1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საკომუნიკაციო  სისტემებითა და ინფორმაციული ტექნოლოგიებით, ასევე სხვა ელექტრონული საშუალებებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის, დამუშავებისა და გადაცემისათვის საჭირო მხარდამჭერი სისტემების, სერვისებისა და რესურსების დაცვისათვის საჭირო პოლიტიკასა და მინიმალურ სტანდარტებს.

2. ეს წესი მიზნად ისახავს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (შემდგომში –
სსიტ) უსაფრთხოების ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების დაცვასა და გამოყენებას.

3. სსიტის უსაფრთხოება ინფორმაციული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ელემენტია და   განსაზღვრავს საკომუნიკაციო, ინფორმაციული და სხვა ელექტრონული სისტემებისა და ტექნოლოგიების უსაფრთხოების წესებს.  სსიტის უსაფრთხოება ასევე განსაზღვრავს ხსენებული სისტემებით შენახული, დამუშავებული და გადაცემული ინფორმაციის დაცვას, კონფიდენციალურობას,  მთლიანობას, ხელმისაწვდომობას, ავთენტურობას, ავტორიზაციასა და არარეპუდირებას.

4.  ეს წესი მოიცავს სსიტის უსაფრთხოების აქტივობებს მთელი სიცოცხლის ციკლის მანძილზე, სსიტის უსაფრთხოების მართვასა (უსაფრთხოების რისკების მართვა, უსაფრთხოების აკრედიტაცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინსპექტირება) და მისი განხორციელების ასპექტებს (ქსელების უსაფრთხოება და ურთიერთდაკავშირება, კრიპტოგრაფიული უსაფრთხოება,  გადაცემული დოკუმენტების უსაფრთხოება,  გამოცემული დოკუმენტების უსაფრთხოება და ა.შ.