1. უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონებად.

2. ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამის ზოგადუფლებრივი ზონირების რუკაში.

3. განაშენიანების რეგულირების გეგმაში, დაგეგმვის საჭიროებიდან გამომდინარე, თითოეული ზონისთვის შესაძლებელია გამოიყოს ქვეზონები: ქვეცენტრი, კარკასი, კარკასთშორისი ტერიტორიები.

4. ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონების რეგლამენტები დგინდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ზუსტდება განაშენიანების რეგულირების გეგმით.

5. თუ მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტი ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონის მოქმედების არეალში, მაშინ მისი სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტების განსაზღვრისას ან/და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისას გადამწყვეტია ის მოთხოვნები, რომლებიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.

6. ქ. თბილისის ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების ძირითადი პრინციპია პოლიცენტრული განვითარება, რაც ქალაქის სტრუქტურის დეცენტრალიზაციასა და მისი სხეულის შიგნით ერთიანი სისტემით გაერთიანებული მრავალი ცენტრის განვითარებას გულისხმობს.

7. პოლიცენტრული განვითარება ხელს უწყობს ქალაქის ინკლუზიურობას და მოქალაქეთა თანაბარ წვდომას საქალაქო რესურსებზე, ასევე ამცირებს სატრანსპორტო დატვირთვებს ქალაქის ქსელზე და აუმჯობესებს გარემოსდაცვით პირობებს