1. დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე დებულების მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს საგრანტო პროექტის ფარგლებში წარმოებული აქტივობებით ან/და რომლისკენაც მიმართულია ასეთი აქტივობები და როგორც წესი, ჩართულია მათ განხორციელებაში;
ბ) გრანტი – ცენტრის მიერ გრანტის მიმღებისთვის საგრანტო პროექტის განსახორციელებლად, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი რესურსი, ფულადი ფორმით;
გ) საგრანტო კონკურსი – თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით ჩატარებული პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო საგრანტო პროექტის გამოვლენას;
დ) საგრანტო განაცხადი – გრანტის მიღების უფლების მოპოვების შესახებ წერილობითი განცხადება, რომლის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საგრანტო პროექტი და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში);
ე) განმცხადებელი – განათლების სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირიж
ვ) საგრანტო პროექტი – საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ ცენტრში წარდგენილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია თემატური მიმართულებ(ებ)ის განხორციელების პირობები;
ზ) საგრანტო პერიოდი – გამარჯვებული საგრანტო პროექტის განხორციელების დროის მონაკვეთი, რომელიც გათვალისწინებულია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და საგრანტო ხელშეკრულებით;
თ) გრანტის მიმღები – საგრანტო კომისიის მიერ გამოვლენილი განმცხადებელი, რომლის მიერ წარდგენილმა საგრანტო პროექტმაც გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში და რომელთანაც გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება;
ი) საგრანტო კომისია – ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსის ორგანიზებულ მართვას, საგრანტო განაცხადების მიღებას, მათ განხილვას, გრანტის მიმღების გამოვლენას და საგრანტო კონკურსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას;
კ) საგრანტო ხელშეკრულება – ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გაცემის შესახებ;
ლ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგი;
მ) საგრანტო ანგარიში – საგრანტო პროექტის დასრულებამდე ან/და დასრულების შემდგომ, გრანტის მიმღების მხრიდან საგრანტო პროექტის განხორციელების შესახებ ცენტრში წარდგენილი წერილობითი ანგარიში, რომლის ფორმა/ფორმები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ნ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს გრანტის ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ცენტრს საგრანტო ანგარიშს;
ო) საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები – საგრანტო პროექტის შესაფასებლად საგრანტო კომისიისთვის განსაზღვრული, ამ ბრძანების მეორე მუხლით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები, შესაბამისი ქულების მითითებით;
პ) დამოუკიდებელი ექსპერტი – ფიზიკური პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში გააჩნია სპეციალური ცოდნა, ამ ცოდნის ფარგლებში აფასებს საგრანტო პროექტს და სამსახურებრივად არ არის დაკავშირებული ცენტრთან;
ჟ) ტექნიკური ხარვეზი – მექანიკური ხასიათის არაარსებითი შეცდომა, რომელიც დაშვებულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანის ან/და გაანგარიშების დროს, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა, რომლის გამოსწორება არ გამოიწვევს საგრანტო განაცხადის არსებით ცვლილებას საგრანტო კონკურსის პირობებთან მიმართებით;
რ) დღე – სამუშაო დღე.
2. ამ დებულებაში მითითებული სხვა ტერმინები და ცნებები, განიმარტება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვი