1. დეპარტამენტი უფლებამოსილია, განახორციელოს იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.
2. ვიდეომეთვალყურეობის ცენტრალური მართვა ხორციელდება დეპარტამენტში, ამ მიზნით გამოყოფილ ოთახში (შემდგომში – ცენტრალური მართვის ოთახი), დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის მიერ.
3. ცენტრალური მართვის ოთახში შესვლის/ყოფნის უფლება აქვს:
ა) მინისტრს;
ბ) დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილეს;
გ) დეპარტამენტის დირექტორს;
დ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს;
ე) დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის მოსამსახურეებს;
ვ) მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე სხვა პირს, ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესებიდან ან სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.
4. აკრძალულია ცენტრალური მართვის ოთახში ფოტო/ვიდეო/აუდიო გადაღება/ჩაწერა მინისტრის წერილობითი თანხმობის გარეშე.
5. ცენტრალური მართვის ოთახში მობილური ტელეფონის შეტანის უფლება აქვთ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე მინისტრის წერილობითი თანხმობით – სხვა პირებს.
6. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში. გადაღებული მასალა ინახება ცენტრალური მართვის ოთახში არანაკლებ 24 საათისა, რა დროსაც ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის წაშლის/განადგურების შედეგად.
7. გადაღებული მასალის გაცნობა და გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ჩამწერ მოწყობილობაზე აკრძალულია ნებისმიერი ელექტრონული აპარატის მიერთება მინისტრის წერილობითი თანხმობის გარეშე.
9. სამართალწარმოების ჩატარების მიზნით გადაღებული მასალის დაარქივება ხორციელდება შემდეგი შემთხვევის/გარემოების აღმოჩენისას:
ა) სამართალდარღვევა, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულის ფაქტები;
ბ) მოთავსებული პირის გარდაცვალება;
გ) ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტები;
დ) მოთავსებული პირის მხრიდან თვითდაზიანების ან/და სუიციდის მცდელობის შემთხვევები;
ე) სხვა შემთხვევებში – დეპარტამენტის დირექტორის ან დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
10. დაარქივებული მასალა ინახება დეპარტამენტში, საამისოდ დაცულ ბაზაში, რის თაობაზეც დგება გადაღებული მასალის დაარქივების ოქმი, რომელსაც ადგენს დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე. გადაღებული მასალის დაარქივების ოქმს აგრეთვე დაერთვება გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა გადაღებული მასალის დაარქივება.
11. დაარქივებული მასალის, მათ შორის, ფრაგმენტის გადმოწერის (მოხსნა და ფიქსაცია) თაობაზე გადაწყვეტილებას წერილობით იღებს დეპარტამენტის დირექტორი კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით.
12. დაარქივებული მასალა ინახება იმ სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, რომლის გამოც განხორციელდა აღნიშნული მასალის დაარქივება. შესაბამის ბაზაში შენახული დაარქივებული მასალა ნადგურდება ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში საამისოდ შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობასაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
13. შესაბამის ბაზაში შენახული დაარქივებული მასალა კომისიის მიერ უნდა განადგურდეს ელექტრონული ფაილების შემთხვევაში – სისტემიდან მათი სრული წაშლით, ხოლო მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში – მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ფორმით, რაც შეუძლებელს გახდის მომავალში მისი აღდგენის შესაძლებლობას.
14. განადგურების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება განადგურებული მასალის მოცულობა, განადგურების დრო, ადგილი, ფორმა და სხვა მონაცემებ