1. თბილისის მთავრობა ორგანიზაციული საქმიანობისა და თბილისის განვითარების დაგეგმვის მიზნით:
ა) კოორდინაციას უწევს თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის რაიონების გამგეობების საქმიანობას;
ბ) დავალებებს აძლევს თბილისის მთავრობის წევრებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის მიზნით; ისმენს მათ ანგარიშებს შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) კოორდინაციას უწევს თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მათი განხორციელების სამოქმედო გეგმების და მუნიციპალური პროგრამების, თბილისის სივრცით-ტერიტორიული დოკუმენტების, პრიორიტეტების დოკუმენტის და თბილისის ბიუჯეტის პროექტების მომზადებისა და შეთანხმების პროცესს; ისმენს თბილისის მთავრობის წევრთა ინფორმაციას და ანგარიშებს დაგეგმვის დოკუმენტების მომზადების მიმდინარეობის შესახებ; განიხილავს მომზადების პროცესში წამოჭრილ პრობლემებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;
დ) კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს დამტკიცებული დაგეგმვის დოკუმენტების შესრულებას; საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს ამ დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შესახებ, ადგენს მათი შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით თბილისის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;
ვ) მუნიციპალიტეტის სახელითა და თბილისის საკრებულოს თანხმობით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით იღებს სესხს;
ზ) განიხილავს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;
თ) განიხილავს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;
ი) განიხილავს და ამტკიცებს თბილისის მთავრობის, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმებს;
კ) უზრუნველყოფს თბილისის მერიის საქმიანობის დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და განახლებას; ამტკიცებს სტატისტიკური ინფორმაციის ფორმებსა და განახლების პერიოდულობას;
ლ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის საბჭოებს, კომისიებს და სხვა საკონსულტაციო ორგანოებს; განსაზღვრავს მათ პერსონალურ შემადგენლობას და ამტკიცებს საკონსულტაციო ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტებს (დებულებები, სამუშაო გეგმები და ა.შ.);
მ) გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს - განკარგულებას.
2. თბილისის მთავრობა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
ა) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა’’ და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
ბ) თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
გ) თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებას (დებულებას);
დ) საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’ გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
ე) თბილისის საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
ვ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;
ზ) თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
თ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, თბილისის საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
ი) საერთო კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
კ) განიხილავს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
ლ) ახორციელებს საერთო კონტროლს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე; ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშს მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის თაობაზე;
მ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს საერთო კონტროლს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე; ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშს მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის თაობაზე.
3. თბილისის მთავრობა საქალაქო მეურნეობის, საქალაქო ტრანსპორტისა და მშენებლობის რეგულირების სფეროში:
ა) განიხილავს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასს, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს;
ბ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს;
გ) ადგენს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტებს;
დ) გასცემს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას;
ე) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს დედაქალაქში ისტორიულ-კულტურული, სარეკრეაციო, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური დანიშნულების ზონების გამოყოფის, ქალაქის გენერალური გეგმით განსაზღვრულ ზონებში მიწათსარგებლობის და საცხოვრებელ, სოციალურ-კულტურულ, სამრეწველო-საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ქსელების მშენებლობის დადგენილი ნორმებისა და წესების შესახებ; ახორციელებს საერთო ზედამხედველობას ამ წესების დაცვაზე, ისმენს შესაბამისი სტრუქტურული ერთულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშს;
ვ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესებს; განიხილავს შესაბამისის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშებს თბილისში მიმდინარე მშენებლობების, მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელებისა და მშენებლობის პროცესში არსებული დარღვევებისა და პრობლემების შესახებ;
ზ) თბილისის განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე შეიმუშავებს საქალაქო მეურნეობის, თბილისის კეთილმოწყობის, ნარჩენების მართვის, ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამებს; აკონტროლებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამების შესრულების მიმდინარეობას; ისმენს თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთულების, ტერიტორიული ორგანოებისა და მერიისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებების ანგარიშს პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
თ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების, დაცვისა და კონტროლის, მიწის იჯარის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესებს;
ი) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს დედაქალაქში გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების ფუნქციონირების რეგულირების შესახებ; კოორდინაციას უწევს დადგენილი წესების დაცვას.
4. თბილისის მთავრობა განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში:
ა) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებს; უზრუნველყოფს მათი რეალიზაციის კოორდინაციას;
ბ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საქალაქო პროგრამების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებულ პროგრამათა შესრულებას;
გ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს განათლების, სკოლამდელი აღზრდის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების საქალაქო პროგრამების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებულ პროგრამათა შესრულებას;
დ) შეიმუშავებს და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების საქალაქო პროგრამებს; უზრუნველყოფს დამტკიცებულ პროგრამათა შესრულებას.
5. თბილისის მთავრობა ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და თბილისის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
6. თბილისის მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - თბილისის მთავრობის განკარგულებას ხელს აწერს თბილისის მერ