სურსათის შესახებ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი.
ბიზნესოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია სურსათის შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე, ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის შესახებ ინფორმაციის არსებობა, მისი სიზუსტე და შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან.
ბიზნესოპერატორმა, რომელიც არ არის დაკავშირებული სურსათის შესახებ ინფორმაციის წარდგენასთან, არ უნდა განათავსოს ბაზარზე ისეთი სურსათი, რომელთა შესახებ მან იცის, ან პროფესიული ცოდნის საფუძველზე, ვარაუდობს, რომ ასეთი სურსათი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
დაუშვებელია ბიზნესოპერატორის მიერ, მისი საქმიანობის ფარგლებში, სურსათის თანმხლები ინფორმაციის შეცვლა, თუ ასეთი ცვლილება შეცდომაში შეიყვანს საბოლოო მომხმარებელს ან სხვაგვარად შეამცირებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დონეს ან ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას. ბიზნესოპერატორი პასუხისმგებელია სურსათის თანმხლები ინფორმაციის ნებისმიერ ცვლილებაზე.
ბიზნესოპერატორი, მისი საქმიანობის ფარგლებში, ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვალდებულია დაიცვას სურსათის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და უზრუნველყოს მისი შესრულების გადამოწმება.
ბიზნესოპერატორი, მისი საქმიანობის ფარგლებში, ვალდებულია სურსათის მიმღებ ბიზნესოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია წინასწარ დაუფასოებელი სურსათის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში სურსათის მიმღები ბიზნესოპერატორის მიერ უზრუნველყოფილ იქნეს საბოლოო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის წარდგენა.
ბიზნესოპერატორი მისი საქმიანობის ფარგლებში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლებით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაცია მითითებულია სურსათის შეფუთვაზე, ან მიმაგრებულია ეტიკეტზე ან სურსათთან დაკავშირებულ სხვა კომერციულ დოკუმენტში, იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნებულია, რომ ეს დოკუმენტები თან ახლავს სურსათს, ან გადაცემული იქნება სურსათის მიწოდებამდე ან მიწოდების დროს. კერძოდ, როდესაც:
ა) დაფასოებული სურსათი განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის, მაგრამ მისი ბაზარზე განთავსება ხდება საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ეტაპამდე და ამ ეტაპზე არ ხდება სურსათის მიწოდება საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის;
ბ) დაფასოებული სურსათი განკუთვნილია საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მომზადების, გადამუშავების, დაყოფის (დანაწევრების) ან დაჭრისათვის.
8. ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსება სარეალიზაციოდ წარდგენილი სურსათის გარე შეფუთვაზე.
9. ბიზნესოპერატორი, რომელიც სურსათს აწვდის სხვა ბიზნესოპერატორს და სურსათი არ მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან საზოგადოებრივი კვების ობიექტს, ვალდებულია სურსათის მიმღებ ბიზნესოპერატორს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, რათა სურსათის მიმღებმა ბიზნესოპერატორმა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.