1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Public Service Development Agency“.
3. სააგენტო დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებს და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭდები, აგრეთვე იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №67ა.