1.
მოვლითი ჭრის სახეებია:
ა)
განათებითი ჭრა – ხორციელდება 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ბ)
გაწმენდითი ჭრა – ხორციელდება 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;
გ)
გამოხშირვითი ჭრა – ხორციელდება 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ)
სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;
ე)
სარეკონსტრუქციო ჭრა – ხორციელდება დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.
2.
კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.
3.
მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.
4.
მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან მერიის მიერ, ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად.
5.
მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებული არიან 350-მდე დაქანების ფერდობებზე.
6.
მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე.
7.
ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა)
0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა;
ბ)
0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა;
გ)
0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა.
8.
მოვლითი ჭრები ტყე-პარკებში - სამეურნეო თვალსაზრისით მოვლითი ჭრების დროს ტყე-პარკებში დეკორატიული მიზნით  შეიძლება ადგილზე დატოვებული იქნას არასწორი ღეროს მქონე, როკებისაგან ცუდად გაწმენდილი და დიდვარჯიანი ეგზემპლიარები, მაგრამ გარეგნულად ლამაზი ხეები. დიდი ვარჯი მეტ ჩრდილს შექმნის და ხელ უწყობს ტყე-პარკში დასვენებისათვის უკეთესი პირობების შექმნას. მოვლითი ჭრებით ტყე-პარკებში ხეები შეიძლება განაწილებულ იქნეს არათანაბარ, არამედ დიდ და პატარა ჯგუფებად. ძლიერ განათებულ ადგილებში სასურველია მეორე სართულებში ქვეტყის ისეთი ჯიშები გავაშენოთ, რომელიც ტყე-პარკს სილამაზეს შემატებენ სხვადასხვაგვარი ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფებით. მოვლითი ჭრების დროს საჭიროა ცოდნა ტყე-პარკების შექმნილი ძვირფასი ჯიშების დამახასიათებელი თვისებების, როგორიცაა ხშირი შეფოთვლა, დიდი და განიერი ვარჯი. შემდეგ უნდა გამოიყოს და მოიჭრას ისეთი ხეები, რომელნიც ხელს უშლიან საპარკო ჯიშების ზრდა განვითარებას და საპარკო ჯიშებთან ერთად რეზერვად უნდა დარჩეს ისეთი ხეებიც, რომელნიც ხელს არ უშლიან მათ ზრდა-განვითარებას.
9.
მოვლითი ჭრების დროს ტყე-პარკებში დეკორატიული მიზნით  შეიძლება ადგილზე დატოვებული იქნას არასწორი ღეროს მქონე, როკებისაგან ცუდად გაწმენდილი და დიდვარჯიანი ეგზემპლიარები, მაგრამ გარეგნულად ლამაზი ხეები. დიდი ვარჯი მეტ ჩრდილს შექმნის და ხელს შეუწყობს ტყე-პარკში დასვენებისათვის უკეთესი პირობების შექმნას. მოვლითი ჭრებით ტყე-პარკებში ხეები შეიძლება განაწილებულ იქნეს არათანაბარ, არამედ დიდ და პატარა ჯგუფებად. ძლიერ განათებულ ადგილებში სასურველია მეორე სართულებში ქვეტყის ისეთი ჯიშები გავაშენოთ, რომელიც ტყე-პარკს სილამაზეს შემატებენ სხვადასხვაგვარი ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფებით. მოვლითი ჭრების დროს საჭიროა ცოდნა ტყე-პარკების შექმნილი ძვირფასი ჯიშების დამახასიათებელი თვისებების, როგორიცაა ხშირი შეფოთვლა, დიდი და განიერი ვარჯი. შემდეგ უნდა გამოიყოს და მოიჭრას ისეთი ხეები, რომელნიც ხელს უშლიან საპარკო ჯიშების ზრდა განვითარებას და საპარკო ჯიშებთან ერთად რეზერვად უნდა დარჩეს ისეთი ხეებიც, რომელნიც ხელს არ უშლიან მათ ზრდა-განვითარებას