1. იზოლატორში მოსათავსებელ პირს წერილობითი მიმართვის საფუძველზე იზოლატორში წარადგენენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოების  თანამშრომლები.

2. იზოლატორში პირის მოთავსების საფუძველია:

ა) ადმინისტრაციული  დაკავების ოქმი;

ბ) ბრალდებულის დაკავების ოქმი;

გ) სასამართლოში სამართალდამრღვევის დაკავების ოქმი;

დ) სასამართლო სხდომის დარბაზში ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის დაკავების ოქმი;

ე) საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავების ოქმი;

ვ) მოსამართლის განჩინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.

3. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული პირის იზოლატორში მოთავსებისას წერილობით მიმართვას დაკავების ოქმთან ერთად უნდა ერთოდეს მოსამართლის დადგენილება ან განკარგულება პატიმრობის შეფარდების შესახებ.

4. სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია, საქმის განხილვისას ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, დროებით მოთავსდეს უახლოეს იზოლატორში, თუ სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია პენიტენციური დაწესებულებისგან და გართულებულია ბრალდებულის გაყვანა/გადაყვანა. იზოლატორში მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს  უშუალოდ განახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს პატიმრობის კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესის მოთხოვნებს ან/და მოთავსებულ პირთა უსაფრთხოების ინტერესებს.

5. მოსათავსებელი პირის იზოლატორში მოთავსების პროცედურის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს  იზოლატორის უფროსი ან/და მისი არყოფნის შემთხვევაში – იზოლატორის ცვლის უფროსი.

6. იზოლატორში არ მიიღება:

ა) პირი, რომლის ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა მის იზოლატორში მოთავსების საშუალებას და ამის შესახებ არსებობს სამედიცინო მუშაკის გადაწყვეტილება;

ბ) ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიუღწეველი პირი.

7. მოსათავსებელი პირის იზოლატორში წარდგენისას იზოლატორის ცვლის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა მოსამსახურე პირის შესახებ არსებულ ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აღრიცხავს მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (შემდგომში – ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზა).

8. მოსათავსებელი პირის პირად დათვალიერებას და მისი ნივთების შემოწმებას დადგენილი წესით ახორციელებს სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მორიგე-გუშაგი, რომელსაც ზედამხედველობს იზოლატორის ცვლის უფროსი.

9. იზოლატორში მოთავსებისას იზოლატორის ცვლის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა მოსამსახურე მოსათავსებელ პირს წერილობით გააცნობს მის უფლებებსა და მოვალეობებს, საჩივრის შეტანის წესებს, შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე საპროცესო უფლებებს, რასაც მოსათავსებელი პირი ადასტურებს ხელმოწერით. თუ მოსათავსებელმა პირმა არ იცის სახელმწიფო ენა, აღნიშნული ინფორმაცია პირს მიეწოდება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.

10. იზოლატორში მოსათავსებელ წერა-კითხვის უცოდინარ, აგრეთვე უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით. ყრუ-მუნჯს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შესაბამისი ცოდნის მქონე თარჯიმნის მონაწილეობით.

11. იზოლატორში მოსათავსებელ არასრულწლოვან პირს ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმით.

12. მოსათავსებელი პირი პირადი დათვალიერებისა და მისი კუთვნილი ნივთების  შემოწმების შემდეგ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს სამედიცინო მუშაკი.

13. მოსათავსებელი პირის მოთავსებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და ელექტრონული ხელმოწერის დაფიქსირება. მოთავსებული პირის ფოტოსურათი და ელექტრონული ხელმოწერა იტვირთება ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

14. აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდგომ იზოლატორის ცვლის უფროსი მოსათავსებელ პირს ათავსებს საკანშ