დიდი ლიახვის სოფელ ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ელექტროენერგიით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №747
2007 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
დიდი ლიახვის სოფელ ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ელექტროენერგიით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
დიდი ლიახვის სოფელ ხეითში ცხინვალიდან დევნილებისათვის 2007 წლის ოქტომბერში აშენდა კომპაქტური დასახლება (5 კოტეჯი 200 ოჯახზე), რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდება „კეხვიჰესის“ქვესადგურიდან. არსებული 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგურის სიმძლავრე ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული დასახლებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მომარაგებას. პრობლემის გადაჭრისათვის საჭიროა აშენდეს „კეხვიჰესის“ქვესადგურიდან 4 კმ-მდე სიგრძის 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი სოფ. ხეითამდე 10/0,4 კვ 1000 კვა სატრანსფორმატორო პუნქტით და „კეხვიჰესში“არსებული 35/10 კვ 1000 კვა სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორი შეიცვალოს 35/10 კვ 2500 კვა სიმლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორით.
მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანს შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სოფელ დვანისათვის შესაძლებელია ქარელის რაიონიდან 3,5 კმ სიგრძის 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზის აშენებით.
აღნიშნულ სამუშაოთა საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 350 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
შესაბამისად, დიდი ლიახვის სოფ. ხეითისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანის ელექტროენერგიით მომარაგების უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთგური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოყოფა და სათანადო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქტის უმოკლეს ვადებში შესასრულებლად სათანადო სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება უზრუნველყოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ამ განკარგულების შესაბამისად აშენებული ობიექტების განკარგვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე