1. ამ წესის მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კომპეტენტური ორგანო - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ამ წესით დადგენილი სახელმწიფო კონტროლი;
ბ) სახელმწიფო ვეტერინარი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ვეტერინარი ექიმი, რომელსაც უფლებამოსილებას ანიჭებს სააგენტო;
გ) ავტორიზებული ვეტერინარი - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს საწარმოში სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის კონკრეტული ამოცანების განხორციელების უფლებამოსილება;
დ) ვეტერინარი ტექნიკოსი - პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი ან სერტიფიკატი და საქმიანობს სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;
ე) ჯანმრთელობის ნიშანდება - აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა, ამ წესის შესაბამისად, გაიარა დაკვლისწინა შემოწმება, ხოლო დაკლულმა ცხოველის ტანხორცმა და შიგნეულმა - დაკვლისშემდგომი შემოწმება;
ვ) სუბპროდუქტები – შინაგანი ორგანოები, თავი, კუდი, ცური, ფეხები, ხორცის ჩამონაჭრები, რომლებიც მიიღება დაკვლის შემდგომ;
ზ) განადგურება - ცხოველის ლეშის ან დაკლული ცხოველის ტანხორცის, ორსადგულიანი მოლუსკების, თევზჭერის პროდუქტების სურსათად უვარგისად მიჩნეული ნაწილების დამარხვა, დაწვა, ბიოთერმულ ორმოში მოთავსება ან მათი ნებისმიერი კომბინაცია;
თ) განსაკუთრებული რისკის მასალა - მასალა, რომელიც მიღებულია ისეთი მსხვილფეხა ან წვრილფეხა ცხოველისგან, რომელიც წარმოშობილია რეგიონში, სადაც დადგენილია ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის არსებობა ან იმ ტერიტორიიდან, რომელიც არ არის გამოკვლეული ღრუბლისებრი ენცეფალოპათიის არსებობაზე. მათ შორის:
თ.ა) 12 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა ცხოველისათვის - თავის ქალა ტვინით და თვალებით (ქვედა ყბის გარეშე), ზურგის ტვინი;
თ.ბ) 30 თვეზე მეტი ასაკის მსხვილფეხა ცხოველისათვის - ხერხემლის სვეტი, გარდა კუდის მალებისა, კისრის, გულმკერდის, წელის მალები გრძივი და განივი მორჩებით, გულმკერდის შუასაყარი;
თ.გ) ყველა ასაკის მსხვილფეხა ცხოველისათვის - ნუშურა ჯირკვლები, ნაწლავები თორმეტგოჯა ნაწლავიდან სწორ ნაწლავამდე, მეზენტერიუმი (წვრილი ნაწლავის ჯორჯალი);
თ.დ) 12 თვეზე მეტი ასაკის ან იმ წვრილფეხა ცხოველისათვის, რომელსაც მუდმივი საჭრელი კბილი (ეშვი) ამოჭრილი აქვს - თავის ქალა ტვინით და თვალებით, ნუშურა ჯირკვლები, ზურგის ტვინი;
თ.ე) ყველა ასაკის წვრილფეხა ცხოველისათვის - ელენთა და წვრილი ნაწლავის დაბოლოება.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით და „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ (შემდგომში - სპეციალური წესი) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