმე - ვერტიკალური მანძილი კარიერის ძირსა და ზედაპირის გაშუალედებულ ნიშნულს შორის.
23. სანაყარო - ადგილი, სადაც თავსდება ფუჭი ქანი.
24. ნაყარი - სანაყაროში მოთავსებული (დაყრილი) ფუჭი ქანი.
25. სანაყაროს საფეხური - სანაყაროს გვერდითი ზედაპირის ნაწილი, ფუჭი ქანის შრე, რომელსაც საფეხურის ფორმა აქვს (სანაყარო საფეხურს აქვს იგივე ელემენტები, რაც კარიერის საფეხურს).
26. ქანის ნაშალი - საფეხურის სამუშაო ბაქანზე დაყრილი აფეთქებული ქანი (ნაშალს აქვს თავისი ფორმა, სიმაღლე და სიგანე, რომლებიც დამოკიდებულია საფეხურის სიმაღლეზე, ქანის თვისებებსა და აფეთქების ტექნოლოგიაზე).
27. სტანდარტი - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტი.
პერსონა