1. რაიონის გამგეობის ხელმძღვანელია რაიონის გამგებელი, რომელსაც თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. რაიონის გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.

2. რაიონის გამგებელი უძღვება რაიონის გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას, კოორდინაციას უწევს თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.

3. რაიონის გამგებელი თანამდებობრივად შედის თბილისის მთავრობის შემადგენლობაში.

4. რაიონის გამგებელი:

ა) უნაწილებს ფუნქციებს რაიონის გამგეობის წევრებს;

ბ) თავმჯდომარეობს რაიონის გამგეობის სხდომებს;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგეობის თანამდებობის პირებსა და რაიონის გამგეობის სხვა მოსამსახურეებს;

დ) უზრუნველყოფს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;

ე) თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს;

ვ) ხელს აწერს რაიონის გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს რაიონის გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს, ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) მონაწილეობს საქართველოს დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;

ი) პასუხისმგებელია რაიონისთვის თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელებისათვის;

კ) ამზადებს ინფორმაციას თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესრულების შესახებ და წარუდგენს თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;

ლ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. რაიონის გამგებლის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი და მერის მიერ განსაზღვრული მოადგილე.

6. რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’