1. განცხადების მიღებისა და ამავე წესის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის ინსტრუმენტის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ 10 დღისა სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების ამ წესისა და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
2. განცხადების განხილვის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს განმცხადებლის (მისი წარმომადგენლის) იდენტიფიკაციას. სააგენტო, ასევე, უფლებამოსილია, შესაბამისი უწყებების მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები –
სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
ბ) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ მონაცემები –
სსიპ –
შემოსავლების სამსახურიდან.
3. სააგენტო შეაჩერებს განცხადების განხილვას და დაადგენს ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადას იმ შემთხვევაში, თუ:
ა) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ წესის 39-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა;
ბ) განცხადება და წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს;
გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმების დროს ვერ ხორციელდება პირის იდენტიფიკაცია ან საჭირო ინფორმაციის მოძიება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 დღეს. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი.
5. განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე. შეტყობინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია, გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასური. აღნიშნულ ვადაში მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუ განმცხადებელმა თანხა გადაიხადა სპეციალური ავტომატიზებული საგადახდო სისტემის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს სააგენტოსთვის გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ განმცხადებელს სააგენტო უწევს ამ წესის VII თავით განსაზღვრულ, ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურება