1. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საკვები ფერმენტი - მცენარის, ცხოველის ან მიკროორგანიზმისაგან მიღებული პროდუქტი, მათ შორის მიკროორგანიზმ(ებ)ის გამოყენებით გამოწვეული ფერმენტაციის პროცესში მიღებული პროდუქტი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ფერმენტისაგან და რომელსაც აქვს უნარი მოახდინოს სპეციფიური ბიოქიმიური რეაქციების კატალიზი. ტექნოლოგიური დანიშნულებით სურსათში მისი დამატება ხდება ნებისმიერ ეტაპზე წარმოების, გადამუშავების, მომზადების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს;
ბ) საკვებდანამატი - ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კვებითი ღირებულება, ჩვეულებრივ არ გამოიყენება სურსათად და სურსათის მახასიათებელ ინგრედიენტად. ტექნოლოგიური მიზნით სურსათის წარმოების, გადამუშავების, მომზადების, დამუშავების, შეფუთვის, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს სურსათში სპეციალურად დამატებისას ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტ(ებ)ი ხდება, ან მაღალი ალბათობით შესაძლებელია გახდეს სურსათის კომპონენტი. საკვებდანამატებს არ მიეკუთვნება:
ბ.ა) მონოსაქარიდები, დისაქარიდები, პოლისაქარიდები ან ამ ნივთიერებების შემცველი სურსათი, რომელთა გამოყენება ხდება მათი დამატკბობელი თვისებების გამო;
ბ.ბ) სურსათი, გაუწყლოებული (დეჰიდრატირებული) ან კონცენტრირებული, მათ შორის არომატიზატორები (სუნელები, სანელებლები), რომელთა გამოყენება შედგენილი სურსათის წარმოებაში არომატულ, გემურ ან კვებით თვისებებთან ერთად ხდება მათი შეფერვის ეფექტის გამო;
ბ.გ) ნივთიერება, რომელიც არ შედის სურსათის შემადგენლობაში, გამოიყენება სურსათის საფარის (გარსის) სახით და არ არის გამიზნული სურსათთან ერთად ადამიანის მიერ გამოყენებისათვის;
ბ.დ) პროდუქტი, რომელიც შეიცავს პექტინს და პროდუქტი, რომელიც მიიღება ვაშლის მშრალი გამონაწვილიდან, ციტრუსის კანიდან, კომშიდან ან მათი ნარევიდან გაზავებული მჟავის მოქმედებით და შემდგომ კალიუმის ან ნატრიუმის მარილებით ნეიტრალიზაციით (თხევადი პექტინი);
ბ.ე) საფუძველი (ფუძე) საღეჭი რეზინისათვის;
ბ.ვ) თეთრი ან ყვითელი დექსტრინი, სახამებელი, თერმულად დამუშავებული დექსტრინიზებული სახამებელი, მჟავით მოდიფიცირებული სახამებელი, ფიზიკურად მოდიფიცირებული სახამებელი ან ამინოლიზური ფერმენტებით დამუშავებული სახამებელი;
ბ.ზ) ამონიუმის ქლორიდი;
ბ.თ) სისხლის პლაზმა, სასურსათო ჟელატინი, ცილის ჰიდროლიზატები და მათი მარილები, რძის ცილა და გლუტენი;
ბ.ი) ამინომჟავები და მათი მარილები, გარდა გლუტამინის მჟავის, გლიცინის, ცისტეინის და ცისტინისა და მათი მარილებისა, რომლებიც არ ასრულებენ არანაირ ტექნოლოგიურ ფუნქციას;
ბ.კ) კაზეინი და კაზეინატი;
ბ.ლ) ინულინი;
გ) დამხმარე ტექნოლოგიური დანამატი - ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც უშუალოდ არ მოიხმარება სურსათად, სპეციალურად გამოიყენება სურსათის ან მათი ინგრედიენტების გადამუშავების ან დამუშავებისას განსაზღვრული ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად და რომლის ნარჩენი რაოდენობა ან წარმოებულები შესაძლებელია საბოლოო პროდუქტში აღმოჩნდეს არაწინასწარგანსაზღვრული, მაგრამ ტექნიკურად გარდაუვალი რაოდენობით, იმ პირობით, რომ არ წარმოქმნის ადამიანის ჯანმრთელობის რისკს და საბოლოო პროდუქტზე არ მოახდენს არანაირ ტექნოლოგიურ ზეგავლენას;
დ) გადამტანი (მატარებელი) - ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება საკვებდანამატების ან არომატიზატორების, საკვები ფერმენტების, საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) ან/და სხვა ნივთიერებების გახსნის, განზავების, დისპერგირების ან სხვა სახის ფიზიკური ცვლილებისათვის, არ ახდენს არანაირ ტექნოლოგიურ ზემოქმედებას, სურსათს ემატება კვებითი ან ფიზიოლოგიური მიზნით, მისი ფუნქციის შეცვლის გარეშე, მისი დამუშავების, გამოყენების ან მოხმარების მიზნით;
ე) არომატიზატორი - პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივ არ გამოიყენება სურსათად და რომლის დამატება ხდება სურსათისათვის არომატის ან/და გემოს მიცემის ან შეცვლის მიზნით. არომატიზატორი მზადდება ან შედგება არომატული ნივთიერებების, არომატული პრეპარატების, თერმული ტექნოლოგიური არომატიზატორების, შესაბოლი არომატიზატორების, გემოს პრეკურსორების ან სხვა არომატიზატორების ან მათი ნარევებისაგან. არომატიზატორებს მიეკუთვნება:
ე.ა) არომატული ნივთიერებები - განსაზღვრული ქიმიური ნივთიერებები დამახასიათებელი გემოთი და არომატით;
ე.ბ) ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებები - არომატული ნივთიერებები, რომლებიც მიიღება შესაბამისი ფიზიკური, ფერმენტული, მიკრობიოლოგიური პროცესებით მცენარეული, ცხოველური და მიკრობიოლოგიური წარმოშობის მასალისაგან, ნედლი ან გადამუშავებული სახით და გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის ტრადიციული მეთოდებით დამზადებისას. (დაქუცმაცება, მომინანქრება-მოჭირქვა, თერმული დამუშავება, ხარშვა, გამოცხობა, ზეთში შეწვა (2400C-მდე ატმოსფერულ წნევაზე) და ხარშვა ატმოსფერულ წნევაზე - 120 0C-მდე, გაცივება, რექტიფიკაცია, გამოშრობა, აორთქლება, ექსტრაქცია, ფერმენტაცია, ფილტრაცია, დაქუცმაცება, დაყოვნება, მაცერაცია, მიკრობიოლოგიური პროცესები, კანის გაცლა, პერკოლაცია, დაწნეხა, გაყინვა, მოხალვა, დალბობა, გამოწურვა). ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებები შეესაბამებიან ბუნებაში ბუნებრივად არსებულ ან გამოვლენილ ნივთიერებებს;
ე.გ) არომატული პრეპარატი - პროდუქტი, გარდა არომატული ნივთიერებებისა, რომლიც ამ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი ტრადიციული მეთოდის გამოყენებით მიიღება:
ე.გ.ა) სურსათისაგან, შესაბამისი ფიზიკური, ფერმენტული და მიკრობიოლოგიური პროცესებით ნედლი ან გადამუშავებული სახით და გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის დამზადებისას;
ე.გ.ბ) მცენარეული, ცხოველური და მიკრობიოლოგიური წარმოშობის მასალისაგან შესაბამისი ფიზიკური, ფერმენტული და მიკრობიოლოგიური პროცესებით ნედლი ან გადამუშავებული სახით და გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის დამზადებისას;
ე.დ) თერმული ტექნოლოგიური არომატიზატორი - პროდუქტი, რომელიც მიიღება ინგრედიენტების ნარევის თერმული დამუშავების შემდეგ, რომელთაც არ არის აუცილებელი ახასიათებდეს არომატული თვისებები, რომელთაგან სულ მცირე ერთი მაინც შეიცავს აზოტს (ამინო-), ხოლო მეორე აუცილებლად უნდა იყოს რედუცირებული შაქარი. თერმული ტექნოლოგიური არომატიზატორის ინგრედიენტები შეიძლება იყოს სურსათი ან/და საწყისი ნედლეული;
