1. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი შემოწმება ხორციელდება წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და საწაფს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაციის დონე საწაფის სუბიექტური, ობიექტური და ფუნქციონალური შემოწმების შემდეგ.
2. სააგენტო საწაფს აფასებს იმ საფრენოსნო პრაქტიკული სავარჯიშოების მიხედვით, რომლებშიც კანონმდებლობის შესაბამისად, საფრენოსნო ეკიპაჟი გადის სწავლებას და შემოწმებას.
3. სააგენტო ახორციელებს საწაფის ობიექტურ, სუბიექტურ და ფუნქციონალურ შემოწმებას საკვალიფიკაციო შეფასების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, აანალიზებს შემოწმების შედეგებს, რის შემდეგადაც ითანხმებს საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელოს (QTG) და გასცემს საკვალიფიკაციო ტესტის ძირითად სახელმძღვანელოს (MQTG).
4. იმ შემთხვევაში, თუ საწაფის სერტიფიკატის მაძიებლის ან მფლობელის ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, საწაფის სერტიფიკატის მაძიებელი ან მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს შემოწმების ჩასატარებლად საჭირო ხარჯები, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად.
5. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი შემოწმებისას, სააგენტო ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს დაგეგმილი სამუშაოების სრულფასოვნად შესრულებას და პერსონალის უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება დადგენილია დოკუმენტალურად;
ბ) განმცხადებელი ორგანიზაცია დაკომპლექტებულია შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების იმ რაოდენობით, რაც უზრუნველყოფს მათი ფუნქციების სათანადო დონეზე შესრულებას;
გ) სპეციალისტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აკმაყოფილებენ ამ წესის და მართვის სისტემის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს;
დ) განმცხადების მართვის სისტემის სახელმძღვანელო, მათ შორის ინსტრუქციები, შეესაბამება ამ წესის მოთხოვნებს;
ე) განმცხადებელი უზრუნველყოფს მართვის სისტემის სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესრულებასა და დაცვას.
6. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი შემოწმებისას განცხადებლის მიერ უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელოში (QTG) გაწერილი მოთხოვნების შესრულების დემონსტრირება.
7. სააგენტო ამტკიცებს საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელოს (QTG) საწაფის პირველადი შეფასებისას, ან მას შემდეგ, რაც გამოსწორდება საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელოში (QTG) არსებული ყველა შეუსაბამობა. პირველადი შეფასების შედეგების გათვალისწინებით შესწორებული საკვალიფიკაციო ტესტის სახელმძღვანელო (QTG) წარმოადგენს საკვალიფიკაციო ტესტის ძირითად სახელმძღვანელოს (MQTG), რომლის საფუძველზეც ტარდება საწაფის საკვალიფიკაციო და შემდგომი პერიოდული შეფასებები.
8. განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი შემოწმებისას აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სააგენტო აცნობებს განმცხადებელს ნაკლოვანებების შესახებ და აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნაკლოვანებების გამოსწორების გრაფიკი, რომლის ვადებიც უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ გამოასწორებს ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზეც წერილობით ატყობინებს განმცხადებელს, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაშ