ამ დანართის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მოთავსებული პირი – იზოლატორში მოთავსებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირი, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელი;

ბ) მოსათავსებელი პირი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოების თანამშრომლების მიერ იზოლატორში მოსათავსებლად წარდგენილი პირი იზოლატორში მისი მოთავსების პროცედურის დასრულებამდე;

გ) სამედიცინო მუშაკი – დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მისთვის ხელშეკრულებით განსაზაღვრულ იზოლატორში ან/და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენელი;

დ) ახლო ნათესავი – შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა იზოლატორში მოთავსებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში;

ე) სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთი – იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან;

ვ) საგანგებო სიტუაცია – იზოლატორში არსებული ისეთი კრიზისული ვითარება, რომელიც გამოწვეულია კატასტროფით, მასშტაბური სამრეწველო ავარიით, ხანძრით, სტიქიური უბედურებით, ეპიდემიით, ეპიზოოტიით, ეპიფიტოტიით ან საბრძოლო საშუალებების გამოყენებით და რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეიძლება საფრთხე შეუქმნას იზოლატორში მყოფ პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს მსხვერპლი, ადამიანთა დაშავება ან/და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

თავი II

იზოლატორში მოთავსების აღსრულების წესი და პირობე