ე.ე) შესაბოლი არომატიზატორი - პროდუქტი, რომელიც მიიღება ბოლის კონდენსატის ფრაქციებად დაყოფითა და გაწმენდით, პირველადი შესაბოლი კონდენსატის, ფისების პირველადი ფრაქციის ან/და წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოქმნით;
ე.ვ) არომატიზატორის პრეკურსორი - პროდუქტი, რომელსაც შესაძლებელია თავისთავად არ ჰქონდეს გემური თვისებები, რომელიც მიზნობრივად ემატება სურსათს გადამუშავების დროს და დესტრუქციის ან სხვა კომპონენტებთან რეაქციის შედეგად იწვევს გემოს გაძლიერებას. შესაძლებელია მიღებულ იქნეს სურსათისაგან ან/და საწყისი ნედლეულისაგან;
ე.ზ) სხვა არომატიზატორები - დანამატები, რომელიც ემატება ან განკუთვნილია სურსათში დასამატებლად გემოს ან/და სუნის მიცემისთვის და რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ე.ა-ე.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საშუალებებს;
ვ) რეკლამა - ვაჭრობასთან, ბიზნესთან, უნარებთან (ცოდნა) დაკავშირებული ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით წარდგენა, პროდუქციის, მათ შორის უძრავი ქონების, მომსახურების, უფლებების და მოვალეობების მიწოდების ხელშეწყობისათვის;
ზ) სურსათის შესახებ ინფორმაცია - სურსათთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საბოლოო მომხმარებელს მიეწოდება ეტიკეტის, სხვა თანმხლები მასალის, ან სხვა ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ან ვერბალური კომუნიკაციის გამოყენებით;
თ) სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია - ინფორმაცია, რომელიც უნდა წარედგინოს საბოლოო მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ი) საზოგადოებრივი კვების ობიექტი - ნებისმიერი დაწესებულება, სატრანსპორტო საშუალებების, სტაციონარული, მობილური ჯიხურის (ფარდული, სავაჭრო დახლი) ჩათვლით, (მაგალითად, რესტორანი, სასადილო, სკოლა, საავადმყოფო და სარესტორნო მომსახურება (სურსათის მომზადებისა და მიწოდების სერვისი)), სადაც სავაჭრო - საწარმოო საქმიანობით ხდება საბოლოო მომხმარებლისათვის მზა სურსათის დამზადება;
კ) დაფასოებული სურსათი - საცალო ვაჭრობის პუნქტში განთავსებამდე წინასწარ ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული ერთეული, რომელიც მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტს, რომელიც შედგება სურსათისა და შესაფუთი მასალისაგან და რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე. დაფასოებულ სურსათს არ განეკუთვნება სურსათი, რომლის შეფუთვა ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყონებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით;
ლ) ინგრედიენტი - ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, მათ შორის არომატიზატორი, საკვებდანამატი, საკვები ფერმენტი და, ასევე, შედგენილი ინგრედიენტის ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყენება სურსათის წარმოებისა და დამზადებისას და მზა სურსათში არსებობს საწყისი ან/და შეცვლილი ფორმით. ნარჩენები არ მიეკუთვნება ინგრედიენტს;
მ) წარმოშობის ადგილი - ნებისმიერი ადგილი, საიდანაც გამოდის პროდუქტი და რომელიც არ წარმოადგენს წარმოშობის ქვეყანას. ეტიკეტზე განთავსებული ბიზნესოპერატორის დასახელება, საფირმო სახელწოდება ან მისამართი არ წარმოადგენს წარმოშობის ადგილს ან წარმოშობის ქვეყანას;
ნ) შედგენილი ინგრედიენტი - ინგრედიენტი, რომელიც შედგება ერთზე მეტი ინგრედიენტისაგან;
ო) ეტიკეტი - სურსათის შეფუთვაზე ან ტარაზე (კონტეინერზე) ან თანდართულ დოკუმენტში წერილობითი, ბეჭდური, შაბლონის, აღნიშნული ან ამოტვიფრული სახით განთავსებული იარლიყი, თანდართული ან მიმაგრებული ნებისმიერი იარლიყი (ბირკა), სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), სავაჭრო ნიშანი (მარკა), გრაფიკული ან სხვა აღწერილობითი გამოსახულება;
პ) ეტიკეტირება - ნებისმიერი სიტყვა, მონაცემი, სავაჭრო ნიშანი, სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), გრაფიკული გამოსახულება, აღწერილობითი გამოსახულება ან სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია სურსათთან და განთავსებულია სურსათის ნებისმიერ შეფუთვაზე, ეტიკეტზე, ბეჭედზე ან საყელოზე ან მოცემულია თანდართულ დოკუმენტში;
ჟ) ხედვის არეალი - შეფუთვის მთელი ზედაპირი, რომელზედაც განთავსებული ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელია ხედვის ერთი წერტილიდან;
რ) ხედვის ძირითადი არეალი - შეფუთვის ზედაპირი, რომლის დანახვა სურსათის შეძენისას მომხმარებლის მიერ ერთი შეხედვით ყველაზე მეტად არის შესაძლებელი და, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად განსაზღვროს სურსათის მახასიათებლები და საჭიროების შემთხვევაში, სასაქონლო ნიშანი (ბრენდი). თუ შეფუთვას აქვს რამდენიმე მსგავსი ხედვის ძირითადი არეალი, ხედვის ძირითად არეალად მიჩნეული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ შერჩეული ხედვის ძირითადი არეალი;
ს) სიმკვეთრე, მკაფიოდ გამოსახვა - ინფორმაციის ფიზიკური ხილვადობა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის ინფორმაციის ვიზუალურად ხელმისაწვდომობას და რომელიც განისაზღვრება შემდეგი ელემენტებით: შრიფტის ზომა, ასოთა შორის მანძილი, ხაზებს (სტრიქონებს) შორის მანძილი, ხაზის (სტრიქონის) სისქე, შრიფტის ფერი, შრიფტი, ასოთა სიმაღლისა და სიგანის თანაფარდობა, მასალის ზედაპირი, მნიშვნელოვანი კონტრასტი შრიფტსა და ფონს შორის;
ტ) ოფიციალური დასახელება (სახეობა) - სურსათის სახელწოდება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და რომელი დასახელებითაც იგი მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს;
უ) ჩვეული დასახელება (სახეობა) - სურსათის სახელწოდება, რომელსაც მომხმარებელი, სურსათის შეძენისას აღიქვამს როგორც სურსათის სახეობას და აღარ საჭიროებს შემდგომ დამატებით ახსნა-განმარტებას;
ფ) აღწერილობითი დასახელება - სურსათის სახელწოდება, რომელიც აღწერს სურსათს და საკმარისად გარკვევით უნდა იქნეს წარმოდგენილი იმისათვის, რომ მისი გამოყენებისას, საბოლოო მომხმარებელმა შეძლოს სურსათის ნამდვილი ბუნების გაგება და განასხვაოს იგი სხვა მსგავსი სურსათისაგან;
ქ) მთავარი, ძირითადი ინგრედიენტი - ინგრედიენტი ან ინგრედიენტები, რომელთა შემცველობა სურსათში 50%-ზე მეტია ან რომელიც, როგორც წესი, მომხმარებლისათვის ასოცირდება სურსათის დასახელებასთან (სახეობასთან) და სავალდებულოა მისი რაოდენობის აღნიშვნა;
ღ) ვარგისიანობის მინიმალური ვადა - ვადა, რომლის განმავლობაში შენახვის სათანადო პირობების დაცვისას სურსათი ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს;
ყ) საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი) - ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები), ნატრიუმი (მარილი), ასევე ვიტამინები და მინერალები, რომლებიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №12-ის „გამოყენების რეკომენდებული ნორმები“ „ნაწილი „ა“ - ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ზრდასრული ადამიანისთვის“ პირველი პუნქტით, ასევე ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ რომელიმე კატეგორიას ან წარმოადგენენ მათ შემადგენელ კომპონენტს;
შ) ხელოვნური ნანომასალა - ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი მასალა, რომლის ზომები 100 ნმ ან ნაკლებია, ან რომელიც შედგება დისკრეტული ფუნქციონალური ნაწილებისგან, რომელთა შიდა ან ზედაპირული ზომები 100 ნმ-ია ან 100 ნმ-ზე ნაკლებია, მათ შორის ისეთი სტრუქტურები, როგორებიცაა აგლომერატები ან აგრეგატები, რომელთა ზომა შესაძლებელია 100 ნმ-ს აღემატებოდეს, მაგრამ ინარჩუნებდეს ნანოშკალისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ეს თვისებებია: თვისებები, რომელიც დაკავშირებულია მასალების დიდ სპეციფიკურ ზედაპირულ ფართობთან და კონკრეტული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, რომელიც განასხვავებს მათ ამავე მასალის არანანოფორმის თვისებებისაგან;
ჩ) კომუნიკაციის დისტანციური საშუალებები - ნებისმიერი საშუალება, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების გაფორმებისათვის ერთდროული ფიზიკური შეხვედრის გარეშე;
ც) წარმოშობის ქვეყანა - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წარმოშობის ქვეყანა;
ძ) ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ - ინფორმაცია, რომელშიც განსაზღვრულია:
ძ.ა) ენერგეტიკული ღირებულება;
ძ.ბ) ენერგეტიკული ღირებულება და მხოლოდ ერთი ან მეტი საკვები ნივთიერება (ნუტრიენტი), როგორიცაა:
ძ.ბ.ა) ცხიმი (ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები);
ძ.ბ.ბ) ნახშირწყლები (შაქრები, პოლიოლი, სახამებელი);
ძ.ბ.გ) მარილი;
ძ.ბ.დ) ბოჭკოვანი ნივთიერებები (საკვები ბოჭკოები);
ძ.ბ.ე) ცილა;
ძ.ბ.ვ) ნებისმიერი ვიტამინი ან მინერალი, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №12-ის ნაწილი „ა“- ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმები ზრდასრული ადამიანისთვის“ პირველ პუნქტში და წარმოდგენილია ამავე დანართის ნაწილი „ა“-ს მე-2 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობით;
წ) ცხიმი - საერთო ლიპიდები, მათ შორის ფოსფოლიპიდები;
ჭ) ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები - ცხიმოვანი მჟავები, ნახშირბადის მეზობელ ატომებს შორის ორმაგი ბმის გარეშე;
ხ) ტრანსცხიმი - ცხიმოვანი მჟავა, ნახშირბადის ატომებს შორის ერთი ან მეტი ორმაგი ბმით ტრანს-იზომერულ კონფიგურაციაში;
ჯ) მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები - ცხიმოვანი მჟავა ნახშირბადის ატომებს შორის ერთი ორმაგი ბმით ცის-იზომერულ კონფიგურაციაში;
ჰ) პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავა - ცხიმოვანი მჟავა ნახშირბადის ატომებს შორის ორი ან მეტი ორმაგი ბმით ცის-იზომერულ კონფიგურაციაში;
ჰ1) ნახშირწყალი - ნებისმიერი ნახშირწყალი, პოლიოლის ჩათვლით, რომელიც მეტაბოლიზმს განიცდის ადამიანის ორგანიზმში;
