მონიტორინგი ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული იმპლემენტაციისა და აღსრულების ზომების პროგრესის  მუდმივ შეფასებას.

2.      მონიტორინგი მოიცავს ევროკავშირის მიერ საქართველოს სამართლის ევროკავშირის სამართალთან წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული დაახლოების, იმპლემენტაციისა და აღსრულების ასპექტების ჩათვლით, შეფასებებს. ეს შეფასებები შესაძლოა, ჩატარდეს ევროკავშირის მიერ ინდივიდუალურად, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების  IV კარში (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები), ევროკავშირის მიერ საქართველოსთან შეთანხმებით, ან ერთობლივად მხარეების მიერ.  შეფასების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო  ევროკავშირს წარუდგენს ანგარიშს დაახლოების პროგრესის შესახებ, შესაძლებლობისამებრ, შეთანხმებით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდების დასრულებამდე, ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან მიმართებით. ანგარიშებისა და შეფასების სისტემა, შეფასებების მოდალობებისა და სიხშირის ჩათვლით, გაითვალისწინებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ მოდალობებს ან ამ შეთანხმებით ჩამოყალიბებული ინსტიტუციური ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყეტილებებს.

3.      მონიტორინგი შესაძლოა მოიცავდეს ადგილზე მონიტორინგის მისიებს, ევროკავშირის ინსტიტუტების, ორგანოებისა და სააგენტოების, არასამთავრობო ორგანოების, ზედამხედველობის ორგანოების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და, საჭიროებისამებრ, სხვების მონაწილეობით.

4.      მონიტორინგის საქმიანობის შედეგები, ამ  მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დაახლოების შეფასებების ჩათვლით, განიხილება წინამდებარე შეთანხმებით შექმნილ ყველა შესაბამის   ორგანოში. ამგვარ  ორგანოებს შეუძლიათ შეიმუშაონ ერთობლივი რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცემა ასოცირების საბჭოს.

5.      თუ მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმების IV კარში (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები)  ჩამოთვლილი აუცილებელი ზომები შესრულდა და მიმდინარეობს მათი აღსრულება, ასოცირების საბჭო, წინამდებარე შეთანხმების 406-ე და 408-ე მუხლებში განმტკიცებული უფლებამოსილების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას ბაზრის შემდგომ გახსნასთან დაკავშირებით, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების IV კარში (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები).

6.      ასოცირების საბჭოსათვის ერთობლივი რეკომენდაციის წარდგენა, როგორც ეს გათვალისწინებულია  ამ  მუხლის მე-4 პუნქტით, ან თუ ამგვარი რეკომენდაცია ვერ იქნა მიღებული, არ გახდება დავების მოგვარების საგანი, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები). შესაბამისი ინსტიტუციური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ან თუ ამგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, არ გახდება დავების მოგვარების საგანი, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები