1. სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს, რომ ცხოველის დაკვლა სასაკლაოზე არ მოხდეს ბიზნესოპერატორისთვის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარეშე და ამ ინფორმაციის შემოწმებამდე.

2. სახელმწიფო ვეტერინარი უფლებამოსილია დაუშვას ცხოველის დაკვლა, თუ დასაკლავად განკუთვნილ ცხოველს არ ახლავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ბიზნესოპერატორს უნდა მიეწოდოს მანამ, სანამ ასეთი ცხოველიდან მიღებული ტან–ხორცი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის ვარგისად მიიჩნევა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასეთი ცხოველის ტან–ხორცი და მისი შიგნეულობა სხვა ხორცისგან განცალკევებით უნდა იქნეს შენახული.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ სურსათის საწარმოო ჯაჭვთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ცხოველის სასაკლაოზე მიყვანიდან 24 საათის განმავლობაში, ასეთი ცხოველის ხორცი, ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, მიიჩნევა უვარგისად. თუ ცხოველი ჯერ არ იქნა დაკლული, მაშინ მისი დაკვლა უნდა მოხდეს სხვა ცხოველებისაგან განცალკევებით.

4. ცხოველის დაკვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება გარკვეული ღონისძიებები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის აღმოფხვრის მიზნით, არ უნდა მოხდეს, თუ:

ა) დასაკლავად განკუთვნილი ცხოველი მიღებულია პირველადი წარმოების ადგილიდან ან საკარანტინო ზონიდან, სადაც ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ხორციელდება გადაადგილებასთან დაკავშირებული აკრძალვები ან გარკვეული შეზღუდვები;

ბ) არ არის დაცული ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების წესი;

გ) არსებობს ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე.

5. თუ ბიზნესოპერატორმა, რომელიც ახორციელებს ცხოველის დაკვლას, ჩაიბარა ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული ცხოველი, მისი დაკვლა უნდა მოხდეს სხვა ცხოველებისაგან განცალკევებით. ასეთი ცხოველისგან მიღებული ხორცი უნდა იქნეს მიჩნეული უვარგისად ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები ადამიანის ან სხვა ცხოველის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

6. თუ სახელმწიფო ვეტერინარი ზედამხედველობის დროს დაადგენს, რომ თანმხლები დოკუმენტაცია, ჩანაწერები და სხვა ინფორმაცია არ შეესაბამება პირველადი წარმოების ადგილზე არსებულ ან ცხოველის რეალურ მდგომარეობას ან მიზნად ისახავს სახელმწიფო ვეტერინარის შეცდომაში შეყვანას, სააგენტომ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები იმ ბიზნესოპერატორის მიმართ, რომელიც პასუხისმგებელია პირველადი წარმოების ადგილზე არსებულ ან ცხოველის მდგომარეობაზე.

7. ბიზნესოპერატორის მიერ საკარანტინო ზონიდან ცხოველის მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ არსებობს სააგენტოს წერილობითი თანხმობ