1. სამთავრობო პროგრამის, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, მთავრობა ყოველი წლის არაუგვიანეს 30 ნოემბრისა ამტკიცებს მომავალი წლის მთავრობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას (შემდგომში – გეგმა).

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომში – მთავრობის ადმინისტრაცია) შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ყოველწლიურად აზუსტებს მთავრობის პრიორიტეტებსა და ამოცანებს და დაზუსტებულ პრიორიტეტებს და ამოცანებს წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.

3. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვს სამინისტროებიდან და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)იდან მომდევნო წლისათვის დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებს (შემდგომში – აქტივობები), მათ შორის, ინფორმაციას ყოველწლიურ პრიორიტეტებსა და ამოცანებთან მიმართებით, დონორთა დახმარების მიმდინარე და ახლად წარმოქმნილი საჭიროებების შესახებ, სპეციალურად შემუშავებული ფორმის სახით, რომელსაც ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი.

4. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტების და ამოცანების შესასრულებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი აქტივობებს წარადგენენ მთავრობის ადმინისტრაციაში შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

5. სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს მთავრობის პრიორიტეტებს, ამოცანებსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტს. ამასთან, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ წარდგენილი აქტივობები, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი რეფორმა, ინსტიტუციური ცვლილება თუ სხვა დაგეგმილი საქმიანობა, რომელთა გატარების შედეგად მიღწეული და შესრულებული იქნება მთავრობის პრიორიტეტები და ამოცანები.

6. მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ის მიერ აქტივობების წარდგენის შემდეგ, 1 თვის ვადაში, ადგენს გეგმის პროექტს და წარუდგენს მთავრობას დასამტკიცებლად.

7. გეგმის შესრულების მონიტორინგი ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ.

8. მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, დონორთა დახმარების უკეთ მობილიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრ(ებ)ის აპარატ(ებ)ი 6 თვეში ერთხელ აწვდიან ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დონორებთან მიმდინარე მოლაპარაკებისა და მათი სტატუსის შესახე