1. მოსათავსებელი პირი იზოლატორის საკანში მოთავსების წინ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას.
2. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს სამედიცინო მუშაკის მიერ მოსათავსებელი პირი გამოიკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხდება ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დოკუმენტირება, ასევე ვიზუალური დათვალიერება სხეულზე არსებული დაზიანებების სრულად დაფიქსირების მიზნით. სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს განცალკევებულ ოთახში სხვა პირთა დასწრების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო მუშაკი თავად მიიჩნევს აუცილებლად იზოლატორის მოსამსახურის დასწრებას აღნიშნულ პროცედურაზე.
3. იზოლატორში, რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, პირველად სამედიცინო შემოწმებას ატარებს დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე და შემოწმების შესახებ ადგენს იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმას. თუ ექიმს წარმოეშობა ეჭვი წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე, იგი ვალდებულია, აცნობოს იზოლატორის უფროსს, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულის შესახებ შეტყობინებას უგზავნის საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
4. იზოლატორში, რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოსათავსებელი პირისათვის პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად იზოლატორის ცვლის უფროსი იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ბრიგადას. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ გარეგნული დათვალიერების ოქმს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად ავსებს იზოლატორის მოსამსახურე. გარეგნული დათვალიერების ოქმში მიეთითება მოსათავსებელი პირის გარეგნული მდგომარეობა, სხეულის დაზიანების შესაძლო ნიშნები, თუ სად მიიღო აღნიშნული დაზიანებები და რა ვითარებაში, ვის მიერ, აქვს თუ არა მოსათავსებელ პირს ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია, რომელსაც შემდგომ ადასტურებს ხელმოწერით. მოთავსებული პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის ან/და სხეულის ახლად მიღებული დაზიანების არსებობის შემთხვევაში იზოლატორის უფროსი ვალდებულია, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
5. პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სამედიცინო მუშაკის შეფასებით არ იძლევა იზოლატორში მისი მოთავსების შესაძლებლობას, იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშ