1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სათანადო და ეფექტური საშუალებები არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა დაცული იქნეს ამ დირექტივის დებულებები მომხმარებელთა ინტერესების სასარგებლოდ.

ამგვარი საშუალებები მოიცავს სამართლებრივ დებულებებს, რომელთა თანახმად ფიზიკურ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით აქვთ კანონიერი ინტერესი, ებრძოლონ არაკეთილსინდისიერ კომერციულ პრაქტიკას, მათ შორის, კონკურენტებსაც, შეუძლიათ:

შეიტანონ სარჩელი ამგვარი არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის წინააღმდეგ; ან/და

ამგვარი არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკა გაასაჩივრონ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს საჩივრები ან დაიწყოს შესაბამისი სამართალწარმოება.

თითოეული წევრი სახელმწიფო წყვეტს, ამ საშუალებებიდან რომელი იყოს ხელმისაწვდომი და მიეცეს თუ არა სასამართლოებს ან ადმინისტრაციულ ორგანოებს უფლებამოსილება, მოითხოვონ, რომ ჯერ გამოყენებულ იქნეს საჩივრების განხილვის სხვა დადგენილი საშუალებები, მათ შორის, მე-10 მუხლში მითითებული საშუალებებიც. აღნიშნული საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მიუხედავად იმისა, სად იმყოფება დაზარალებული მომხმარებელი, წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოვაჭრე მდებარეობს, თუ სხვა წევრ სახელმწიფოში.

თითოეული წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია:

ცალ-ცალკე იქნეს ეს სამართლებრივი საშუალებები მიმართული ერთ ეკონომიკურ სექტორში მოქმედი რამდენიმე მოვაჭრის წინააღმდეგ, თუ ერთობლივად;

უნდა იქნეს თუ არა მიმართული ეს სამართლებრივი საშუალებები კოდექსის ავტორის წინააღმდეგ, როდესაც შესაბამისი კოდექსი შეუსაბამობაშია სამართლებრივ მოთხოვნებთან.

2. 1-ელ პუნქტში მითითებული სამართლებრივი დებულებების თანახმად, წევრი სახელმწიფოები სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს ანიჭებენ შემდეგ უფლებამოსილებებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, ყველა არსებული ინტერესის, კერძოდ კი, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როდესაც ამის საჭიროებას დაინახავენ:

გასცენ არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის შეწყვეტის ბრძანება ან დაიწყონ შესაბამისი სამართალწარმოება არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის შეწყვეტის ბრძანების გასაცემად;

თუ არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკა ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ გარდაუვალია, გასცენ პრაქტიკის აკრძალვის ბრძანება ან დაიწყონ შესაბამისი სამართალწარმოება პრაქტიკის აკრძალვის ბრძანების გასაცემად,იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არსებობს რეალური ზარალის ან ზიანის, ან მოვაჭრის მხრიდან ამგვარი განზრახვის ქონის ან დაუდევრობის მტკიცებულება.

წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა შეიმუშავონ დებულება, რათა პირველ აბზაცში მითითებული ზომები მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით:

ან დროებითი შედეგით,ან განსაზღვრული შედეგით,იმ პირობით, რომ თითოეული წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს, ამ ორი ვარიანტიდან რომელი შეარჩიოს.

ამასთანავე, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სასამართლოებს ან ადმინისტრაციულ ორგანოებს მიანიჭონ შემდეგი უფლებამოსილებები იმ არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის განგრძობადი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომლის შეწყვეტის ბრძანებას შეიცავს საბოლოო გადაწყვეტილება:

აღნიშნული გადაწყვეტილების მთლიანად ან ნაწილობრივ და სათანადო ფორმით გამოქვეყნების მოთხოვნა;

ამასთან ერთად, შესწორების შემტანი განცხადების გამოქვეყნების მოთხოვნა.

3. 1-ელ პუნქტში მითითებული ადმინისტრაციული ორგანოები:

ისე უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომ მათი მიუკერძოებლობა ეჭვს არ იწვევდეს;

უნდა ჰქონდეთ შესაბამისი უფლებამოსილება, საჩივრებზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გააკონტროლონ და უზრუნველყონ მათი გადაწყვეტილებების ეფექტიანად შესრულება;

დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებები.

იმ შემთხვევაში, თუ მე-2 პუნქტში მითითებული უფლებამოსილება ხორციელდება უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მისი გადაწყვეტილებები ყოველთვის უნდა იქნეს დასაბუთებული. ამასთანავე, ამ შემთხვევაში, უნდა დაწესდეს პროცედურები, რომელთა მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების არასწორი ან უმართებულო გამოყენება ან აღნიშნული უფლებამოსილების არასწორი ან უმართებულო გამოუყენებლობა შეიძლება დაექვემდებაროს სასამართლო განხილვა