1. დაკვლისშემოდგომი შემოწმების შემდეგ, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებულ ახალ ხორცზე დატანილი უნდა იქნეს ჯანმრთელობის ნიშანდება ამ მუხლის შესაბამისად.
2. ჯანმრთელობის ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ შინაური ჩლიქოსანი და მოშენებული გარეული ძუძუმწოვარი ცხოველის ტან–ხორცზე (გარდა ბოცვრისნაირებისა და დიდი ზომის გარეული ცხოველისა), რომელსაც ჩაუტარდა დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმება და შედეგად დადასტურდა, რომ ხორცი არ შეიცავს საფრთხეს (მათ შორის ტრიქინელას) და ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.
3. ჯანმრთელობის ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს ცხოველის ტან–ხორცის ზედაპირზე საღებავით ან გაცხელებული დამღით. თუ დაკლული ცხოველის ტან–ხორცი იჭრება ორ ან ოთხ ნაწილად, ხოლო 2 ნაწილად დაჭრილი ტან–ხორცის თითოეული ნაწილი იჭრება არა უმეტეს სამ ნაჭრად, უნდა მოხდეს ჯანმრთელობის ნიშანდება ტან–ხორცის თითოეულ ნაჭერზე.
4. ჯანმრთელობის ნიშანდების ფორმა უნდა იყოს ოვალური, სიგანით არაუმცირეს 6,5 სმ და სიმაღლით 4,5 სმ და მოიცავდეს მკაფიო, ადვილად წასაკითხ შემდეგ ინფორმაციას:
ა) თუ პროდუქტი ნაწარმოებია საქართველოში, საიდენტიფიკაციო ნიშანი უნდა მოიცავდეს ISO 3361 სტანდარტის მიხედვით საქართველოს ორასოიან კოდს: - GE;
ბ) იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერს, რომელიც ახორციელებს ცხოველის დაკვლას.
5. ასოების ზომა უნდა იყოს არაუმცირეს 0,8 სმ სიგრძის, ხოლო რიცხვები არაუმცირეს 1 სმ სიგრძის. შესაძლოა ნიშანდების განზომილება და მასზე დატანილი ნიშნებისა და ასოების ზომა შემცირდეს ბატკნის, ციკნის და გოჭის ტან–ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდებისას.
6. ჯანმრთელობის ნიშანზე გამოყენებული საღებავი არ უნდა შეიცავდეს ისეთ ნივთიერებას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ახალი ხორცის უვნებლობაზე.
7. ჯანმრთელობის ნიშანდება უნდა მოიცავდეს სახელმწიფო ვეტერინარის საიდენტიფიკაციო კოდს, რომელმაც ჩაატარა ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმება და დაადგინა, რომ ხორცი ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.
8. სახელმწიფო ვეტერინარს საიდენტიფიკაციო კოდს ანიჭებს სააგენტო.
9. სასაკლაოს გარეთ, გადაუდებლად დაკლული ცხოველის ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდება უნდა განსხვავდებოდეს სასაკლაოში დაკლული ცხოველის ხორცის ჯანმრთელობის ნიშანდებისგან. მას უნდა ჰქონდეს რომბის ფორმა, რომლის გვერდის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 4,5 სმ-ს და მოიცავდეს ინფორმაციას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნების შესაბამისად.