ჰ2) შაქარი - სურსათში არსებული ყველა მონოსაქარიდი და დისაქარიდი, გარდა პოლიოლისა;
ჰ3) პოლიოლი - მრავალატომიანი სპირტი, რომელიც შეიცავს ერთზე მეტ ჰიდროქსილის ჯგუფს;
ჰ4) ცილა - ცილის შემცველობა, რომელიც გამოითვლება ფორმულით:
ცილა= საერთო აზოტი (კელდალის მიხედვით) x 6,25;
ჰ5) მარილი - მარილის ეკვივალენტური შემცველობა, რომელიც გამოითვლება ფორმულით: მარილი = ნატრიუმი × 2,5;
ჰ6) ბოჭკოვანი ნივთიერება (საკვები ბოჭკოები) - ნახშირწყლების პოლიმერები სამი ან მეტი მონომერული ერთეულით, რომელთა აბსორბცია და გადამუშავება ვერ ხდება ადამიანის წვრილ ნაწლავებში. ბოჭკოვანი ნივთიერებების (საკვები ბოჭკოების) კატეგორიებია:
ჰ6.ა) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, რომლებიც ბუნებრივადაა სურსათში;
ჰ6.ბ) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, რომლებიც მიიღება სასურსათო ნედლეულიდან ფიზიკური, ფერმენტული ან ქიმიური გზით და რომელთა სასარგებლო ფიზიოლოგიური ეფექტიანობა დადასტურებულია აღიარებული სამეცნიერო მტკიცებულებებით;
ჰ6.გ) საკვები ნახშირწყლების პოლიმერები, სინთეზური გზით მიღებული, რომელთა სასარგებლო ფიზიოლოგიური ეფექტიანობა დადასტურებულია აღიარებული სამეცნიერო მტკიცებულებებით;
ჰ7) საშუალო მნიშვნელობა (სიდიდე) - სიდიდე, რომელიც უკეთ წარმოაჩენს სურსათის საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) რაოდენობას და ასახავს სავარაუდო სეზონურ ცვლილებებს, გამოყენების ფორმებს და სხვა ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ფაქტიური მნიშვნელობის ცვლილება;
ჰ8) სასურსათო დანამატი - კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივ დიეტურ კვებაში, როგორც საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტები) ან სხვა ნივთიერებების წყარო ცალ-ცალკე ან კომბინაციაში, ბაზარზე განთავსებულია წამლის ფორმით, კერძოდ კაფსულების, აბების, ამპულების, ფხვნილების, დრაჟეების, ბოთლებში სითხის ან დაფასოებული ფხვნილის და სხვა ანალოგიური სახით, და რომელთა გამოყენება ხდება განსაზღვრული მცირე რაოდენობით;
ჰ9) განსაკუთრებული დიეტური სურსათი - სურსათი, რომელიც განსაკუთრებული შედგენილობის ან დამზადების პროცესის გამო მკვეთრად განსხვავდება ნორმალური გამოყენებისათვის განკუთვნილი სურსათისგან და შეესაბამება დეკლარირებულ (გაცხადებულ) დიეტური მიზნით გამოყენებას. ბაზარზე განთავსებისას ამგვარი გამოყენების შესახებ მითითებული უნდა იქნეს პროდუქტზე;
ჰ10) ნატურალური მინერალური წყალი – დაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული, მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შედგენილობა, ტემპერატურა, დებიტი და დამტკიცებული მარაგები, ხოლო მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილება. ნატურალურ მინერალურ წყალს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები და დადებით ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე;
ჰ11) სამაგიდე (სასუფრე) დამატკბობელი - ნებადართული დამატკბობელის პრეპარატი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სხვა საკვებდანამატებს ან/და ინგრედიენტებს და რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის მისაწოდებლად, როგორც შაქრის შემცვლელი.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ტერმინები.