შეფასება
1. წინადადებების შეფასების კრიტერიუმებსა და წესებს განსაზღვრავს შესარჩევი კომისია, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შორის, წინადადებების შეფასების კრიტერიუმებად შეიძლება განისაზღვროს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ვადა, განსახორციელებელი კერძო დაფინანსების ოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ხარისხი ან/და სხვა კრიტერიუმები ან მათი კომბინაცია.
2. ტექნიკური წინადადების შეფასება უნდა მოიცავდეს შემდეგი მონაცემების შეფასებას (პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში):
ა) ტექნიკური სიმყარე (მდგრადობა);
ბ) გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობა;
გ) საოპერაციო მიზანშეწონილობა;
დ) მომსახურების ხარისხი და მისი შესაბამისობა პროექტის მოთხოვნებთან/სპეციფიკაციებთან/შედეგებთან და მათი განგრძობადობისთვის საჭირო ღონისძიებები;
ე) ტექნიკური წინადადების ურთიერთმიმართება ფინანსურ და სამართლებრივ წინადადებებთან.
3. ფინანსური წინადადების შეფასება უნდა მოიცავდეს შემდეგი მონაცემების შეფასებას (პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში):
ა) ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, გათვალისწინებული ანაზღაურება (ტარიფი/ მომსახურების ღირებულება /ფასი/ მოსაკრებელი);
ბ) უფლებამოსილი ორგანოს ან/და საჯარო პარტნიორის მიერ გადასახდელი თანხები (არსებობის შემთხვევაში);
გ) პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, წლიური ოპერირებისა და მოვლა/პატრონობის ხარჯები, კაპიტალური ხარჯები და ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები;
დ) სახელმწიფოსგან მოსალოდნელი ფინანსური მხარდაჭერის ფარგლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) მოგების განაწილებასთან დაკავშირებული გადასახდელი, რომლის ფარგლებშიც კერძო პარტნიორი უზრუნველყოფს სახელმწიფოსთვის გარკვეული საფასურის გადახდას, პროექტის განხორციელების უფლების მინიჭების სანაცვლოდ;
ვ) დროში დაგეგმვა, თანმიმდევრობა და ხელმისაწვდომობა;
ზ) ფინანსური წინადადების ურთიერთმიმართება ტექნიკურ და სამართლებრივ წინადადებებთან.
4. სამართლებრივი წინადადების შეფასება უნდა მოიცავდეს შემდეგი მონაცემების შეფასებას (პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში):
ა) შერჩევის პროცესში მონაწილეების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა/სამართლებრივი სტატუსი;
ბ) კერძო პარტნიორის დაგეგმილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
გ) პროექტის შედეგად მიღებული ინფრასტრუქტურის/მომსახურების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან;
დ) ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები (თუ ეს დაშვებულია წინადადებათა წარმოდგენაზე მიწვევის შესახებ დოკუმენტაციით);
ე) სამართლებრივი წინადადების ურთიერთმიმართება ტექნიკურ და ფინანსურ წინადადებებთან.
5. ამ მუხლის შესაბამისად, შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, შესარჩევი კომისია უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს დეტალურ შეფასების ანგარიშს ამ პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ კომპონენტთან მიმართებით და მათი გადაწყვეტილების დასაბუთება