1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აკვაკულტურა - წყლის ორგანიზმების გამოზრდა ან კულტივირება, იმ ტექნიკის გამოყენებით, რომელიც მიზნად ისახავს ამ ორგანიზმების წარმოების გაზრდას გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა და სადაც ორგანიზმები ერთი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის მანძილზე, გამოზრდიდან პროდუქციის (მოსავლის აღების ) ჩათვლით;

ბ) აკვაკულტურის ცხოველი - ნებისმიერი წყლის ცხოველი მისი სიცოცხლის ყველა ეტაპზე, მათ შორის კვერცხი და სპერმა/გამეტა, გამოზრდილი ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში, მათ შორის ველურ გარემოში მობინადრე ნებისმიერი წყლის ცხოველი, რომელიც განკუთვნილია ფერმისთვის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალისთვის;

გ) აკვაკულტურის წარმოება - ნებისმიერი საჯარო თუ კერძო საქმიანობა, მოგების მიღების მიზნით ან მის გარეშე, რომელიც დაკავშირებულია აკვაკულტურის ცხოველების გამოზრდასთან, შენახვასთან ან კულტივირებასთან;

დ) აკვაკულტურის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია, რომ მისი კონტოლის ქვეშ მყოფი აკვაკულტურის წარმოება აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ე) წყლის ცხოველი

ე.ა) თევზი, რომელიც მიეკუთვნება Agnatha-ს ზეკლასს და Chondrichthyes and  Osteichthyes-ს კლასს;

ე.ბ) მოლუსკი, რომელიც მიეკუთვნება Mollusca- ს ტიპს;

ე.გ) კიბოსნაირები, რომელიც მიეკუთვნება Crustacea-ს ქვეტიპს;

ვ) ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმო - ,,ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილების შესაბამისად აღიარებული ნებისმიერი ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია აკვაკულტურის ცხოველების სურსათად გადამუშავებასთან და ავტორიზებულია ამ წესის მე-3-მე-4 მუხლების შესაბამისად;

ზ) ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნესოპერატორი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია, რომ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარმო აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

თ) ფერმა - აკვაკულტურის წარმოების მმართველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი შენობა, შემოღობილი ტერიტორია ან ინსტალაცია, სადაც აკვაკულტურის ცხოველები გამოზრდილია ბაზარზე განთავსების მიზნით, გარდა ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველისა, რომელიც შეაგროვეს ან დაიჭირეს ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით და ინახება დროებით მათ დაკვლამდე, გამოკვების გარეშე;

ი) მოშენება (farming) - წყლის ცხოველის გამოზრდა ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში;

კ) მოლუსკების მოსაშენებელი არეალი - წარმოების ან გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალი, სადაც აკვაკულტურის მთლიანი წარმოება ფუნქციონირებს ბიოუსაფრთხოების საერთო სისტემით;

ლ) წყლის დეკორატიული ცხოველი - წყლის ცხოველი, რომელიც გამოიზრდება, ინახება ან ბაზარზე განთავსდება მხოლოდ დეკორატიული მიზნებისათვის;

მ) ბაზარზე განთავსება - გაყიდვა, მათ შორის, გაყიდვის შეთავაზება ან გადაცემის ნებისმიერი სხვა ფორმა, სასყიდლით თუ უსასყიდლოდ, და აკვაკულტურის ცხოველის ნებისმიერი გადაადგილების ფორმა;

ნ) წარმოების არეალი - ნებისმიერი ადგილი მტკნარ წყალში, ზღვაში, ესტუარინი (მდინარის შესართავი), კონტინენტური ან ლაგუნა არეალი, რომელიც ბუნებრივი გარემოა ორსაგდულიანი მოლუსკებისათვის ან ადგილი, რომელიც გამოიყენება მათი კულტივირებისათვის;

ო) სამონადირეო თევზჭერის ადგილი - ტბორი ან სხვა ინსტალაცია, სადაც აკვაკულტურის ცხოველების მარაგის შევსებით პოპულაცია ნარჩუნდება მხოლოდ მოყვარულთა თევზჭერისთვის;

პ) გადაყვანის/რეტრანსლაციის არეალი - ნებისმიერი ადგილი მტკნარ წყალში, ზღვაში, ესტუარინში ან ლაგუნაში, სადაც საზღვრები ნათლად არის მონიშნული ტივტივით, პოსტებით ან ნებისმიერი სხვა დაფიქსირებული საშუალებებით და გამოიყენება მხოლოდ ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების ბუნებრივი პურიფიკაციისათვის (გაწმენდისათვის);

ჟ) ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველი - წყლის ცხოველი, რომელიც არ არის აკვაკულტურის ცხოველი;

რ) კომპარტმენტი - ბიოუსაფრთხოების საერთო სისტემის მქონე ერთი ან რამოდენიმე ფერმა, რომელშიც განთავსებულია კონკრეტულ დაავადებასთან მიმართებაში განსხვავებული ჯანმრთელობის სტატუსის მქონე წყლის ცხოველის პოპულაცია;

ს) ბიოუსაფრთხოების საერთო სისტემა - სისტემა, სადაც ხორციელდება ერთი და იგივე წყლის ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, დაავადებათა პრევენციისა და დაავადებათა კონტროლის ზომები;

ტ) შემაკავებელი არეალი (არე) - არეალი დაინფიცირებული ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის ირგვლივ, სადაც მიღებულია დაავადების კონტროლის ზომები, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით;

უ) დაავადება - წყლის ცხოველში ერთი ან მეტი ეტიოლოგიური აგენტით გამოწვეული ინფექცია კლინიკური ან კლინიკური ნიშნების გარეშე;

ფ) დაავადებისგან თავისუფალი ზონა ან კომპარტმენტი - ზონა ან კომპარტმენტი, რომელიც მიჩნეულია დაავადებისაგან თავისუფლ ზონად ან კომპარტმენტად ამ წესის 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად;

ქ) ახლად წარმოქმნილი დაავადება - ახლად აღმოჩენილი (იდენტიფიცირებული) საშიში დაავადება, რომლის შედეგებიც შეიძლება იყოს ან ჯერჯერობით არ იყოს დადგენილი და რომელსაც აქვს პოტენციალი გავრცელდეს პოპულაციაში და პოპულაციებს შორის წყლის ცხოველის ან მათი პროდუქტების ვაჭრობით. ეს ასევე ნიშნავს ახალ მასპინძელ სახეობებში აღმოჩენილ დაავადებებს, რომლებიც აღმოჩენილია და ჯერ არ არის შეტანილი დანართი №3-ით - ,,ეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ და დანართი №4 -ში ,,არაეგზოტიკური დაავადებების ჩამონათვალი“ , როგორც ამთვისებელი სახეობები;

ღ) ეპიდემიოლოგიური ერთეული - წყლის ცხოველების ჯგუფი, რომელებიც განსაზღვრული ლოკაციის ფარგლებში იზიარებენ დაავადების აგენტის ზეგავლენის დაახლოებით ერთი და იგივე რისკს; ეს რისკი შეიძლება გამოწვეული იყოს წყლის საზიარო გარემოთი ან მართვის (მენეჯმენტის) პრაქტიკით, რომელიც აჩვენებს, რომ დაავადების აგენტი ცხოველების ერთ ჯგუფიდან შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ცხოველების სხვა ჯგუფში;

ყ) დაცლა - დაავადების მართვისთვის განხორციელებული ოპერაცია, როდესაც ფერმა იცლება საეჭვო დაავადებაზე ამთვისებელი აკვაკულტურის ცხოველებისგან ან გადამტანისაგან (რომელთაც შეუძლიათ გაავრცელონ დაავადების აგენტი) ან, სადაც ეს შესაძლებელია, წყლისაგან;

შ) შემდგომი გადამუშავება - აკვაკულტურის ცხოველის ადამიანის მიერ მოხმარებამდე გადამუშავება ნებისმიერი ზომით და ტექნიკით, რომელიც ზეგავლენას ახდენს მის ანატომიურ მთლიანობაზე, როგორიცაა სისხლისგან დაცლა, გამოშიგვნა, თავის მოცილება/მოჭრა, დაჭრა და ფილეტირება, რომელიც წარმოშობს ნარჩენებს ან ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტს (შემდგომში - ცწადპ) და შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გავრცელების რისკი;

ჩ) გაზრდილი სიკვდილიანობა - უეცარი სიკვდილიანობა იმ ზღვარს ზემოთ, რომელიც შექმნილ სიტუაციაში მიიჩნევა ნორმად ფერმისთვის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალისთვის (რა შეიძლება მიჩნეულ იქნეს გაზრდილ სიკვდილიანობად წყდება ფერმერისა და სააგენტოს შეთანხმებით);

ც) ინფექცია - დაავადების აგენტის გამრავლება ან სხვაგვარად განვითარება ან ლატენტური მდგომარეობა მასპინძელში/ზე;

ძ) დაინფიცირებული ზონა ან კომპარტმენტი - ზონა ან კომპარტმენტი, სადაც აღმოჩენილი იქნა დაავადება;

წ) კარანტინი - წყლის ცხოველების ჯგუფის იზოლირება სხვა წყლის ცხოველებთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის გარეშე, იმისთვის, რომ მოხდეს მათზე დაკვირვება გარკვეული დროის მანძილზე და სადაც მათ ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება და მკურნალობა, მათ შორის ჩამდინარე წყლების შესაბამისი გაწმენდა/დამუშავება;

ჭ) ამთვისებელი სახეობა - ნებისმიერი სახეობა, რომელშიც დაავადების გამომწვევი აგენტით გამოვლინდა ინფექცია ბუნებრივად ან ექსპერიმენტალურად, რომელიც განხორციელდა დასნებოვნების ბუნებრივი გზებით;

ხ) ვექტორი - დაავადების არამთვისებელი სახეობები, რომელთაც შეუძლიათ გაავრცელონ ინფექცია პათოგენების გადატანით ერთი მასპინძლიდან მეორეში;

ჯ) ზონა - კონკრეტული გეოგრაფიული არეალი (ტერიტორია) ერთგვაროვანი ჰიდროლოგიური სისტემით, რომელიც მოიცავს წყალშემკრები არეალის ნაწილს, სათავიდან ბუნებრივ ან ხელოვნურ ბარიერამდე, და ხელს უშლის (ზღუდავს) წყლის ცხოველების წყალშემკრების დაბალი განფენილობიდან მაღალი განფენილობისაკენ მიგრაციას მთლიან წყალშემკრებ არეალში სათავიდან ესტუარამდე, ან ერთზე მეტ წყალშემკრებ არეალში, მათ შორის მათ ესტუარებში, წყალშემკრებ არეალთან ესტუარებით ეპიდემიოლოგიური კავშირის გამო;

ჰ) მაღალი რისკის ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი - ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი:

ჰ.ა) რომელსაც აქვს სხვა ფერმაზე ან ველურ გარემოში არსებულ მარაგებზე დაავადებების გავრცელების ან მათგან დაავადების მიღების მაღალი რისკი;

ჰ.ბ) რომელიც ფუნქციონირებს ისეთ მოსაშენებელი პირობებში, რომლსაც შეუძლია გაზარდოს დაავადების აფეთქების რისკი (მაღალი ბიომასა, წყლის დაბალი ხარისხი), წარმოდგენილი სახეობების გათვალისწინებით;

ჰ.გ) რომელიც ყიდის აკვაკულტურის ცოცხალ ცხოველებს შემდგომი გამოზრდისათვის ან აღწარმოებისათვის.

ჰ1) საშუალო რისკის ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი - ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი:

ჰ.1ა) რომელსაც აქვს სხვა ფერმაზე ან ველურ გარემოში არსებულ დაავადებების გავრცელების ან მათგან დაავადების მიღების საშუალო რისკი;

ჰ.1ბ) რომელიც ფუნქციონირებს ისეთ მოსაშენებელი პირობებში, რომელიც ცალსახად არ ზრდის დაავადების აფეთქების რისკს (მაღალი ბიომასა, წყლის დაბალი ხარისხი), წარმოდგენილი სახეობების გათვალისწინებით;

ჰ.1გ) რომელიც ყიდის აკვაკულტურის ცოცხალ ცხოველებს ძირითადად ადამიანის მიერ მოხმარებისთვის.

ჰ2) დაბალი რისკის ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი - ფერმა ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალი:

ჰ2.ა) რომელსაც აქვს სხვა ფერმაზე ან ველურ გარემოში არსებულ დაავადებების გავრცელების ან მათგან დაავადების მიღების დაბალი რისკი;

ჰ2.ბ) რომელიც ფუნქციონირებს ისეთ მოსაშენებელი პირობებში, რომელიც არ ზრდის დაავადების აფეთქების რისკს (მაღალი ბიომასა, წყლის დაბალი ხარისხი), წარმოდგენილი სახეობების გათვალისწინებით;

ჰ2.გ) ყიდის აკვაკულტურის ცოცხალ ცხოველებს, მხოლოდ ადამიანის მიერ მოხმარებისთვის.

2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 და „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგებილებებით განსაზღვრული ტერმინები თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.

თავი II

აკვაკულტურის წარმოება და ავტორიზებული გადამამუშავებელი საწარ