1. პირადი დათვალიერება ტარდება მოსათავსებელი პირის იზოლატორში შეყვანისთანავე, იმავე სქესის პირის მიერ განცალკევებულ ადგილას, სხვათა თვალთახედვის არისგან მოშორებით, იმ ოთახში, სადაც არ არის განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის კამერა. პირად დათვალიერებას შეიძლება დაესწროს იმავე სქესის პირი. მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერებისას მისი ტანსაცმელი თვალიერდება და ისინჯება ამ მიზნით გამოყოფილი მთავარი სამმართველოს მოსამსახურის მიერ. პირადი დათვალიერების დასრულების შემდეგ დგება ოქმი, სადაც აღიწერება დასათვალიერებელი პირის ტანისამოსი შესაბამისი მახასიათებლების მითითებით. პირადი დათვალიერების დროს შესაძლებელია სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენება.
2. პირადი დათვალიერების დაწყების წინ იზოლატორის მოსამსახურე პირს გააცნობს იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც მოთავსებულ პირს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (შინაგანაწესის დანართი №1).
3. პირადი დათვალიერების დაწყების წინ იზოლატორის მოსამსახურემ პირს უნდა მოსთხოვოს ყველა იმ ნივთის წარდგენა, რომელიც გათვალისწინებული არ არის შინაგანაწესის დანართი №1-ით. თუ პირს პირადი დათვალიერების პროცესში აღმოაჩნდება აღნიშნული ნივთი, იგი ექვემდებარება ჩამორთმევას იზოლატორის მოსამსახურის მიერ.
4. მოსათავსებელი პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის წარმოდგენის ან იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის ჩამორთმევის შემთხვევაში ნივთი ილუქება, დგება ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურის გენერალურ ინსპექციას და საქართველოს პროკურატურას.
5. ნივთი, რომელიც წარმოადგინა პირმა ან ჩამოერთვა პირს, მაგრამ არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველი, დეტალურად აღიწერება პირადი დათვალიერების ოქმში. აღნიშნული ნივთები, გარდა მალფუჭებადი პროდუქტებისა, ინახება იზოლატორში საამისოდ გამოყოფილ ადგილას. მათი სრულად დაბრუნება ხდება პირის იზოლატორიდან გასვლისას ან გათავისუფლებისას, რასაც მოთავსებული პირი ან/და დამკავებელი ორგანოს წარმომადგენელი ადასტურებს პირადი დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით. მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაუყოვნებლივ, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმ