1. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტურობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და განხორციელების ხელშეწყობა; ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;
გ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;
ე) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების და გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;
ვ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა; სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა; სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია;
ზ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა;
თ) საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, მათი საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;
ი) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, სტატუსის გაუქმება, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე ცნობის გაცემა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა მონაცემების წარმოება (რეესტრის ფორმირება და მასში ცვლილებათა ასახვა);
კ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ლ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;
მ) კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების საფუძველზე ფორმირების ხელშეწყობა;
ნ) პირადობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის, ბინადრობის მოწმობებისა და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა;
ო) გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა; პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება;
პ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა;
ჟ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა; ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება, პასპორტის დამზადება და მფლობელისათვის გადაცემა;
რ) „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების გაწევა და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების შექმნა; კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა;
ს) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ მომსახურება (ადგილზე მომსახურება);
ტ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა/დადასტურება;
უ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ფ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა;
ქ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;
ღ) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; უფლებამოსილების ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ყ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემა;
შ) მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნა და ადმინისტრირება;
ჩ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;
ც) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;
ძ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;
წ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში, სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მომართვის საფუძველზე სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) მიწოდება ან აღნიშნული დოკუმენტის (ინფორმაციის) უცხო ქვეყნიდან გამოთხოვა;
ჭ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
ხ) სააგენტოს შექმნამდე სამინისტროს სისტემაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება და გაცემა;
ჯ) სააგენტოს მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.