1. იზოლატორში მოსათავსებელ პირს წერილობითი მიმართვის საფუძველზე იზოლატორში წარადგენენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოების თანამშრომლები.

2. იზოლატორში პირის მოთავსების საფუძველია:

ა) ბრალდებულის დაკავების ოქმი;

ბ) სასამართლოში სამართალდამრღვევის დაკავების ოქმი;

გ) სასამართლო სხდომის დარბაზში ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის დაკავების ოქმი;

დ) მოსამართლის განჩინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.

3. მოსათავსებელი პირის იზოლატორში მოთავსების პროცედურის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს იზოლატორის უფროსი ან/და მისი არყოფნის შემთხვევაში – იზოლატორის ცვლის უფროსი.

4. იზოლატორში არ მიიღება:

ა) პირი, რომლის ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა მის იზოლატორში მოთავსების საშუალებას და ამის შესახებ არსებობს სამედიცინო მუშაკის გადაწყვეტილება;

ბ) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიუღწეველი პირი.

5. მოსათავსებელი პირის იზოლატორში წარდგენისას მთავარი სამმართველოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა მოსამსახურე პირის შესახებ არსებულ ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე აღრიცხავს მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (შემდგომში – ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზა).

6. მოსათავსებელი პირის პირად დათვალიერებას და მისი ნივთების შემოწმებას დადგენილი წესით, იზოლატორის ცვლის უფროსის ზედამხედველობით, ახორციელებს ამ მიზნით გამოყოფილი მთავარი სამმართველოს მოსამსახურე.

7. იზოლატორში მოთავსებისას იზოლატორის ცვლის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა მოსამსახურე მოსათავსებელ პირს წერილობით გააცნობს მის უფლებებსა და მოვალეობებს, საჩივრის შეტანის წესებს, შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე საპროცესო უფლებებს, რასაც მოსათავსებელი პირი ადასტურებს ხელმოწერით. თუ მოსათავსებელმა პირმა არ იცის სახელმწიფო ენა, აღნიშნული ინფორმაცია პირს მიეწოდება მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.

8. იზოლატორში მოსათავსებელ წერა-კითხვის უცოდინარ, აგრეთვე უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით. ყრუ-მუნჯს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შესაბამისი ცოდნის მქონე თარჯიმნის მონაწილეობით.

9. იზოლატორში მოსათავსებელ არასრულწლოვან პირს ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმით.

10. მოსათავსებელი პირი პირადი დათვალიერებისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდეგ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს სამედიცინო მუშაკი.

11. მოსათავსებელი პირის მოთავსებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება. მოთავსებული პირის ფოტოსურათი იტვირთება შესაბამის ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

12. აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდგომ იზოლატორის ცვლის უფროსი მოსათავსებელ პირს ათავსებს საკანში